არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, რომ ყველაფერზე არ ვინერვიულო?

როგორ მოვიქცე, რომ ყველაფერზე არ ვინერვიულო?

 რა გიკარგავს მოსვენებას?

 ზოგჯერ შენც იმ ახალგაზრდებივით ხომ არ გრძნობ თავს, რომელთა სიტყვებიც ქვემოთაა მოყვანილი?

 „სულ მეფიქრება: რა მოხდება, თუ . . ? რა მოხდება, თუ ავარიაში მოვყვებით? რა მოხდება, თუ თვითმფრინავი, რომლითაც ვმგზავრობთ, ჩამოვარდება? ისეთ რამეებზე ვნერვიულობ, რაზეც გაწონასწორებული ადამიანი ჩემსავით ნამდვილად არ ინერვიულებდა“ (ჩარლზი).

 „სულ რაღაცაზე ვშფოთავ. ჩემი თავი პატარა ზაზუნას მახსენებს, რომელიც სარბენ ბორბალზე გიჟივით დარბის, მაგრამ სინამდვილეში ერთ ადგილას რჩება. რას აღარ ვაკეთებ, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს“ (ანა).

 „როცა მეუბნებიან, რა ბედნიერი ხარ, ჯერ კიდევ სკოლაში რომ დადიხარო, ჩემთვის ვფიქრობ, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რამხელა სტრესი მაქვს სკოლაში“ (დანიელი).

 „სულ დაძაბული ვარ. ყოველთვის მეფიქრება, როგორ განვითარდება მოვლენები ან როგორ გავართმევ თავს იმას, რაც გასაკეთებელი მაქვს“ (ლორა).

 რეალობა: ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ამის გამო ახალგაზრდებმაც შეიძლება ისევე დაკარგონ სიმშვიდე, როგორც უფროსი ასაკის ადამიანებმა.

 ყოველთვის საზიანოა წუხილი?

 რა თქმა უნდა, არა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კარგია, თუ გვაღელვებს ჩვენთვის საყვარელი ადამიანები (1 კორინთელები 7:32—34; 2 კორინთელები 11:28).

 ისიც აღსანიშნავია, რომ როცა რაღაცაზე ვღელავთ, ეს ერთგვარი აღმძვრელი ძალაა. დავუშვათ შემდეგ კვირას გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი. თუ ეს გაღელვებს, ალბათ, დაჯდები და ამ კვირაშივე კარგად მოემზადები, რის შედეგადაც შესაძლოა კარგი ნიშანი მიიღო!

 გარდა ამისა, როცა რაღაცაზე წუხარ, ამან შეიძლება საფრთხისგანაც დაგიცვას. ერთი მოზარდი, სახელად სერენა, ამბობს: „შესაძლოა აცნობიერებ, რომ არასწორ გზას ადგები და გესმის, რომ თუ რამეს არ შეცვლი, სინდისი მოსვენებას არ მოგცემს“ (შეადარე იაკობის 5:14).

 რეალობა: თუ ზომიერად წუხხარ რაღაცაზე, ამან შეიძლება კარგი სამსახური გაგიწიოს ანუ სწორად მოქცევისკენ გიბიძგოს.

 მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ იმდენად წუხხარ, რომ უარყოფითი ფიქრების მორევში იძირები?

როცა სანერვიულო გაქვს, შეიძლება გეგონოს, რომ ლაბირინთში აღმოჩნდი; ამ დროს მას, ვინც სხვა თვალით უყურებს სიტუაციას, შეუძლია ლაბირინთიდან გამოგიყვანოს

 ტიპიური მაგალითი: „როცა ვფიქრობ, რა შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა სტრესულ სიტუაციას, მაშინვე ნერვიულობას ვიწყებ, — ამბობს 19 წლის რიჩარდი. — გონებაში სულ ეს მიტრიალებს და იმდენს ვფიქრობ ამაზე, რომ ნერვიულობისგან ლამის ჭკუიდან გადავდგე“.

 ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30). მეორე მხრივ, მეტისმეტმა წუხილმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი და გულის ფრიალი.

 როგორ უნდა მოიქცე, თუ ხედავ, რომ რაღაცაზე წუხილი დადებითად კი არა, უარყოფითად აისახება შენზე?

 როგორ უნდა მოიქცე?

  •   დაფიქრდი, ნამდვილად გაქვს თუ არა წუხილის მიზეზი. „ერთია, როცა გაღელვებს, თუ როგორ გაართმევ თავს შენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და მეორეა, როცა მეტისმეტად ნერვიულობ რამეზე. წუხილი სარბენ ბილიკზე სიარულს ჰგავს. ამ დროს კი მოძრაობ, მაგრამ სინამდვილეში ერთ ადგილზე ხარ“ (ქეთრინი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27).

     რას ვსწავლობთ: წუხილი გამოსავალს კი არ გაპოვნინებს, არამედ უფრო მეტ თავსატეხს გაგიჩენს ანუ თავად გექცევა პრობლემად.

  •   ნუ იფიქრებ ხვალინდელზე. „კარგად დაფიქრდი. ხვალ, ერთი თვის, ერთი წლის ან თუნდაც ხუთი წლის შემდეგ ისეთივე დიდი მნიშვნელობა ექნება შენთვის იმას, რაზეც დღეს დარდობ?“ (ენტონი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

     რას ვსწავლობთ: აზრი არა აქვს ხვალინდელ პრობლემებზე ნერვიულობას, რადგან ზოგიერთი რამ, რაზეც ნერვიულობ, შესაძლოა არც არასდროს მოხდეს.

  •   ისწავლე, შეეგუო იმას, რასაც ვერ შეცვლი. „შენი მხრიდან ყველაფერი გააკეთე, რომ კარგად მოემზადო სხვადასხვა სიტუაციისთვის, მაგრამ არც ის გამოგრჩეს მხედველობიდან, რომ ზოგ სიტუაციას ვერ გააკონტროლებ“ (რობერტი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში ... არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

     რას ვსწავლობთ: ზოგი სიტუაცია შესაძლოა ვერ შეცვალო, მაგრამ შეგიძლია დამოკიდებულება შეიცვალო.

  •   შეეცადე, სიტუაცია ობიექტურად შეაფასო. „ვხვდები, რომ ჯობს, მთლიანი სურათი დავინახო, ვიდრე ცალკეულ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება. უმჯობესია, სწორი პრიორიტეტები დავადგინო და ჩემი ენერგია იმაში დავხარჯო, რაც უფრო მნიშვნელოვანია“ (ალექსისი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

     რას ვსწავლობთ: ის ადამიანები, რომლებიც სწორად ადგენენ პრიორიტეტებს და ობიექტურად აფასებენ თავიანთ მდგომარეობას, ნაკლები ალბათობაა, რომ დარდმა შთანთქას.

  •   დაელაპარაკე ვინმეს. „მეექვსე კლასში რომ ვიყავი, სკოლიდან სახლში ძალიან ცუდ ხასიათზე მოვდიოდი, რადგან მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ მეორე დღეს ისევ სკოლაში უნდა წავსულიყავი. მშობლები გულისყურით მისმენდნენ, როცა ამის შესახებ ველაპარაკებოდი. რა ბედნიერებაა, რომ გვერდში მყავდნენ! მე ვენდობოდი მათ და თავისუფლად ვუშლიდი გულს. ეს მომდევნო დღისთვის მამზადებდა და ძალებს მმატებდა“ (მერლინი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავები 12:25).

     რას ვსწავლობთ: მშობლებმა ან მეგობრებმა შეიძლება პრაქტიკული რჩევა მოგცენ, რაც დაგეხმარება, ზედმეტად არ ინერვიულო.

  •   ილოცე. „ლოცვა ნამდვილად დიდ დახმარებას მიწევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხმამაღლა ვლოცულობ და ჩემი ხმა მესმის. ამ დროს შემიძლია ჩემი საწუხარი სიტყვებით გადმოვცე და სულ გონებაში არ ვატრიალო. ეს აგრეთვე მეხმარება, გავაცნობიერო, რომ იეჰოვას შეუძლია დარდი გამიქარვოს“ (ლორა).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

     რას ვსწავლობთ: ლოცვა უბრალოდ ფსიქოლოგიურად არ გეხმარება პრობლემების დროს; ლოცვის დროს ურთიერთობა გაქვს იეჰოვასთან, ღმერთთან, რომელიც გპირდება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ ... მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ესაია 41:10).