არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

უნდა დავშორდეთ ერთმანეთს? (ნაწილი 1)

უნდა დავშორდეთ ერთმანეთს? (ნაწილი 1)

 ზოგჯერ გონივრულია და კარგიცაა დაშორება. აი, რას გვიყვება ერთი ახალგაზრდა, ჯილი: „თავიდან მსიამოვნებდა, როცა ჩემი შეყვარებული გამუდმებით ინტერესდებოდა, რას ვაკეთებდი და ვისთან ერთად ვიყავი. მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ არავისთან მაძლევდა ურთიერთობის საშუალებას, მხოლოდ და მხოლოდ მასთან უნდა ვყოფილიყავი. იგი მაშინაც კი ეჭვიანობდა, როცა ჩემი ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით მამაჩემთან, ერთად ვატარებდი დროს. როცა მას დავშორდი, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოვიხსენი მხრებიდან“.

 სარასაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. მან შეამჩნია, რომ მისი შეყვარებული, ჯონი, ძალიან მომთხოვნი, ცინიკოსი და უხეში იყო. სარა იხსენებს: «ერთხელ ჯონს ველოდებოდი. მან სამი საათი დააგვიანა. ის არც კი მიესალმა დედაჩემს, როცა მან კარი გაუღო და თქვა: „წავიდეთ! გვაგვიანდება!“ იმის მაგივრად რომ ეთქვა: „დავაგვიანე“, თქვა „გვაგვიანდება“. მას ბოდიში უნდა მოეხადა და აეხსნა დაგვიანების მიზეზი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედაჩემისთვის მაინც ხომ უნდა ეცა პატივი!».

 რასაკვირველია, ერთი პატარა გაუგებრობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ურთიერთობა განწირულია (ფსალმუნი 130:3). მაგრამ როცა სარა მიხვდა, რომ ჯონს ეს ერთხელ კი არ მოუვიდა, არამედ სიუხეშე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, გადაწყვიტა, დაშორებოდა.

 რას გააკეთებ, თუ ჯილისა და სარას მსგავსად დაინახავ, რომ მას, ვისაც ხვდები, ვერ გაგიწევს კარგ მეგზურობას? ამაზე თვალს ნუ დახუჭავ! დაშორება შესაძლოა გაგიჭირდეს, მაგრამ ეს შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს. იგავების 22:3-ში წერია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“.

 მართალია, შეყვარებულთან დაშორება არ არის ადვილი, მაგრამ ქორწინება მუდმივი კავშირია. უმჯობესია, მცირე ხნით იგრძნო ტკივილი, ვიდრე მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს შენი არჩევანი.