არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა მოხდება, თუ დავლევ?

რა მოხდება, თუ დავლევ?

 ბიბლია არ კრძალავს ალკოჰოლის ზომიერად დალევას, როცა ეს კანონით დაშვებულია. თუმცა ის კრძალავს ლოთობას (ფსალმუნი 104:15; 1 კორინთელები 6:10).

 როგორ მოიქცევი მაშინ, როცა დალევას გაძალებენ, ამის უფლებას კი კანონი ან მშობლები არ გაძლევენ?

 იფიქრე შედეგებზე

 შესაძლოა ზოგიერთი შენი თანატოლი ფიქრობს, რომ ალკოჰოლის გარეშე კარგ დროს ვერ გაატარებს. მაგრამ დაფიქრდი, რა შეიძლება მოხდეს, თუ დალევ?

  •  კანონის დარღვევა. თუ ალკოჰოლს მაშინ დალევ, როცა ეს კანონით აკრძალულია, ამას შეიძლება მოჰყვეს დაჯარიმება, ბრალის წაყენება, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ან დაპატიმრება (რომაელები 13:3).

  •  რეპუტაციის შელახვა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს უჭირს თავშეკავების გამოვლენა. ამ დროს შეიძლება ისეთი რამ თქვა ან გააკეთო, რასაც მოგვიანებით ინანებ (იგავები 23:31—33). დღეს, სოციალური მედიის ეპოქაში, ადვილად შეიძლება შეგელახოს რეპუტაცია შენივე საქციელის გამო.

  •  თავდაცვის უნარის დაქვეითება. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შესაძლოა ადვილად გახდე ფიზიკური ან სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი. ნასვამ მდგომარეობაში იოლად მოექცევი სხვების გავლენაში. მათ შეუძლიათ უკანონობა ჩაგადენინონ ან სარისკო საქმეში ჩაგითრიონ.

  •  ალკოჰოლზე დამოკიდებულება. როგორც კვლევები ცხადყოფს, ადრეულ ასაკში სმის დაწყება ზრდის იმის ალბათობას, რომ ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდება. ადამიანი, რომელიც მარტოობისა თუ სტრესისგან თავის დასაღწევად ან უბრალოდ დროის გასაყვანად სვამს, მავნე ჩვევის ტყვეობაში მოექცევა, მისგან თავის დახსნა კი უფრო და უფრო გაუჭირდება.

  •  სიკვდილი. არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის განმავლობაში ყოველ 52 წუთში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი კვდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ავტომობილს ნასვამი მძღოლები მართავდნენ. ამ მიზეზით გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ყოველ წელს ხუთი წლის განმავლობაში 21 წლამდე ასაკის 1500-ზე მეტი ახალგაზრდა იღუპებოდა. გახსოვდეს, მაშინაც კი, თუ შენ ფხიზელ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ნასვამს უჯდები მანქანაში, თავს საფრთხეში იგდებ.

 მიიღე გადაწყვეტილება

 თუ წინასწარ გექნება გადაწყვეტილი, რომ არ დალევ ალკოჰოლს მაშინ, როცა ეს მართებული არ არის, თავიდან აირიდებ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მწარე შედეგებს.

 ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). არაგონივრულია ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ან ნებისმიერი საქმის შესრულება, რაც მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს.

 ჩემი გადაწყვეტილება: ალკოჰოლს იმ შემთხვევაში დავლევ, თუ ეს კანონით ნებადართულია და თუ ამას ცუდი არაფერი მოჰყვება.

 ბიბლიური პრინციპი: „ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ“ (რომაელები 6:16). თუ მხოლოდ იმიტომ სვამ, რომ შენი თანატოლები სვამენ, ამით მათ აძლევ უფლებას, გმართონ. გარდა ამისა, თუ სტრესისგან თავის დასაღწევად ან უბრალოდ დროის გასაყვანად სვამ, იცოდე, რომ ვერასდროს ისწავლი პრობლემებთან გამკლავებას.

 ჩემი გადაწყვეტილება: თანატოლებმა დალევა რომც დამაძალონ, მაინც არ დავლევ.

 ბიბლიური პრინციპი: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20). დაფიქრდი, ხომ არ ურთიერთობ ცუდ საზოგადოებასთან, რომლის გავლენაშიც ადვილად მოექცევი? თავს საფრთხეში ჩაიგდებ, თუ მათთან იმეგობრებ, ვინც ალკოჰოლს ბოროტად იყენებს.

 ჩემი გადაწყვეტილება: არ ვიმეგობრებ მათთან, ვინც ალკოჰოლს ბოროტად იყენებს.