არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვიკვებო სწორად და ჯანსაღად?

როგორ ვიკვებო სწორად და ჯანსაღად?

 ალბათ იცი, რომ არასწორი და არაჯანსაღი კვება ჯანმრთელობას ვნებს. როგორც წესი, ის მოზარდები, რომლებიც მიჩვეულნი არიან არაჯანსაღ კვებას, ამ მავნე ჩვევას ზრდასრულობის ასაკშიც არ ღალატობენ. ამიტომ გონივრული იქნება, თავიდანვე მიეჩვიო სწორ კვებას.

 რა იგულისხმება სწორ და დაბალანსებულ კვებაში?

 ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ ზომიერები. ეს რჩევა კვების ჩვევებსაც ეხება (1 ტიმოთე 3:11). ამიტომ, კარგია, თუ ყოველთვის გვემახსოვრება შემდეგი ...

  •   დაბალანსებული კვება მოიცავს საკვები პროდუქტების ყველა ჯგუფის მიღებას. არსებობს საკვები პროდუქტების ხუთი ჯგუფი: რძის პროდუქტები, ცილები, ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ზოგი საერთოდ უარს ამბობს ამ ჯგუფებიდან ერთზე ან ორზე, რადგან ფიქრობს, რომ ასე უკეთ დაიკლებს წონაში. მაგრამ ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა სხეული საჭირო ნივთიერებების გარეშე დატოვოს.

     ეცადე, ასე მოიქცე: თავად გამოიკვლიე ან ექიმთან გაიარე კონსულტაცია, რათა გაიგო, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ საკვების მიღება. მაგალითად:

     ნახშირწყლები ენერგიას მატებს ორგანიზმს. ცილები თქვენს სხეულს ეხმარება, უკეთ გაუმკლავდეს ინფექციებს და აღიდგინოს დაზიანებული ქსოვილები. ცხიმის ზოგიერთი სახეობის ზომიერი მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ამაღლებს გუნება-განწყობილებას.

     „ვცდილობ, კვების რაციონში საკვები პროდუქტების ყველა ჯგუფი შევიყვანო; თუმცა არა მგონია, რომ ათასში ერთხელ ტკბილეულისა თუ სწრაფი კვების პროდუქტების ჭამა დიდი შეცდომა იყოს. ზომიერება ყველაფერში კარგია“ (ბრენდა).

    საკვებს, რომელსაც არ გააჩნია საჭირო ვიტამინები, ჰგავს სკამს, რომელსაც ერთი ფეხი აკლია

  •   დაბალანსებული კვება გამორიცხავს უკიდურესობებს. არ არის კარგი, თუ არასაკმარისად იკვებები, დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ ერთ ჯერზე მიიღებ ძალიან ბევრ საკვებს ან საერთოდ აუკრძალავ საკუთარ თავს საყვარელ საჭმელს.

     ეცადე, ასე მოიქცე: ერთი თვის განმავლობაში ყურადღება მიაქციე, რას ჭამ. დააკვირდი, რამდენად ხშირად აღმოჩნდები წინა აბზაცში მოცემულ უკიდურესობებში. რა ცვლილებები შეგიძლია შეიტანო კვების რაციონში, რომ დაბალანსებულად იკვებო?

     „ხშირად უკიდურესობებში ვვარდებოდი. იყო პერიოდი, როცა მთელი დღის შიმშილის შემდეგ, ერთ ჯერზე მაღალკალორიული საკვების ძალიან დიდ პორციას ვიღებდი, ან ძალიან დაბალკალორიულ საკვებს ვჭამდი. ბოლოს გადავწყვიტე, აღარ დამეთვალა კალორიები. ვცდილობდი, მაშინვე შემეწყვიტა ჭამა, როგორც კი დავნაყრდებოდი. ამ ყველაფრის სასწავლად დრო დამჭირდა, მაგრამ ახლა უკვე სწორად ვიკვებები“ (ჰეილი).

 როგორ შეგიძლია განივითარო სწორი კვების ჩვევა?

  •   წინასწარ იფიქრე. ბიბლია ამბობს: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). იმისათვის რომ სწორი კვების ჩვევა განივითარო, საჭიროა წინასწარ იფიქრო, რას შეჭამ.

     „თუ გინდა, რომ სწორად და ჯანსაღად იკვებო, წინასწარ უნდა დაგეგმო, რას შეჭამ; ჯანსაღად რომ იკვებო, ხშირად საკვები სახლში უნდა მოამზადო. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს და ეს ყველაფერი ფულსაც დაგაზოგინებს“ (ტომასი).

  •   არაჯანსაღი საკვები ჩაანაცვლე ჯანსაღი საკვებით. ბიბლია ამბობს: „შეინარჩუნე სიბრძნე და ჭკუა“ (იგავები 3:21). სიბრძნე დაგეხმარება, მონახო რაიმე კრეატიული გზები საიმისოდ, რომ საკუთარი თავი მიაჩვიო ჯანსაღ კვებას.

     „ყოველდღე ვცდილობდი, არაჯანსაღი საკვებიდან ერთ-ერთი მაინც ჯანსაღით ჩამენაცვლებინა. მაგალითად, დესერტად შოკოლადის ნაცვლად ვაშლს მივირთმევდი ხოლმე. სხვათა შორის, მალევე მივეჩვიე სწორ კვებას“ (კია).

  •   გქონდეს რეალური მოლოდინი. ბიბლია ამბობს: „სიხარულით ჭამე პური“ (ეკლესიასტე 9:7). სწორი და ჯანსაღი კვება არ უნდა ასოცირდებოდეს კვების უხალისო რეჟიმთან; ამან სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოს. არც ის არის აუცილებელი, რომ ყოველი ლუკმა ვაკონტროლოთ. მაშინაც კი თუ წონაში დაკლებას საჭიროებ, გახსოვდეს, რომ შენი უმთავრესი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. გქონდეს რეალური მოლოდინი.

     „ბოლო პერიოდში 14 კილო დავიკელი. მთელი ამ დროის მანძილზე არც მიშიმშილია, არც საკვები პროდუქტების რომელიმე ჯგუფზე მითქვამს უარი და არც საყვარელ სასუსნავზე. მესმოდა, რომ წონას ერთ დღეში ვერ დავიკლებდი. უნდა შემეცვალა საკვებისადმი დამოკიდებულება და სწორი კვების ჩვევა ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო“ (მელანი).