არჩეულ მასალაზე გადასვლა

მშობლები გართობის უფლებას არ მაძლევენ

მშობლები გართობის უფლებას არ მაძლევენ

წარმოიდგინე შემდეგი სიტუაცია:

მეგობრებთან ერთად ფართიზე წასვლა გინდა, მაგრამ დარწმუნებული არა ხარ, რას გეტყვიან მშობლები. როგორ მოიქცევი?

  1.  მშობლების დაუკითხავად წავალ

  2.  არც მშობლებს ვკითხავ და არც წავალ

  3.  ვკითხავ მშობლებს და ვნახავ, რას მეტყვიან

 1. მშობლების დაუკითხავად წავალ

 რატომ შეიძლება იფიქრო ასე: გინდა აჩვენო შენს მეგობრებს, რომ დამოუკიდებელი ხარ. გგონია, რომ ყველაფერი შენს მშობლებზე უკეთ იცი, ან მაინცდამაინც არ აფასებ მათ აზრს (იგავები 14:18).

 შედეგი: შეიძლება შენს მეგობრებს თავი მოაწონო, მაგრამ ისინი იმასაც გაიგებენ, რომ ეშმაკობა გიყვარს. თუ მშობლებს არ ეუბნები სიმართლეს, მეგობრებსაც ადვილად მოატყუებ. როცა მშობლები გაიგებენ, რომ მათ დაუკითხავად წახვედი, თავს მოტყუებულად იგრძნობენ და გული ეტკინებათ, შენ კი დასჯა არ აგცდება. მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა და მათ დაუკითხავად სადმე წასვლა არაგონივრული არჩევანია (იგავები 12:15).

 2. არც მშობლებს ვკითხავ და არც წავალ

 რატომ შეიძლება იფიქრო ასე: შენი აზრით, სიტუაცია იქ, სადაც შენ დაგპატიჟეს, შენთვის მისაღები არ იქნება და არც დაპატიჟებულთა შორის ზოგიერთთან ურთიერთობა იმოქმედებს შენზე კარგად (1 კორინთელები 15:33; ფილიპელები 4:8). ან შეიძლება გინდა წასვლა, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნის მშობლებისგან ნებართვის ასაღებად.

 შედეგი: თუკი გესმის, რომ ეს არასწორია და იმიტომ არ მიდიხარ, უფრო დამაჯერებლად შეძლებ შენი მეგობრებისთვის უარის თქმას. მაგრამ, თუ იმიტომ არ მიდიხარ, რომ სითამამე არ გყოფნის მშობლებისთვის ნებართვის სათხოვნელად, მოგიწევს სახლში ცხვირჩამოშვებული ჯდომა და იმაზე ფიქრი, რომ შენ გარდა ყველა ერთობა.

 3. ვკითხავ მშობლებს და ვნახავ, რას მეტყვიან

 რატომ შეიძლება იფიქრო ასე: შენ აღიარებ მშობლების უფლებებს და პატივს სცემ მათ აზრს (კოლოსელები 3:20). გიყვარს შენი მშობლები, არ გინდა მათ დაუკითხავად იმოქმედო და გული ატკინო (იგავები 10:1). გარდა ამისა, შენ აკრძალული არა გაქვს, უთხრა მათ ის, რისი თქმაც გინდა.

 შედეგი: მშობლები იგრძნობენ, რომ გიყვარს და პატივს სცემ მათ. თუ ისინი შენს თხოვნას გონივრულად ჩათვლიან, წასვლის უფლებასაც მოგცემენ.

რატომ ამბობენ მშობლები უარს

მაშველების მსგავსად, შენი მშობლები უკეთ ხედავენ მოსალოდნელ საფრთხეს.

 იმის ნათელსაყოფად თუ რატომ გეუბნებიან მშობლები უარს, მოდი ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: შენი ნება რომ იყოს, ალბათ იმ პლაჟზე იბანავებდი, რომელსაც მაშველები აკონტროლებენ. რატომ? წყალში ნებივრობისას ყურადღებას ადუნებ და საფრთხეს ისე ვეღარ ამჩნევ. მაგრამ მაშველი თავისი სათვალთვალო პუნქტიდან უკეთესად ხედავს საფრთხეს. მსგავსადვე, შენს მშობლებს მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ამიტომ ისინი ხედავენ იმ საფრთხეს, რომელსაც შენ ვერ ხედავ. მაშველების მსგავსად, შენი მშობლების მიზანი ის კი არ არის, რომ სიამოვნება ჩაგიშხამონ, არამედ აგარიდონ საშიშროებებს, რომლებიც შეიძლება ძვირად დაგიჯდეს.

 არსებობს კიდევ სხვა მიზეზიც: შენი მშობლებისთვის შენი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ სიყვარული აღძრავთ, რომ ზოგჯერ რაღაცის ნება დაგრთონ, ზოგჯერ კი — არა. როცა მათ რაიმეს სთხოვ, ისინი საკუთარ თავს ეკითხებიან, შეუძლიათ თუ არა ამის უფლება მოგცენ და შედეგებზე პასუხი თვითონ აგონ. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებენ შენს თხოვნას, თუ დარწმუნდებიან, რომ საფრთხე არ გემუქრება.

რა უნდა გაითვალისწინო, რომ მშობლები დაგთანხმდნენ?

როგორ შეგიძლია მოიქცე?

 იყავი გულწრფელი: პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა იყო გულწრფელი. დაფიქრდი: „სინამდვილეში რატომ მინდა წასვლა, იმიტომ, რომ მსიამოვნებს ასეთი სახის გართობა, თუ იმიტომ, რომ არ მინდა თანატოლებისგან განსხვავებული ვიყო? ან იქნებ იმიტომ მინდა წასვლა, რომ იქ შევხვდები მას, ვინც მომწონს?“ იყავი გულწრფელი მშობლებთანაც. ერთ დროს ისინიც იყვნენ ახალგაზრდები და შენც კარგად გიცნობენ. ასე რომ, მშობლები როგორღაც მაინც მიგიხვდებიან გულის ზრახვებს. ისინი დააფასებენ შენს გულწრფელობას, შენ კი ბევრ რამეს ისწავლი მათი გამოცდილებიდან (იგავები 7:1, 2). მეორე მხრივ, როცა გულწრფელი არა ხარ, კარგავ მშობლების ნდობას და იმის შესაძლებლობაც მცირდება, რომ მათგან თანხმობა მიიღო.

 შეარჩიე შესაფერისი დრო: ნუ აიკლებ მშობლებს ხვეწნა-მუდარით, როცა ისინი სამუშაოდან ახალი მოსულები არიან, ან რაიმე საქმით არიან დაკავებულნი. საუბრისთვის უფრო ხელსაყრელი დრო შეარჩიე. თუმცა ნურც ბოლო წუთამდე გადადებ მათთან საუბარს და ნურც სწრაფად მოსთხოვ პასუხის გაცემას. შენს მშობლებს არ ენდომებათ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება.

 გასაგებად აუხსენი: ნუ დაუმალავ მშობლებს იმას, რისი გაკეთებაც გინდა; ყველაფერი დეტალურად აუხსენი. როცა მშობლები შეგეკითხებიან: „ვინ და ვინ იქნებიან იქ?“, „უფროსები იქნებიან თუ არა?“ და „როდის დაბრუნდები სახლში?“, ნამდვილად არ ესიამოვნებათ, თუ უპასუხებ: „არ ვიცი“.

 სწორად განეწყვე: მშობლებს მტრებად ნუ ჩათვლი. ისინი შენი გუნდის წევრებად აღიქვი, რადგან სინამდვილეში თქვენ ერთი გუნდი ხართ. თუ მშობლებს შენს მეგობრებად მიიჩნევ, ჯიბრში აღარ ჩაუდგები და ისინიც უფრო მეტად გაგიგებენ. მოერიდე ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „თქვენ მე არ მენდობით“, „ჩემ გარდა ყველა მიდის“, ან „სხვებს უშვებენ მშობლები“.

 თუ მშობლების გადაწყვეტილებებს პატივს სცემ, ამით დაუმტკიცებ მათ, რომ უკვე მოწიფული ხარ. თუ ასე მოიქცევი, შენდამი მეტი ნდობა ექნებათ, მომავალში კი მეტი შანსი გექნება, რომ მათგან თანხმობა მიიღო.