არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

აქვს მნიშვნელობა, როგორ მუსიკას მოვუსმენ?

აქვს მნიშვნელობა, როგორ მუსიკას მოვუსმენ?

 „როცა სადმე წასასვლელად ვემზადები, მუსიკას ვრთავ; როცა მანქანაში ვჯდები, იქაც მუსიკას ვუსმენ; როცა სახლში ვარ და ვისვენებ, სახლს ვალაგებ ან ვკითხულობ, მაშინაც კი ჩართული მაქვს მუსიკა. მუსიკის გარეშე ვერ ვძლებ“ (კარლა).

 შენც ისევე გიტაცებს მუსიკა, როგორც კარლას? თუ ასეა, ეს სტატია დაგეხმარება, გონივრულად შეარჩიო მუსიკა, თავიდან აირიდო საფრთხე და ისეთ მუსიკაზე შეაჩერო არჩევანი, რომელიც დადებითად აისახება შენზე.

 დადებითი გავლენა

 მუსიკა შეიძლება შევადაროთ საკვებს. ორივე მათგანი სასარგებლო აღმოჩნდება შენთვის, თუ სათანადოდ შეარჩევ მათ და ზედმეტი რაოდენობით არც ერთს მიიღებ და არც მეორეს.

  •   მუსიკას შეუძლია გუნება-განწყობილება აგიმაღლოს.

     „როცა უხასიათოდ ვარ, ჩემს საყვარელ მუსიკას ვრთავ და მაშინვე უკეთ ვხდები“ (მარკი).

  •   მუსიკას შეუძლია წარსული გაგახსენოს.

     „ზოგი მუსიკა სასიამოვნო მოგონებებთანაა დაკავშირებული. ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ ასეთ მუსიკას“ (შეილა).

  •   მუსიკას ადამიანების გაერთიანების ძალა შესწევს.

     „ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესის დასასრულს ყველა დამსწრე ერთად მღეროდა. ჩვენ არ გვესმოდა ერთმანეთის, მაგრამ მუსიკა გვაერთიანებდა“ (ტამი).

  •   მუსიკას შეუძლია კარგი თვისებების განვითარებაში დაგეხმაროს.

     „როდესაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობ, ეს გეხმარება მოთმინებისა და თვითდისციპლინის გამოვლენაში. შეუძლებელია, დაკვრა ერთ დღეში ისწავლო, ამას ბევრი მეცადინეობა სჭირდება“ (ანა).

 იცოდი თუ არა: ბიბლიის ყველაზე დიდი წიგნი, „ფსალმუნები“ 150 სიმღერისგან შედგება.

ისევე გონივრულად შეარჩიე მუსიკა, როგორც საკვებს შეარჩევდი

 საფრთხე

 ზოგი მუსიკა, როგორც გაფუჭებული საჭმელი, მომწამვლელი შეიძლება იყოს.

  •   ბევრი მუსიკა სექსუალური შინაარსის ტექსტს შეიცავს.

     „თითქმის ყველა პოპულარული სიმღერა სექსს ეძღვნება. ამაზე მღერას აღარავინ ერიდება“ (ჰანა).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფესოელები 5:3). ჰკითხე საკუთარ თავს: „ხომ არ მიბიძგებს ესა თუ ის მუსიკა, ბიბლიაში მოცემული ამ მითითების საპირისპიროდ ვიმოქმედო?“.

  •   ზოგმა მუსიკამ შეიძლება მეტისმეტად დაგანაღვლიანოს.

     „ზოგჯერ გვიანობამდე ვუსმენ ისეთ მუსიკას, რის გამოც უარყოფითი ფიქრები მეძალება, რაც მთრგუნავს და დეპრესიაში მაგდებს. როცა სევდიან მუსიკას ვუსმენ, გონება შავბნელი ფიქრებით მევსება“ (ტამი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი (იგავები 4:23). ჰკითხე საკუთარ თავს: „ცუდზე ხომ არ ვიწყებ ფიქრს, როცა ამა თუ იმ მუსიკას ვუსმენ?“.

  •   ზოგმა მუსიკამ შეიძლება აგრესიისკენ გიბიძგოს.

     „ვგრძნობ, რომ ბრაზით, ზიზღითა და სიძულვილით გაჟღენთილი მუსიკა ცუდად მოქმედებს ჩემზე. შევამჩნიე, რომ როცა ასეთ მუსიკას ვუსმენ, ხასიათი მეცვლება. ეს ჩემმა ოჯახის წევრებმაც შენიშნეს“ (ჯონი).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ახლა კი მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები“ (კოლოსელები 3:8). ჰკითხე საკუთარ თავს: „ხომ არ აღმძრავს ესა თუ ის მუსიკა, სხვებს აგრესიულად და უხეშად მოვექცე?“.

 რა უნდა გახსოვდეს: გონივრულად შეარჩიე მუსიკა. სწორედ ამას ცდილობს ერთი თინეიჯერი, სახელად ჯული. ის ამბობს: „ხშირად ვამოწმებ ჩემი სიმღერების ჩამონათვალს და რაც ცუდია, ვშლი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ვიცი, რომ სწორედ ასე უნდა მოვიქცე“.

 ამავეს ცდილობს ერთი ახალგაზრდა ქალი, სახელად ტარა. ის ამბობს: „ზოგჯერ რადიოში გაიჟღერს ხოლმე სიმღერა სასიამოვნო მელოდიით, მაგრამ, როცა მისი სიტყვები მესმის, ვხვდები, რომ სხვა ტალღაზე უნდა გადავრთო. ეს იმის მსგავსია, უგემრიელესი ფუნთუშა ერთი ჩაკბეჩის შემდეგ გადააგდო. დარწმუნებული ვარ, თუ იმის ძალა მეყოფა, რომ არ მოვუსმინო სექსუალური შინაარსის მუსიკას, იმის ძალაც მექნება, რომ უარი ვთქვა ქორწინების გარეშე სექსზე. ვხედავ, რომ მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს, ამიტომ მინდა, ამ საკითხს ყოველთვის სერიოზულად მოვეკიდო“.