არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?

როგორ გავუმკლავდე ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?

 თუ არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც მეგობარი ან ოჯახის წევრი დაგეღუპა, მაშინ ამ სტატიაში მოცემული რჩევები დიდ დახმარებას გაგიწევს.

ამ სტატიაშია:

 ზედმეტად ხომ არ განვიცდი?

 გლოვის პერიოდში ადამიანი, ჩვეულებრივ, დიდ ტკივილს განიცდის და ეს მალე არ გადის.

 „დღე ისე არ გავა, რომ პაპა არ გამახსენდეს. მისი სიკვდილის შემდეგ ორი წელია გასული, მე კიდევ დღემდე ცრემლების გარეშე ვერ ვსაუბრობ მასზე“ (ოლივია).

 „ბებიაჩემი ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო და ყველანაირად მხარს მიჭერდა, რომ მიმეღწია მიზნებისთვის. თუმცა ის ვერცერთ ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო. ამიტომ განსაკუთრებით მაშინ მომაწვება ხოლმე სევდა, როცა რომელიმე მიზანს ვაღწევ“ (ელისონი).

 გლოვის პერიოდში შეიძლება ათასნაირი გრძნობა დაგეუფლოს.

 „როდესაც ბიძა გარდამეცვალა, დიდხანს ვერ გამოვდიოდი შოკური მდგომარეობიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ახლობელი დამეღუპა. ძალიან გამიჭირდა მომხდართან შეგუება“ (ნადინი).

 „პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ მასზე ბრაზი მერეოდა ხოლმე. ის საერთოდ არ ზრუნავდა საკუთარ თავზე, არადა სულ ვაფრთხილებდით“ (კარლოსი).

 „პაპა რომ დაიღუპა, ყველა ახლობელი იქ იყო, ჩემი და ჩემი დის გარდა. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ნორმალურად ვერ დავემშვიდობე“ (ადრიანა).

 „ჩვენი ოჯახის ახლო მეგობრები ავტოავარიაში დაიღუპნენ. მას შემდეგ ყოველთვის, როცა ოჯახის წევრები სახლიდან გადიან, შიშის გრძნობა მიპყრობს, რომ მათაც შეიძლება დაემართოთ რამე“ (ჯარედი).

 „სამი წლის წინ, როცა ბებო გარდაიცვალა, საშინელი სინანულის გრძნობა დამეუფლა, რომ სიცოცხლეში მასთან მეტი დრო არ გავატარე“ (ჯულიანა).

 აბსოლუტურად ნორმალურია, რომ გლოვის პერიოდში შოკიდან გამოსვლა გიჭირდეს, ბრაზობდე, თავს დამნაშავედ გრძნობდე და შიში გიპყრობდეს. თუ მსგავსი გრძნობები შენც გეუფლება, დარწმუნებული იყავი, რომ ნელ-ნელა ტკივილი დაგიამდება. ამ სტატიაში განხილული რჩევებიც დაგეხმარება, გაუმკლავდე ტკივილს.

 როგორ გავუმკლავდე ტკივილს?

 გადაუშალე გული ახლო მეგობარს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნამდვილი მეგობარი „გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). თუ მეგობარს გულს გადაუშლი, ის შეძლებს საჭირო დახმარება აღმოგიჩინოს.

 „გლოვაში უჩვეულო არაფერია. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს მარტოც გავართმევთ თავს, მაგრამ ასეთ დროს შეიძლება ადვილად დაგეუფლოს უიმედობის განცდა. ამიტომაცაა აუცილებელი, ვინმეს დაელაპარაკო“ (ივეტა).

 გაიხსენე შენი გარდაცვლილი ახლობელი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კარგი კაცი თავისი გულის საგანძურში კარგს ინახავს (ლუკა 6:45). შენც შეგიძლია დღიურში ჩაწერო სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც მასთან გაკავშირებს ან კიდევ მის მოსაგონრად ალბომი გააკეთო.

 „გადავწყვიტე, ყველაფერი დამეწერა, რაც ჩემმა მეგობარმა სიკვდილამდე მასწავლა. თითქოს ის კვლავაც ცოცხალი იყო ჩემთვის და მასწავლიდა. ეს ჩანაწერები ძალიან დამეხმარა დანაკარგთან გამკლავებაში“ (ჯეფრი).

 გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. ბიბლია ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში (1 ტიმოთე 4:8). გახსოვდეს, აუცილებელია, ჯანსაღად იკვებო, ივარჯიშო და საკმარისად დაისვენო.

 „გლოვამ შეიძლება გონება დაგიბინდოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო ჯანმრთელობას. ჭამა და ძილი ძალიან მნიშვნელოვანია“ (მარია).

 გაუწოდე სხვებს დახმარების ხელი. ბიბლიაში ნათქვამია: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

 „იზრუნე სხვებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც შენსავით ახლობელი დაეღუპა. ეს ერთგვარი შეხსენება იქნება შენთვის, რომ მსგავს ტკივილთან გამკლავება სხვებსაც უწევთ“ (კარლოსი).

 ლოცვაში გადმოუღვარე გული იეჰოვას. ბიბლია იეჰოვას „ლოცვების მომსმენს“ უწოდებს (ფსალმუნი 65:2). მასში ისიცაა ნათქვამი, რომ იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3).

 „უთხარი იეჰოვას, რომ მხარდაჭერა და ნუგეში გჭირდება. ზოგჯერ რთული დღეები გექნება, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის შენ გვერდით იქნება“ (ჯანეტი).

 გქონდეს რეალისტური მოლოდინი. გასაკვირი არაფერია იმაში, თუ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სხვებზე დიდი დრო გჭირდება. ისიც გახსოვდეს, რომ ყველა სხვადასხვანაირად ვგლოვობთ. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იაკობს, რომელსაც უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა, „არ სურდა ნუგეშისცემა“ (დაბადება 37:35).

 „15 წელია, რაც ბებია დამეღუპა, მაგრამ დღემდე ბევრი რამ მახსენებს მის თავს“ (ტეილორი).

 ჩვეულებრივ, როცა ადამიანი ფეხს იტეხს, ეს ძალიან მტკივნეულია და ძვლის შეხორცებასაც გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ექიმი მას სხვადასხვა რჩევას აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დააჩქაროს რეაბილიტაციის პროცესი.

 ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის გაყუჩებასაც შეიძლება დრო დასჭირდეს. რაც უფრო ახალია ჭრილობა, მით უფრო ძლიერია ტკივილი. ამიტომ მოთმინება გამოიჩინე, გაითვალისწინე ამ სტატიაში მოცემული რჩევები და დააკვირდი, შენთვის რომელია განსაკუთრებით გამოსადეგი.