არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

რატომ ვბერდებით და ვკვდებით?

ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანები არ უნდა მომკვდარიყვნენ. ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ფიზიკურადაც და გონებრივადაც სრულყოფილები იყვნენ. ისინი შეიძლება დღესაც ცოცხლები ყოფილიყვნენ. ეს კარგად ჩანს იმ სიტყვებიდან, რომლებიც იეჰოვამ ადამს უთხრა ედემში დარგული ერთ-ერთი ხის შესახებ.

აი, რა უთხრა ღმერთმა ადამს ამ ხის ნაყოფზე: „რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:17). ეს მითითება აზრს მოკლებული იქნებოდა, თუ ადამი მაინც უნდა დაბერებულიყო და მომკვდარიყო. ადამმა იცოდა, რომ, თუ არ შეჭამდა ამ ხის ნაყოფს, არ მოკვდებოდა.

ღვთის განზრახვა არასდროს ყოფილა ადამიანთა სიკვდილი

ადამსა და ევას რომ ეარსებათ, სულაც არ იყო საჭირო ამ ხის ნაყოფი ეგემათ, რადგან ედემის ბაღში უამრავი ნაყოფის მომცემი ხე იყო (დაბადება 2:9). თუ უარს იტყოდნენ ამ ხის ნაყოფის ჭამაზე, ამით მორჩილებას გამოავლენდნენ ღვთის მიმართ, რომელმაც მათ სიცოცხლე უბოძა. ამგვარად იმასაც აღიარებდნენ, რომ ღმერთს სრული უფლება ჰქონდა, ეხელმძღვანელა მათთვის.

რატომ დაიხოცნენ ადამი და ევა?

ამ კითხვაზე პასუხი რომ გავიგოთ, გავიხსენოთ ედემის ბაღში შემდგარი საუბარი, რომელმაც ჩვენზეც დატოვა თავისი კვალი. სატანა ეშმაკს თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი რომ განეხორციელებინა, გველის მეშვეობით ტყუილი თქვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“» (დაბადება 3:1).

ევამ მიუგო: «„ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“. ამაზე გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“». ამგვარად სატანა ამტკიცებდა, რომ იეჰოვა მატყუარა იყო და ჩვენს წინაპრებს რაღაც კარგს უმალავდა (დაბადება 3:2—5).

ევამ დაიჯერა მისი ნათქვამი. ის დააკვირდა ხეს, რომლის ნაყოფიც მისთვის ერთობ სასურველი გახდა. გაიწოდა ხელი ხისკენ, მოწყვიტა და იგემა ნაყოფი. ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოხდა შემდეგ: „მოგვიანებით ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა“ (დაბადება 3:6).

ღმერთმა უთხრა ადამს: „რა დღესაც შეჭამ [ამ ხის ნაყოფს], იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:17)

როგორ ატკენდა ღმერთს გულს იმის დანახვა, რომ საყვარელი შვილები განზრახ ეურჩნენ! იეჰოვამ ადამს უთხრა: „მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:17—19). აი, რა იყო შედეგი: „ადამის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ოცდაათ წელს, და მოკვდა იგი“ (დაბადება 5:5). ადამს სიცოცხლე არც ცაში გაუგრძელებია და არც სადმე სხვაგან. იგი არ არსებობდა, სანამ იეჰოვამ მიწის მტვრისგან არ შექმნა. ამიტომ სიკვდილის შემდეგ ისეთივე უსიცოცხლო გახდა, როგორც მიწის მტვერი, რომლისგანაც შეიქმნა. მან არსებობა შეწყვიტა. რა სამწუხარო ფაქტია!

ჩვენ რატომ ვართ ასეთ დღეში?

ვინაიდან ადამმა და ევამ განზრახ აქციეს ზურგი იეჰოვას, არასრულყოფილები გახდნენ და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა დაკარგეს. შედეგად მათმა სხეულმა დეგრადაცია განიცადა. მათ არა მხოლოდ თვითონ იწვნიეს ურჩობის შედეგები, არამედ თავიანთი შთამომავლობაც დაასნეულეს არასრულყოფილებითა და ცოდვით. რომაელების 5:12-ში ნათქვამია: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“.

ბიბლია ცოდვასა და სიკვდილს ადარებს „საფარველს, რომელიც ყველა ხალხს ფარავს, და ნაქსოვ ქსოვილს, რომელიც ყველა ერს აფარია“ (ესაია 25:7). ის ჰგავს მომწამლავ ღრუბელს, რომელიც მთელ დედამიწაზე ჩამოწვა და ყველა ადამიანი მოწამლა. ადამის ცოდვის გამო ყველანი სიკვდილის ტყვეობაში ვართ (1 კორინთელები 15:22). ამიტომ პავლე მოციქულის მსგავსად ჩვენც გვებადება კითხვა: „ვინ დამიხსნის სხეულისგან, რომელიც ამ სიკვდილით კვდება?“. შეუძლია ვინმეს ამის გაკეთება? (რომაელები 7:24).