არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრების მწარე რეალობა

ცხოვრების მწარე რეალობა

წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ ფილმს ცნობილ მუსიკოსზე, რომელიც ძალიან მოგწონთ. ფილმში ასახულია მთელი მისი ცხოვრება — როგორ დაიწყო პატარაობიდან მუსიკის სწავლა, რამდენს მეცადინეობდა, როგორ გამოდიოდა კონცერტებზე, როგორ დადიოდა გასტროლებზე, როგორ გაითქვა მთელ მსოფლიოში სახელი და ბოლოს როგორ დაბერდა და მოკვდა.

ვინც არ უნდა იყოს ასეთი ფილმის მთავარი გმირი, იქნება ეს მუსიკოსი, მეცნიერი, სპორტსმენი თუ სხვა ცნობილი ადამიანი, ძირითადად, სიუჟეტი ერთნაირად ვითარდება. შესაძლოა მან მართლაც ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ გაცილებით მეტს მიაღწევდა, რომ არ დაბერებულიყო და მომკვდარიყო, რაც ცხოვრების მწარე რეალობაა.

სამწუხაროა, მაგრამ სიკვდილი გარდაუვალია (ეკლესიასტე 9:5). რაც არ უნდა ვეცადოთ, სიბერეს და სიკვდილს ვერ გავექცევით. მეტიც, უბედურმა შემთხვევამ ან საშინელმა დაავადებამ შეიძლება სიცოცხლე მოგვისწრაფოს. ღვთის სიტყვა, ბიბლია, ბურუსს გვადარებს, „რომელიც ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება“ (იაკობი 4:14).

ზოგისთვის ცხოვრება იმდენადაა აზრს მოკლებული, რომ შეიძლება ითქვას, ამ დევიზით ცხოვრობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). ისინი იმიტომ ირჩევენ ცხოვრების ასეთ წესს, რომ იმედი აქვთ გადაწურული. შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში თქვენც დაგებადოთ კითხვა: სულ ეს არის ჩვენი სიცოცხლე? სად შეგიძლიათ პასუხის პოვნა?

დღეს ბევრი პასუხს მეცნიერებაში ეძებს. მედიცინისა და მეცნიერების არაერთ სფეროში მიღწეული პროგრესის წყალობით სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. მეცნიერები კვლავაც ეძებენ გზებს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. რასაც არ უნდა მიაღწიონ, მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვები: სულ ეს არის ჩვენი სიცოცხლე? რატომ ვბერდებით და ვკვდებით? ოდესმე ბოლო მოეღება სიკვდილს? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.