არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოეღება ბოლო სიკვდილს?

როგორ მოეღება ბოლო სიკვდილს?

მართალია, ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის გამო ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებში აღმოვჩნდით, მაგრამ ღმერთს არ შეუცვლია თავისი თავდაპირველი განზრახვა. იგი თავად გვარწმუნებს ამაში, რადგან ბიბლიაში არაერთხელ ესმება ხაზი ამ განზრახვას.

  • „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

  • „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ესაია 25:8).

  • „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26).

  • „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).

როგორ „შთანთქავს“ ანუ როგორ მოუღებს ბოლოს ღმერთი სიკვდილს? როგორც უკვე აღინიშნა, ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ „მართლები . . . მარადიულად იცხოვრებენ“. თუმცა ღვთის სიტყვაში ისიცაა ნათქვამი, რომ „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე“ (ეკლესიასტე 7:20). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ღმერთი გადავა თავის სიტყვას და ადამიანებისგან აღარ მოითხოვს სამართლიანი ნორმების დაცვას? ეს სრულიად წარმოუდგენელია! ის არასდროს მოიქცევა ასე, რადგან ღმერთმა „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2). მაშ, როგორ შეასრულებს იგი თავის თავდაპირველ განზრახვას?

ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“ (ესაია 25:8)

სიკვდილის ტყვეობისგან გამოსასყიდი გვათავისუფლებს

სიკვდილისგან ადამიანები რომ დაეხსნა, იეჰოვა ღმერთმა გამოსასყიდი გაიღო. ბიბლიური გაგებით, გამოსასყიდი არის ზარალის დასაფარავად ან სამართლის აღსადგენად გადახდილი შესაბამისი საფასური. ყველა ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში ვართ, ამიტომ ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი: „ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება)“ (ფსალმუნი 49:7, 8).

როდესაც ცოდვილი ადამიანი კვდება, მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის ზღავს; მას ცოდვისგან არც საკუთარი თავის და არც სხვების დახსნა შეუძლია (რომაელები 6:7). კაცობრიობას მხოლოდ ისეთი ადამიანი დაიხსნიდა, რომელიც სრულყოფილი და უცოდველი იქნებოდა და საკუთარი ცოდვებისთვის კი არა, მათი ცოდვებისთვის გაიღებდა სიცოცხლეს (ებრაელები 10:1—4).

სწორედ ამაზე იზრუნა ღმერთმა. მან თავისი ძე, იესო ზეციდან სრულყოფილ და უცოდველ ადამიანად მოავლინა დედამიწაზე (1 პეტრე 2:22). როგორც თავად იესომ თქვა, ის იმიტომ მოვიდა, რომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო (მარკოზი 10:45). საკუთარი სიკვდილით მან ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან გაგვათავისუფლა (იოანე 3:16).

როდის მოეღება სიკვდილს ბოლო?

როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, დღეს „მძიმე, ძნელად ასატანი დროა“, რაც იმაზე მოწმობს, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ბოლო დღეების მიწურულს უღვთოები გასამართლდებიან და განადგურდებიან (2 პეტრე 3:3, 7). მაგრამ ღვთის მოყვარულები გადარჩებიან და ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (მათე 25:46).

იესო იმიტომ მოვიდა, რომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო (მარკოზი 10:45)

მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მილიონობით მკვდრეთით აღმდგარ ადამიანსაც მიეცემა. ეს რომ რეალურად შესაძლებელია, ქალაქ ნაინში მომხდარი შემთხვევიდან ჩანს. როცა იქ ჩასულმა იესომ დაინახა, რომ ერთ ქვრივ ქალს სიკვდილმა ერთადერთი ვაჟი გამოაცალა ხელიდან, გული დაეწვა და მის ვაჟს სიცოცხლე დაუბრუნა (ლუკა 7:11—15). სწორედ ამიტომ ამბობდა პავლე მოციქული გულდაჯერებით: „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. ეს უტყუარი იმედი იმაზე მეტყველებს, თუ რა ძლიერ უყვარს ღმერთს ადამიანები (საქმეები 24:15).

მილიარდობით ადამიანს მიეცემა მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა. ბიბლიაში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). იმ დროს მათზე შესრულდება პავლე მოციქულის მიერ დაახლოებით 2 000 წლის წინათ დაწერილი ამაღელვებელი სიტყვები: „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ (1 კორინთელები 15:55). კაცობრიობის დაუნდობელი მტერი, სიკვდილი ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება!