არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღესვე როგორ გავხდეთ ბედნიერები?

დღესვე როგორ გავხდეთ ბედნიერები?

წინ შესანიშნავი მომავალი გველის — ცხოვრება ავადმყოფობის, სიბერისა და სიკვდილის გარეშე! სამწუხაროდ, დღეს აუარება პრობლემის წინაშე გვიწევს დგომა. მაგრამ, თუ ბიბლიურ რჩევებს გავითვალისწინებთ, დღესვე ვიგრძნობთ ბედნიერებას და გავიხარებთ ცხოვრებით. განვიხილოთ ზოგიერთი სირთულე და გავიგოთ, როგორ გვეხმარება ბიბლია მათთან გამკლავებაში.

როგორ ვიგრძნოთ კმაყოფილება?

ბიბლია გვირჩევს: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5).

დღეს არაერთ ნივთსა თუ მომსახურებას გვთავაზობენ და ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ეს ყველაფერი გვჭირდება. მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს.

მოერიდეთ ფულის სიყვარულს. ბევრს იმდენად უყვარს ფული, რომ მზად არის, ამისთვის ყველაფერი გასწიროს — ჯანმრთელობა, ოჯახი, მეგობრები და საკუთარ ფასეულობებსა თუ ღირსებაზეც კი თქვას უარი (1 ტიმოთე 6:10). რა ძვირად უჯდებათ მათ ეს! ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიმდიდრის მოყვარულები მაინც ვერ გაძღებიან (ეკლესიასტე 5:10).

ნივთებზე მეტად ადამიანები გიყვარდეთ. რასაკვირველია, ნივთებს თავისი ადგილი აქვს. მაგრამ ისინი ვერასდროს ჩაანაცვლებენ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარულის და მადლიერების გამოვლენა. არაფერი შეედრება „ნამდვილი მეგობრის“ ყოლას! (იგავები 17:17).

თუ ბიბლიურ რჩევებს გავითვალისწინებთ, დღესვე ვიგრძნობთ ბედნიერებას

როგორ გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის პრობლემებს?

ბიბლია გვირჩევს: „მხიარული გული მკურნალივით არის“ (იგავები 17:22).

სიხარული წამალივითაა და სუსტ ჯანმრთელობასთან ბრძოლაში გვეხმარება. როგორ უნდა ვიგრძნოთ სიხარული, თუ ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს?

იყავით მადლიერი. თუ სულ საკუთარი პრობლემებით ვიქნებით მოცული, „ყოველი დღე“ დამთრგუნველი იქნება (იგავები 15:15). ნაცვლად ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, მადლიერების მიზეზები ვეძებოთ (კოლოსელები 3:15). შეეცადეთ, პატარა რაღაცისთვისაც კი იყოთ მადლიერი. დაფიქრდით, როგორ გვილამაზებს ცხოვრებას მზის ჩასვლა, გრილი სიო, საყვარელი ადამიანის ღიმილი.

გაეცით სხვებისთვის. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ მაშინაც კი, თუ სუსტი ჯანმრთელობა გვაქვს (საქმეები 20:35). როცა სხვები ჩვენ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, ნაკლებად ვფიქრობთ საკუთარ პრობლემებზე და მეტ სიხარულს ვგრძნობთ. ასე რომ, გაუწოდეთ სხვებს დახმარების ხელი და ამგვარად საკუთარ თავსაც აღმოუჩენთ დახმარებას.

როგორ განვამტკიცოთ ქორწინება?

ბიბლია გვირჩევს: დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

წყვილები, რომლებიც ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად, შეიძლება გაუცხოვდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ გონივრულია, ცოლ-ქმარმა პირველ რიგში ერთმანეთს დაუთმოს დრო. სწორედ ეს არის მათ შემთხვევაში „უფრო მნიშვნელოვანი“.

ერთად აკეთეთ რაღაცები. ნაცვლად იმისა, რომ მარტო აკეთოთ ყველაფერი, დაგეგმეთ, საქმე ერთად გააკეთოთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას“ (ეკლესიასტე 4:9). ერთად მოამზადეთ საკვები, ივარჯიშეთ ან გაერთეთ.

ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოხატეთ. ბიბლია მოუწოდებს წყვილებს, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოავლინონ (ეფესოელები 5:28, 33). თბილი ღიმილი, ჩახუტება ან პატარა საჩუქარი უფრო აახლოებს ცოლ-ქმარს. ამას ხელს უწყობს ინტიმური ურთიერთობაც, რომელიც მხოლოდ ერთმანეთთან უნდა ჰქონდეთ (ებრაელები 13:4).