რომაელების მიმართ 7:1—25

  • კანონისგან გათავისუფლებულები (1—6).

  • „ცოდვა მკვდარი იყო კანონის გარეშე“ (7—12).

  • ცოდვასთან ბრძოლა (13—25).

7  ძმებო, განა არ იცით, რომ ადამიანზე კანონი მანამდე ბატონობს, სანამ ის ცოცხალია?! ამას თქვენ გეუბნებით, ვინც კანონი იცით.  მაგალითად, გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში კანონით შეკრულია მასთან, მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდა, ქმრის კანონისგან თავისუფალია.+  ასე რომ, თუ ქალი ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცს მისთხოვდება, მას მრუში ეწოდება.+ მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია მისი კანონისგან და სხვას რომ გაჰყვეს, ეს მრუშობად არ ჩაეთვლება.+  ჩემო ძმებო, თქვენც დაიხოცეთ კანონისთვის ქრისტეს მიერ გაღებული სხეულით, რათა მისი გამხდარიყავით,+ ვინც მკვდრეთით აღდგა,+ და ასე გამოგვეღო ნაყოფი ღვთისთვის.+  როცა ხორციელი სურვილებით ვცხოვრობდით, ჩვენს სხეულში კანონის მიერ გამოაშკარავებული ცოდვილი ვნებები მეფობდა, რათა სასიკვდილო ნაყოფი გამოგვეღო.+  ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან,+ რადგან დავიხოცეთ იმისთვის, რაც გვბოჭავდა, რათა ახლებურად, მისი სულით დავმონებოდით ღმერთს+ და არა ძველებურად — დაწერილი კანონით.+  მაშ, რა გამოდის, წუნი* აქვს კანონს? არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა.+ მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“,+ არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს ეს.  მაგრამ ცოდვამ, მცნებით ძალამოცემულმა, ყოველგვარი სიხარბე წარმოაჩინა ჩემში, რადგან ცოდვა მკვდარი იყო კანონის გარეშე.+  ერთ დროს ცოცხალი ვიყავი კანონის გარეშე, მაგრამ, როცა მცნება გაჩნდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი,+ 10  და მივხვდი, რომ მცნებამ, რომელსაც ჩემთვის სიცოცხლე უნდა მოეტანა,+ სიკვდილს გადამცა. 11  ცოდვამ, მცნებით ძალამოცემულმა, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით. 12  ასე რომ, კანონი წმინდაა და მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი.+ 13  მაშ, განა ის მკლავს, რაც კარგია? არავითარ შემთხვევაში! ცოდვა მკლავს იმის მეშვეობით, რაც კარგია,+ რათა გამოჩნდეს ცოდვის არსი და მცნების მეშვეობით გამოაშკარავდეს ცოდვის მთელი სიმძიმე.+ 14  ვიცით, რომ კანონი სულიერია, მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული.+ 15  არ ვიცი, რას ვაკეთებ, რადგან იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16  და, თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამით ვაღიარებ, რომ კანონი კარგია. 17  მაგრამ ამას მე კი არ ვაკეთებ, არამედ ჩემში დამკვიდრებული ცოდვა.+ 18  ვიცი, რომ ჩემში, ანუ ჩემს ხორცში, კარგი არაფერი მკვიდრობს, რადგან კარგის კეთების სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ.+ 19  კარგს, რაც მსურს, ვერ ვაკეთებ, ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. 20  და, თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს. 21  ამრიგად, ასეთ კანონს ვემონები: მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი.+ 22  შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი,+ 23  მაგრამ ჩემს სხეულში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს+ და ცოდვის ეს კანონი, ჩემს სხეულში მყოფი, თავის ტყვეობაში მაქცევს.+ 24  საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ მოკვდავი სხეულისგან? 25  ვმადლობ ღმერთს, რომელიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით დამიხსნის! ასე რომ, გონებით ღვთის კანონის მონა ვარ, ხორცით კი — ცოდვის კანონისა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ცოდვა“.