არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

სულს ღაფავს რელიგია?

სულს ღაფავს რელიგია?

ჯაფარს, რომელიც თურქეთში დაიბადა, ზარავდა სწავლება შურისძიების სურვილით შეპყრობილი ღმერთის შესახებ. მის მეუღლეს, ჰედეიეს კი, თავის რელიგიასთან დაკავშირებით კითხვები ცხრა წლის ასაკში გაუჩნდა. ის ამბობს: „ბავშვობიდან ბედისწერის შესახებ მასწავლიდნენ. როგორც ობოლს, მაინტერესებდა, რა დავაშავე ისეთი, რომ ასეთი სასჯელი დავიმსახურე? ხშირად ტირილში დამთენებია. 15 წლისამ საერთოდ ავიცრუე გული ჩემს რელიგიაზე“.

თქვენც ხომ არ გაწყვიტეთ რელიგიასთან კავშირი? თუ დიახ, არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. მრავალ ქვეყანაში დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ რელიგიაზე. ეს ტენდენცია რელიგიებს არასახარბიელო მომავალს უქადის. ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ სტატიაში მოხსენიებულ ქვეყნებში.

რატომ ტოვებს ხალხი რელიგიას?

ხალხს რელიგიაზე გული სხვადასხვა მიზეზის გამო უცრუვდება. მაგალითად, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რელიგია ადამიანებს ძალადობისა და ტერორიზმისკენ აქეზებს ან იწონებს ასეთ ქმედებებს. ბევრისთვის დაბრკოლების მიზეზი სექსუალურ სკანდალებში გახვეული სასულიერო პირები აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, არსებობს სხვა ნაკლებად თვალში საცემი ფაქტორებიც, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაუკარგავს რელიგიისადმი ნდობას. ამ ფაქტორებს შორისაა:

  • ფუფუნება: „რაც მეტად მდიდრდება ადამიანი, მით მეტად შორდება რელიგიას“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში (Global Index of Religion and Atheism). ეს ყურადსაღები ფაქტია, რადგან ბევრ ქვეყანაში ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. ზოგან ხალხი „ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობს, რომ ორასი წლის წინათ მცხოვრებ უმდიდრეს მეფესაც კი შეშურდებოდა მათი“, — აღნიშნავს ეკონომიკის პროფესორი ჯონ ნაი.

    რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეებში“ ფულისა და სიამოვნების სიყვარული დაჯაბნიდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულს (2 ტიმოთე 3:1—5). ბიბლიის ერთმა დამწერმა კარგად იცოდა, რომ სიმდიდრე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სულიერობას, ამიტომ ის იეჰოვა ღმერთს ევედრებოდა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ“. რატომ არ სურდა მას სიმდიდრე? პასუხს იმავე მუხლში ვკითხულობთ: „რათა გამძღარმა არ უარგყო“ (იგავები 30:8, 9).

  • რელიგიური ტრადიციები და ზნეობა: ბევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზრით, რელიგია დღეს არავის არაფერში სჭირდება. სხვებს რელიგიის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. „თუ თვალს გადაავლებთ რელიგიების მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩადენილ საქმეებს, აღარ გაგიკვირდებათ, რატომ ტოვებს ხალხი ეკლესიას. ისინი მეტად აღარ მიიჩნევენ ეკლესიას ავტორიტეტად ზნეობის საკითხებში“, — აღნიშნავს ტიმ მაგუაირი, ჰუმანისტური მოძრაობის პრესმდივანი შოტლანდიაში.

    რას ამბობს ბიბლია: ცრუ მასწავლებლებთან დაკავშირებით იესო გვაფრთხილებდა: „მათ მათივე ნაყოფით იცნობთ . . . კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს“ (მათე 7:15—18). უვარგისი ნაყოფი რელიგიის მესვეურების პოლიტიკაში ჩარევა და ღვთის შეურაცხმყოფელი საქმეების, მაგალითად ჰომოსექსუალიზმის, შეწყნარებაა (იოანე 15:19; რომაელები 1:25—27). უვარგისს ნაყოფად ისიც ითვლება, რომ ჯანსაღი ბიბლიური სწავლებები მათ არაფრის მომცემი რიტუალებითა და ადათ-წესებით ჩაანაცვლეს (მათე 15:3, 9). იესომ თავის ერთ-ერთ მოციქულს უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“ (იოანე 21:17). მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ დღეს ბევრი სულიერად შიმშილობს.

  • რელიგია და ფული: როგორც ერთი კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რელიგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფულს (Pew Research Center). ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ მაღალი რანგის ზოგი სასულიერო პირი თავისი მრევლისგან განსხვავებით, ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობს. მაგალითად, გერმანიის ერთ პატარა ქალაქში გამოააშკარავეს, რომ ერთი ეკლესიის ეპისკოპოსი ძალიან მდიდრულად და კომფორტულად ცხოვრობდა მაშინ, როცა მისი მრევლის უმეტესობას თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდა თავი. ამ ფაქტმა გული გაუტეხა ადგილობრივ კათოლიკეებს. ერთი ჟურნალი კი იტყობინებოდა, რომ ნიგერიაში, სადაც „100 მილიონი ადამიანის დღიური შემოსავალი ერთ ევროზე ნაკლებია, ზოგიერთი პასტორის ფუფუნება ხალხისთვის დამაბრკოლებელი ხდება“ (GEO).

    რას ამბობს ბიბლია: პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ . . . ღვთის სიტყვით არ ვვაჭრობთ“ (2 კორინთელები 2:17). პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის პავლე მოციქული ერთ-ერთი გამორჩეული მსახური იყო, მაგრამ ტვირთად რომ არავის დასწოლოდა, ის ხშირად ფიზიკურად შრომობდა (საქმეები 20:34). აშკარაა, რომ ასეთი დამოკიდებულებით პავლე იესოს მოწოდების თანახმად ცხოვრობდა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:7, 8).

იეჰოვას მოწმეებიც ამ პრინციპებით ცხოვრობენ. ისინი უფასოდ ეხმარებიან ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში და არც თავიანთ ლიტერატურაში იღებენ ფულს. მათ არ მოეთხოვებათ საეკლესიო გადასახადების გადახდა და არც ფულის აკრეფა ხდება მათი კრების შეხვედრებზე. საჭირო თანხები ანონიმური ნებაყოფლობითი შესაწირავებით გროვდება (მათე 6:2, 3).

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ხალხი ზურგს შეაქცევდა რელიგიას

ათეულობით წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღევანდელი რელიგიები ასეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ეს მოვლენა, რის შესახებაც მისი ნებით ბიბლიაში ჩაიწერა. სიმბოლური ენის გამოყენებით ღმერთმა ყველა ორგული რელიგია შეადარა თვალისმომჭრელად მორთულ მეძავს, რომელსაც „დიდი ბაბილონი“ უწოდა (გამოცხადება 17:1, 5).

მართლაც რომ შესაფერისი შედარებაა! ცრუ რელიგია, რომელიც თავს ღვთის ერთგულად წარმოაჩენს, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მისაღებად მსოფლიო ლიდერებთან კრავს კავშირს. „დედამიწის მეფეები . . . მასთან მეძაობდნენ“, — ნათქვამია გამოცხადების 18:9-ში. „ბაბილონიც“ ზედგამოჭრილი სახელია, ვინაიდან ცრუ რელიგიის ბევრი სწავლება და რიტუალი, მაგალითად, ისეთი როგორიცაა: სულის უკვდავება, სამება და ოკულტიზმი, საფუძველს ცრუ რელიგიითა და ცრურწმენით გაჟღენთილი ძველი ქალაქიდან, ბაბილონიდან იღებს * (ესაია 47:1, 8—11).

ძლიერი ქალაქი ბაბილონი მაშინ დაეცა, როცა მისი დამცავი წყლები, რომლებიც მდინარე ევფრატით მარაგდებოდა, დაშრა. ამან გზა გაუხსნა მიდია-სპარსეთის ჯარს ქალაქის დასაპყრობად (იერემია 50:1, 2, 38). ფაქტობრივად, დამპყრობლებმა ბაბილონი ერთ ღამეში აიღეს (დანიელი 5:7, 28, 30).

დიდი ბაბილონიც „მრავალ წყალზე“ ზის. ბიბლიის განმარტებით, ამ მუხლში მოხსენიებულ „წყალში“ იგულისხმება ხალხები და ჯგუფები, ანუ მილიონობით ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ცრუ რელიგიას (გამოცხადება 17:1, 15). ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ეს სიმბოლური წყლები დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ბაბილონი ვერ გადაურჩება მყისიერ დაცემას და განადგურებას (გამოცხადება 16:12; 18:8). ვისი ხელით დაეცემა სიმბოლური ბაბილონი? თავისივე პოლიტიკური მხარდამჭერების. პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ დროს სიყვარულს ეფიცებოდნენ „მეძავს“, შეიძულებენ და გაძარცვავენ, ანუ სიმბოლური ენით თუ ვიტყვით, „მის ხორცს შეჭამენ“ (გამოცხადება 17:16, 17). *

ქალაქ ბაბილონის წყლების დაშრობა დიდი ბაბილონიდან ხალხის გამოსვლას ასიმბოლოებს

„გამოდით მისგან“!

ვინაიდან დიდი ბაბილონის განადგურება ახლოვდება, ღმერთი სიყვარულით გვაფრთხილებს: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“ (გამოცხადება 18:4). ყურადღება მიაქციეთ, რომ ღმერთი ამ გაფრთხილებას მათ გასაგონად წარმოთქვამს, ვისაც მის მოსაწონად ცხოვრება სურს და ვისაც ჯაფარისა და ჰედეიეს მსგავსად, გული გაუტეხა შემზარავმა რელიგიურმა სწავლებებმა.

ბიბლიის გამოკვლევამდე ჯაფარს ეგონა, რომ ღმერთს შიშის გამო უნდა დამორჩილებოდა. ის ამბობს: „შვებით ამოვისუნთქე, როცა გავიგე, რომ იეჰოვა სიყვარულის ღმერთი ყოფილა და რომ მას უპირველესად სიყვარულიდან გამომდინარე უნდა ვემორჩილებოდეთ“ (1 იოანე 4:8; 5:3). ჰედეიემ შინაგანი სიმშვიდე პოვა, როცა გაიგო, რომ მისი დაობლება არც ღვთის ბრალი არ იყო და არც ბედისწერის. ის ძალიან ანუგეშა იაკობის 1:13-ში ჩაწერილმა სიტყვებმა, რომ ღმერთი არავის სცდის ბოროტებით. მან და ჯაფარმა შეიყვარეს ბიბლიური ჭეშმარიტება და გამოვიდნენ „დიდი ბაბილონიდან“ (იოანე 17:17).

დიდი ბაბილონის განადგურების დროს არავითარი ზიანი არ მიადგება მათ, ვინც თავისი ნებით დატოვა ცრუ რელიგია, რათა „სულითა და ჭეშმარიტებით“ ეცათ ღვთისთვის თაყვანი (იოანე 4:23). ისინი იმედოვნებენ, რომ იხილავენ დროს, როცა „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

დიახ, მალე ღმერთი, „რომელმაც შეუძლებელია იცრუოს“, ბოლოს მოუღებს ცრუ თაყვანისმცემლობას და მის მიერ გამოღებულ უვარგის ნაყოფს (ტიტე 1:2). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კი აყვავდება და მარადიულად იარსებებს!

^ აბზ. 16 დამატებითი ინფორმაცია დიდ ბაბილონთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ბიბლია მკვდრების მდგომარეობაზე, ღვთის ბუნებასა და ოკულტიზმზე იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ხელმისაწვდომია აგრეთვე ვებ-გვერდზე www.isa4310.com.