არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრება სრულ წყვდიადში

ცხოვრება სრულ წყვდიადში

„მხედველობის დიდი ნაწილი მაშინ დავკარგე, როცა ახალშობილს თვალში რაღაც ძლიერი წვეთები ჩამაწვეთეს. მოზარდობის ასაკში თვალისჩინი საერთოდ წამერთვა, რის გამოც ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი“ (პაკი, შუახნის ქალბატონი, რომელსაც მეუღლეც უსინათლო ჰყავს).

უსინათლობის ან მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს, მათ შორის ტრავმა და სხვადასხვა დაავადება. ამ დროს შეიძლება დაზიანდეს უშუალოდ თვალი, მხედველობის ნერვები ან ტვინი. ხშირად ადამიანებს, რომლებსაც მხედველობა საგრძნობლად უქვეითდებათ ან საერთოდ კარგავენ მას, უჭირთ რეალობასთან შეგუება და დარდი და შიში იპყრობთ. თუმცა ბევრმა ისწავლა მდგომარეობასთან საუკეთესოდ გამკლავება. დღეს ისინი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ.

ადამიანისთვის თვალი ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს; სწორედ თვალი გვეხმარება სამყაროს შეცნობაში. ამიტომ თვალისჩინის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი უფრო მეტად ხდება დამოკიდებული სხვა შეგრძნებებზე: სმენაზე, ყნოსვაზე, შეხებასა და გემოვნებაზე.

ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ თანახმად, მკვლევრებმა, რომლებმაც შეისწავლეს ტვინის ნეიროპლასტიურობა, დაასკვნეს, რომ ტვინს აქვს უნარი, „შეიცვალოს გამოცდილებისა და განცდილის მიხედვით“. იმავე სტატიაში აღნიშნულია: „უამრავი ფაქტი ცხადყოფს, რომ როცა ტვინი განიცდის რომელიმე შეგრძნების ნაკლებობას, ნერვული კავშირები ისე გადაეწყობა, რომ უფრო მეტად აქტიურდება სხვა შეგრძნებები“. დავფიქრდეთ შემდეგზე:

სმენა: ადამიანის ხმით დაწყებული ფეხის ხმით დამთავრებული ბგერები გონებაში სურათის წარმოსახვის საშუალებას იძლევა. ერთი უსინათლო კაცი, სახელად ფერნანდო, ამბობს: „ხალხს ხმით და სიარულის მანერითაც კი ვცნობ“. ხუანი, რომელიც აგრეთვე უსინათლოა, გვიზიარებს: „უსინათლო კაცისთვის ხმა ადამიანის ამოსაცნობი ნიშანია“. მხედველი ადამიანის მსგავსად, უსინათლოებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ხმის ტონს, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა ემოციის გადმოცემა.

თვალისჩინწართმეულს ყური ისე აქვს გაწაფული, რომ ხმით შეუძლია აღიქვას გარემო, მაგალითად გაიგოს, რომელი მიმართულებით მოძრაობენ მანქანები, განსაზღვროს ოთახის ზომა და შენიშნოს მის წინ არსებული დაბრკოლებები.

ყნოსვა: ყნოსვის მეშვეობით არა მარტო სურნელს შევიგრძნობთ, არამედ უხვ ინფორმაციასაც ვიღებთ. მაგალითად, უსინათლოს ყნოსვა ეხმარება, გონებაში წარმოისახოს ერთგვარი რუკა, სად ყავის სახლია, სად რესტორანი, სად ბაზარი ან სხვა რამ. „რუკას“ ემატება ნაცნობი ხმები და დეტალები, რომელთა ამოცნობასაც ის შეხებით ახერხებს.

შეხება: „თითები თვალების მაგივრობას მიწევს“, — ამბობს ფრანცისკო. უსინათლოების თვალთახედვის დიაპაზონი ხელჯოხის სიგრძეს არ სცდება. მანასესი, რომელიც დაბადებიდან ვერ ხედავს და ხელჯოხის გამოყენება ბავშვობიდანვე ისწავლა, აღნიშნავს: „სხვა შეგრძნებების, მახსოვრობისა და ტროტუარის თავისებურებების წყალობით, რომელთაც ხელჯოხით შევიგრძნობ, ზუსტად ვიცი, სად ვარ“.

„საგუშაგო კოშკი“ ბრაილის შრიფტით

თვალისჩინდაკარგულებს შეხება ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პუბლიკაციების წაკითხვაშიც ეხმარება. დღეს არსებობს უამრავი საშუალება, რითაც უსინათლოებს შეუძლიათ, დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება და გაიფართოვონ თვალსაწიერი. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურის გარდა ამ მხრივ მათ დიდ სამსახურს აუდიოჩანაწერები და კომპიუტერული ტექნიკა უწევს. ამ ყოველივეს წყალობით უსინათლოებს შეუძლიათ, წაიკითხონ ბიბლია და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სხვადასხვა პუბლიკაცია. *

ამგვარი სულიერი საზრდო უდიდესი ნუგეშისა და იმედის წყარო აღმოჩნდა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული პაკისა და მისი მეუღლისთვის. მათ აგრეთვე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა მოსიყვარულე სულიერმა ოჯახმა, იეჰოვას მოწმეების ადგილობრივმა ქრისტიანულმა კრებამ. „დღეს ჩვენ უკვე სრულფასოვანი და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრება გვაქვს“, — აღნიშნავს პაკი.

უდავოა, რომ უსინათლობას გარკვეული სირთულეები ახლავს თან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია, გადალახოს ეს სირთულეები და გაიხაროს ცხოვრებით, იმაზე მოწმობს, რომ ადამიანი ძლიერი და შემგუებელი ბუნებისაა.

^ აბზ. 10 იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესასწავლ პუბლიკაციებს ბრაილის შრიფტით 25-ზე მეტ ენაზე გამოსცემენ.