არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ქვეყნიერების აღსასრული

ქვეყნიერების აღსასრული

„გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“, — ნათქვამია 1 იოანეს 2:17-ში. რა იგულისხმება „ქვეყნიერებაში“? როდის და როგორ გადავა ის?

რა იგულისხმება „ქვეყნიერებაში“, რომლის აღსასრულიც მოდის?

ბიბლიის თვალსაზრისი:

ვინაიდან ქვეყნიერებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გააჩნია სურვილები, აშკარაა, რომ მასში პირდაპირი გაგებით პლანეტა დედამიწა არ იგულისხმება. ქვეყნიერებაში იგულისხმებიან ღვთის უგულებელმყოფელი ადამიანები, რომლებიც ღმერთს მტრებად ექცნენ (იაკობი 4:4). ასეთი ადამიანებისგან შემდგარი ქვეყნიერება არასწორი სურვილების გამო ღვთის განკითხვას იმსახურებს და „სასჯელად მარადიულ განადგურებას“ მიიღებს (2 თესალონიკელები 1:7—9). მეორე მხრივ, მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა აქვთ მათ, რომლებიც არ არიან ამ „ქვეყნიერების ნაწილი“ და ემორჩილებიან იესო ქრისტეს (იოანე 15:19).

1 იოანეს 2:17 შემდეგი სიტყვებით სრულდება: „ღვთის ნების შემსრულებელი სამარადისოდ რჩება“. დიახ, ისინი მარადიულად სწორედ აქ, დედამიწაზე, იცხოვრებენ, როგორც ამას 37-ე ფსალმუნის 29-ე მუხლი ამბობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.

„ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს“ (1 იოანე 2:15).

როგორ განადგურდება ქვეყნიერება?

ბიბლიის თვალსაზრისი:

განადგურება ორ ეტაპად მოხდება. პირველ რიგში, ღმერთი ცრუ რელიგიას გაანადგურებს, რომელიც ბიბლიაში მეძავთან არის შედარებული და, რომელსაც „დიდი ბაბილონი“ ეწოდება (გამოცხადება 17:1—5; 18:8). ცრუ რელიგია, რომელიც ღვთის ერთგულებაზე დებს თავს, მსოფლიოს მმართველებთან არის შეკრული. მაგრამ საბოლოოდ სწორედ ისინი გაილაშქრებენ მასზე. გამოცხადების 17:16-ში ვკითხულობთ: „[ისინი] შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს [ანუ სიმდიდრეს] შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“.

შემდეგ ღმერთი დედამიწის მმართველებისთვის — „მთელი მსოფლიოს მეფეებისთვის“ მოიცლის. ბოროტებთან ერთად ისინიც განადგურდებიან „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“, რომელსაც ბიბლია „არმაგედონსაც“ უწოდებს (გამოცხადება 16:14, 16).

„ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო . . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3).

როდის განადგურდება ქვეყნიერება?

ბიბლიის თვალსაზრისი:

აღსასრული მას შემდეგ მოვა, რაც მთელ მსოფლიოში გლობალური სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით თითქმის ყველას ყურამდე მიაღწევს ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ბოლოს მოუღებს ადამიანურ მმართველობებს (დანიელი 7:13, 14). იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ეს სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც ღვთის სამართლიანობასა და გულმოწყალებაზე მეტყველებს, იმ ნიშნის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულზე მიანიშნებს. ეს ნიშანი სხვა მოვლენებსაც მოიცავს, კერძოდ: ომებს, მიწისძვრებს, საკვების უკმარისობასა და ეპიდემიებს (მათე 24:3; ლუკა 21:10, 11).

მსოფლიო მოვლენების გარდა ბიბლიამ ისიც იწინასწარმეტყველა, თუ როგორი სოციალური ფონი იქნებოდა „ბოლო დღეებში“. 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ვკითხულობთ: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . მშობლების ურჩები . . . თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. *

დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება მალე განადგურდება (1 იოანე 2:17)

ყველა ეს მოვლენა მიანიშნებს დროზე, რომელიც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომით დაიწყო. უფრო მეტიც, ამ წლიდან მოყოლებული ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ დედამიწის კიდით კიდემდე გაისმის. იეჰოვას მოწმეები დიდ პატივად მიიჩნევენ, რომ სწორედ ისინი ასრულებენ ამ გრანდიოზულ საქმეს. ფაქტობრივად, მათი მთავარი ჟურნალის სახელწოდებაც ასე ჟღერს: „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“.

„ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათე 25:13).

^ აბზ. 14 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-9 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.isa4310.com.