არჩეულ მასალაზე გადასვლა

დიდი ბიბლია

დიდი ბიბლია

ვიდრე იეჰოვას მოწმეებს ბრაილის შრიფტზე გამოცემულ ბიბლიას შეუკვეთავთ, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა მის შესანახად საკმარისი ადგილი. ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ბრაილის ენებზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოციდან ოცდარვა ტომამდეა და მას მინიმუმ, ორი მეტრი სიგრძის თარო სჭირდება.

რელიეფურ ფურცელზე გამოცემული ბიბლიისგან განსხვავებით, სხვა ფორმატით გამოცემულ ბიბლიას გაცილებით ნაკლები ადგილი სჭირდება. ბრაილის შრიფტით საბეჭდი მანქანის საშუალებით უსინათლო არა მხოლოდ ჩანაწერებს აკეთებს, არამედ მისთვის ხელმისაწვდომი ხდება ელექტრონული ინფორმაციაც. ეს საბეჭდი მანქანა სპეციალური ნემსების მეშვეობით ბრაილის სიმბოლოებს ბეჭდავს. გარდა ამისა, უსინათლოები „ეკრანის წამკითხველების“ მეშვეობითაც ეძებენ და უსმენენ პუბლიკაციებს. „ეკრანის წამკითხველები“ დაწერილ ტექსტს ახმოვანებენ.

გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია ტექსტის გადაყვანა სხვადასხვა ენის ბრაილის შრიფტზე. როცა მზადაა ტექსტიც და ბრაილის სიმბოლოებიც, პროგრამას ტექსტი ბრაილის შრიფტზე გადაჰყავს. ასევე, პროგრამა პუბლიკაციას ისეთ ფორმატს აძლევს, რომ უსინათლოებს გაუადვილდეთ მისი კითხვა. ეს პროცესი შესაძლებელს ხდის, რომ იმ ენაზეც კი, რომლებსაც რომაული დამწერლობა არ აქვთ, მაგრამ ბრაილის სიმბოლოები აქვთ, გამოიცეს პუბლიკაციები, მათ შორის ბიბლია, ბრაილის შრიფტზე.

100 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები უსინათლოებისთვისაც გამოსცემენ ბიბლიურ პუბლიკაციებს. ეს პუბლიკაციები ახლა 19 ენაზეა ხელმისაწვდომი. ნებისმიერ უსინათლოს შეუძლია, მიიღოს ეს პუბლიკაციები უფასოდ, რომელიც ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება.

ადრე, როდესაც იეჰოვას მოწმეების კონგრესზე ახალი პუბლიკაციები გამოიცემოდა, ცხადდებოდა, რომ ბრაილის შრიფტზე ამ პუბლიკაციების შეკვეთა მოგვიანებით იქნებოდა შესაძლებელი. გასულ წელს, სათაო ოფისმა შეერთებულ შტატებში, ჩაატარა გამოკითხვა კრებებში, რომ გაეგოთ, თუ რომელ კონგრესზე აპირებდნენ უსინათლოები დასწრებას და როგორი ფორმატით სურდათ პუბლიკაციების მიღება (რელიეფურ ფურცელზე, ბრაილის შრიფტით საბეჭდი მანქანისთვის, თუ „ეკრანის წამკითხველისთვის“).

რელიეფურ ფურცელზე დაბეჭდილი პუბლიკაციები იმ კონგრესებს გაეგზავნათ, სადაც უსინათლოები ესწრებოდნენ, რათა სხვებთან ერთად მათაც მიეღოთ ახლად გამოცემული პუბლიკაციები. ხოლო კონგრესიდან ერთი კვირის შემდეგ, ეს პუბლიკაციები ელექტრონული ფორმატით თითოეულ უსინათლოს გადაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე.

ერთ-ერთი უსინათლო მოწმე ამბობს: «რა დიდი ბედნიერება იყო, როცა ახალი პუბლიკაციები სხვებთან ერთად მეც მივიღე. ფსალმუნების 37:4-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა „შეგისრულებს გულის წადილს“. და მან გულის წადილი ამ შაბათ-კვირას მეც შემისრულა». მეორემ ცრემლმორეულმა თქვა: „ჩემზეც იფიქრეს. მადლობა იეჰოვას ასე სიყვარულით რომ ზრუნავს ჩვენზე“.