არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ნათელი მომავლისკენ მიგიძღვით!

ბიბლია ნათელი მომავლისკენ მიგიძღვით!

წარმოიდგინეთ, რომ ღამის სიბნელეში ბილიკს მიუყვებით. მზე უკვე დიდი ხნის ჩასულია, მაგრამ იმედიანად ხართ, რადგან ხელში ფანარი გიჭირავთ. ის კარგად გინათებთ გზას როგორც ახლო, ისე შორ დისტანციაზე.

ბიბლია რაღაცით ფანარს ჰგავს. როგორც წინა სტატიებიდან დავინახეთ, ღვთის სიტყვა გვეხმარება, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს, რომლებსაც ამ ცვალებად ქვეყნიერებაში ვხვდებით. მეტიც, ის გვიჩვენებს, როგორი მომავალი გველის და გვეხმარება, ვიაროთ იმ გზით, რომელიც უსასრულო ბედნიერებამდე მიგვიყვანს (ფსალმუნი 119:105).

ახლა ვიმსჯელოთ, როგორ გვეხმარება ბიბლია, 1. ვიპოვოთ ცხოვრების აზრი და 2. განვავითაროთ თბილი და ახლო ურთიერთობა ჩვენს შემოქმედთან, რაც დღესვე გვისახავს მომავლის იმედს.

1. აზრიანი ცხოვრება

მართალია, ბიბლია პრობლემებთან გასამკლავებლად სანდო რჩევებს გვთავაზობს, მაგრამ ის უბრალოდ რჩევების კრებული როდია. ბიბლია გვეხმარება, უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ საკუთარი თავი და მხოლოდ ჩვენი საწუხარით არ ვიყოთ მოცული. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძენს ჩვენი ცხოვრება ნამდვილ აზრს.

მაგალითად, დაფიქრდით შემდეგ ბიბლიურ პრინციპზე: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ალბათ, გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა გასაჭირში მყოფისთვის ხელი გაგიმართავთ ან გულდამძიმებული მეგობრისთვის მთელი გულისყურით მოგისმენიათ. განა ამან არ მოგგვარათ კმაყოფილება?!

ჩვენ უდიდეს სიხარულს ვგრძნობთ, როცა სხვებს უანგაროდ ვეხმარებით. ერთმა მწერალმა აღნიშნა: „შეუძლებელია, გაიღო რამე და სანაცვლოდ გაცილებით მეტი არ მიიღო, თუ ამას სრულიად უანგაროდ გააკეთებ“. როცა მთელი გულით ვეხმარებით სხვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისგანაც სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ, არ ვრჩებით ჯილდოს გარეშე. ამ დროს ჩვენ, ასე ვთქვათ, შემოქმედთან ვთანამშრომლობთ, რომელიც სხვისთვის გაკეთებული სიკეთისთვის ჩვენს მოვალედ თვლის თავს. როცა ამას ვაცნობიერებთ, უფრო ფართო ჭრილში ვხედავთ საკუთარ თავს (იგავები 19:17). იეჰოვა ძალიან მადლიერია იმისთვის, რასაც გაჭირვებულთათვის ვაკეთებთ და გვპირდება, რომ სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს. ეს მართლაც საუცხოო იმედია! (ფსალმუნი 37:29; ლუკა 14:12—14). *

რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვასწავლის, რომ თუ ცოცხალი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლები ვიქნებით, ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი გახდება. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, განვადიდოთ იეჰოვა, პატივი მივაგოთ და დავემორჩილოთ, რასაც იგი ნამდვილად იმსახურებს (ეკლესიასტე 12:13; გამოცხადება 4:11). აღტაცებას იწვევს ჩვენში ის ფაქტი, რომ სამყაროს უზენაესი მმართველისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ერთგულება. თავის სიტყვაში იეჰოვა მოგვიწოდებს: „იყავი ბრძენი და გული გამიხარე“ (იგავები 27:11). როდესაც ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ და გონივრულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, გულს ვუხარებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. ეს იმიტომ, რომ ზრუნავს ჩვენზე და სურს, მივყვეთ მის მითითებებს, რომელთა დაცვაც ჩვენთვისვეა სასიკეთო (ესაია 48:17, 18). იმაზე აღმატებული მიზანი რა უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ თაყვანი ვცეთ სამყაროს უზენაეს მმართველს და გული გავუხაროთ მას!

2. შემოქმედთან თბილი და ახლო ურთიერთობა

ბიბლია გვეხმარება, შემოქმედთან თბილი და ახლო ურთიერთობა განვავითაროთ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). დროდადრო შესაძლოა ეჭვი გაგვიჩნდეს, მართლა შესაძლებელია თუ არა ყოვლისშემძლე შემოქმედთან დაახლოება. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ვინც ეძებს ღმერთს, იპოვის, რადგან „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). ეს ბიბლიური რჩევა მართლაც გონივრულია, რადგან მის გათვალისწინებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. რატომ ვამბობთ ამას?

რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დავაღწევთ თავს ჩვენს დაუძინებელ მტერს, სიკვდილს (1 კორინთელები 15:26). მაგრამ ღმერთი მარადარსებულია. იგი უკვდავია და სურს, რომ მისმა მოყვარულებმაც უსასრულოდ იცოცხლონ. ბიბლიაში ძალიან უბრალო და, ამავდროულად, ლამაზი ენითაა გადმოცემული, თუ რა სურს ღმერთს თავის მაძიებელთათვის: „მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები“ (ფსალმუნი 22:26).

როგორ შეგიძლიათ ღმერთთან ახლო და თბილი ურთიერთობის განვითარება? შეეცადეთ, მეტი და მეტი გაიგოთ ღვთის შესახებ ბიბლიის ფურცლებიდან (იოანე 17:3; 2 ტიმოთე 3:16). სთხოვეთ მას დახმარება, რომ უკეთ ჩასწვდეთ მის სიტყვას. ბიბლია გვარწმუნებს, რომ თუ გულწრფელად ვთხოვთ ღმერთს სიბრძნეს, აუცილებლად მოგვცემს (იაკობი 1:5). * და ბოლოს, შეეცადეთ, ცხოვრებაში გამოიყენოთ ნასწავლი. დაე, ღვთის სიტყვა იყოს ლამპარი თქვენი ფეხისთვის და სინათლე თქვენი სავალისთვის დღესაც და მარადიულადაც! (ფსალმუნი 119:105).

^ აბზ. 8 მეტი ინფორმაცია ღვთის დაპირების შესახებ, რომელიც დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს ეხება, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 13 თუ სურვილი გაქვთ, იეჰოვას მოწმეები უფასოდ შეგასწავლიან ბიბლიას, რაც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ ღვთის სიტყვა. მეტი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეორგოლს „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“. მისი ნახვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე jw.org; დააწკაპუნეთ ძებნის ღილაკზე და შემდეგ საძიებო ველში ჩაწერეთ ვიდეორგოლის სათაური.

ღმერთი მარადარსებულია და სურს, რომ მისმა მოყვარულებმაც უსასრულოდ იცოცხლონ