არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორი წიგნია ბიბლია?

როგორი წიგნია ბიბლია?

 ზოგადი ცნობები ბიბლიის შესახებ

  •   ვინ დაწერა ბიბლია? ბიბლიის ავტორი ღმერთია. მან ეს წიგნი დაახლოებით 40 მამაკაცს დააწერინა. მათ შორის იყვნენ მოსე, მეფე დავითი, მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. a ისინი იმას წერდნენ, რასაც ღმერთი შთააგონებდა (2 ტიმოთე 3:16).

     მაგალითად, ბიზნესმენმა შეიძლება მდივანს სთხოვოს, რომ მისი სახელით წერილი დაწეროს და მოკლედ უთხრას მისი შინაარსი. მართალია, წერილს მდივანი წერს, მაგრამ მისი ავტორი ბიზნესმენია. მსგავსად, ღმერთმა ადამიანებს დააწერინა ბიბლია, მაგრამ ამ წიგნის ავტორი თავადაა.

  •   რას ნიშნავს სიტყვა „ბიბლია“? „ბიბლია“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „პატარა წიგნებს“. დროთა განმავლობაში „ბიბლია“ წმინდა წერილებში შემავალი წიგნების კრებულს ეწოდა.

  •   როდის დაიწერა ბიბლია? ბიბლიის წერა ძვ. წ. 1513 წელს დაიწყო და 1 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 98 წელს დასრულდა.

  •   მოაღწია ჩვენამდე ბიბლიის თავდაპირველმა ხელნაწერებმა? არა, რადგან ბიბლია იწერებოდა ნაკლებად გამძლე მასალაზე, მაგალითად, პაპირუსსა და პერგამენტზე. თუმცა საუკუნეების მანძილზე პროფესიონალი გადამწერები დიდ ძალისხმევას ახმარდნენ იმას, რომ ზუსტად გადაეწერათ ხელნაწერები და მომავალი თაობებისთვის შემოენახათ.

  •   რა არის „ძველი აღთქმა“ და „ახალი აღთქმა“? „ძველ აღთქმას“ უწოდებენ ხოლმე ბიბლიის იმ ნაწილს, რომელიც, ძირითადად, ებრაულ ენაზე b დაიწერა. ბიბლიის ეს ნაწილი „ებრაული წერილების“ სახელითაცაა ცნობილი. რაც შეეხება „ახალ აღთქმას“, ამ სახელით ბიბლიის ბერძნულ ენაზე დაწერილ ნაწილს მოიხსენიებენ. ის „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ სახელითაცაა ცნობილი. სწორედ ამ ორი ნაწილისგან შედგება ბიბლია, რომელსაც „წმინდა წერილებიც“ ეწოდება. c

  •   რა ხასიათის წიგნია ბიბლია? ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი ისტორიული ხასიათისაა. მასში შეხვდებით კანონებს, წინასწარმეტყველებებს, პოეზიას, იგავებს, საგალობლებს და წერილებს (იხილეთ  „ბიბლიის წიგნები“).

 რის შესახებ მოგვითხრობს ბიბლია?

 ბიბლიის პირველი თავები მოკლედ მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა ყოვლისშემძლე ღმერთმა ცა და დედამიწა. ამასთანავე, ის თავისი სიტყვის მეშვეობით გვიმჟღავნებს, რომ იეჰოვაა მისი სახელი, და მოგვიწოდებს, გავეცნოთ მას (ფსალმუნი 83:18).

 ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ გავრცელდა ღვთის შესახებ ბევრი სიცრუე და როგორ აღადგენს ის თავის რეპუტაციას.

 ბიბლია გვამცნობს, რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობისთვის და რა ელის დედამიწას. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორ აღმოფხვრის იგი მომავალში ადამიანთა ტანჯვის მიზეზებს.

 ბიბლია ყოველდღიური ცხოვრებისთვის გამოსადეგ რჩევებს გვთავაზობს. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი რჩევა:

  •   სხვებთან კარგი ურთიერთობა. „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? სხვებს ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვსურს, რომ მოგვექცნენ.

  •   სტრესთან გამკლავება. „ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს“ (მათე 6:34).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნაცვლად იმისა, რომ ზედმეტად ვიწუხოთ იმაზე, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს, უმჯობესია, იმაზე ვიფიქროთ, რისი მოგვარებაც არსებულ სიტუაციაშია შესაძლებელი.

  •   ბედნიერი ქორწინება. „თითოეულ თქვენგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).

     რას ნიშნავს ეს სიტყვები? ბედნიერი ცოლქმრობის საწინდარი სიყვარული და პატივისცემაა.

 უცვლელად მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე?

 დიახ. ბიბლეისტებმა შეადარეს ბიბლიის უძველესი ხელნაწერები დღეს არსებულ თარგმანებს და დაინახეს, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, თუკი ღმერთს სურს, რომ ადამიანებმა წაიკითხონ და გაიგონ მისი სიტყვა, განა იმაზეც არ იზრუნებდა, რომ ბიბლია არ შეცვლილიყო?! d (ესაია 40:8).

 რატომ არსებობს ბიბლიის ამდენი თარგმანი?

 ადამიანთა უმეტესობამ არ იცის ის ენები, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. არადა ბიბლიაში ჩაწერილია „სასიხარულო ცნობა … ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6). შესაბამისად, საჭიროა, ყველას გვქონდეს ბიბლიის თარგმანი ჩვენთვის გასაგებ ენაზე, რათა წავიკითხოთ და გავიგოთ ღვთის ცნობა.

 ბიბლიის თარგმანები სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

  •   სიტყვასიტყვითი თარგმანი — ზედმიწევნით მიჰყვება დედნისეულ ტექსტს.

  •   აზრობრივი თარგმანი — დედნისეულ ტექსტში ჩადებული აზრების გადმოსაცემად შესაბამისი სიტყვებია შერჩეული.

  •   თავისუფალი თარგმანი — მთავარი მიზანია, ტექსტი სასიამოვნო წასაკითხი იყოს. ზოგ შემთხვევაში, ასეთი თარგმანი ზუსტად ვერ გადმოსცემს აზრს.

 ბიბლიის კარგი თარგმანი, ერთი მხრივ, ზედმიწევნით მიჰყვება დედნისეულ ტექსტს, მეორე მხრივ კი, ღვთის ცნობას მკითხველისთვის გასაგებად, თანამედროვე ენით გადმოსცემს. e

 ვინ გადაწყვიტა, რომელი წიგნები ჩაითვლებოდა ბიბლიის ნაწილად?

 ეს თავად ბიბლიის ავტორმა, ღმერთმა განსაზღვრა. თავდაპირველად მან ისრაელ ერს მიანდო თავისი წმინდა სიტყვები; სწორედ მათ დაევალათ, რომ ებრაული წერილები მომავალი თაობებისთვის შემოენახათ (რომაელები 3:2).

 ამოღებულია ბიბლიიდან ზოგიერთი წიგნი?

 არა, ბიბლიიდან არცერთი წიგნი არაა ამოღებული. ზოგი ირწმუნება, რომ წიგნები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ იყო დამალული, ბიბლიის ნაწილად უნდა ჩაითვალოს. f თუმცა თავად ბიბლია განსაზღვრავს, რა უნდა ჩაითვალოს მის ნაწილად და რა არა (2 ტიმოთე 1:13). აქედან გამომდინარე, ბიბლიის წიგნები, რომლებიც ღვთის შთაგონებით დაიწერა, ერთმანეთს სრულიად ეთანხმება. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით იმ უძველეს ხელნაწერებზე, რომლებიც, ზოგის აზრით, ბიბლიის ნაწილი უნდა იყოს. g

 როგორ მოვძებნოთ ბიბლიური მუხლები

  ბიბლიის წიგნები

a ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი, მათი დამწერების სახელები და დაწერის დრო მოცემულია ცხრილში „დამატებითი ინფორმაცია ბიბლიის წიგნების შესახებ“.

b ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი დაიწერა ებრაულის მონათესავე ენაზე, არამეულზე.

c ბიბლიის ბევრი მკითხველი ამჯობინებს, რომ „ძველ აღთქმას“ უწოდოს „ებრაული წერილები“, „ახალ აღთქმას“ კი — „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“, რათა ისეთი შთაბეჭდილება არ შეიქმნას, რომ ერთი დრომოჭმულია და მეორემ ჩაანაცვლა.

e ბევრს მოსწონს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რადგან ზუსტი და, ამავდროულად, გასაგები თარგმანია. იხილეთ სტატია «რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“».

f ამ წიგნებს „აპოკრიფულ წიგნებს“ უწოდებენ. „ქრისტიანობის ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ ეს არის „ებრაულ-ქრისტიანული რელიგიური ნაწერები, რომლებიც არაა შესული ბიბლიის შემადგენელ წიგნთა ოფიციალურ ნუსხაში“.

g დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია „არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?“.