არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ დაყო ბიბლია თავებად და მუხლებად?

ვინ დაყო ბიბლია თავებად და მუხლებად?

წარმოიდგინეთ, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ხართ. თქვენმა კრებამ ეს-ესაა წერილი მიიღო პავლე მოციქულისგან. მას ხმამაღლა კითხულობენ და გესმით, რომ პავლე ხშირად ციტირებს „წმინდა წერილებიდან“ ანუ ებრაული წერილებიდან (2 ტიმოთე 3:15). ალბათ, გაიფიქრებდით: „რა კარგი იქნებოდა, საკუთარი თვალით წამეკითხა ის მონაკვეთები, რომლებსაც პავლე ციტირებს“. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. რატომ?

არ არსებობდა თავები და მუხლები

დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა პავლეს დროს არსებული „წმინდა წერილების“ ხელნაწერები. ერთ მათგანს სურათზეც ხედავთ — ეს არის ესაიას წიგნის მკვდარი ზღვის ხელნაწერების ფრაგმენტი. როგორც ხედავთ, ფრაგმენტზე ტექსტი მჭიდროდ არის დაწერილი და არ არის დაცული პუნქტუაცია. დღევანდელი ბიბლიისგან განსხვავებით ტექსტი არც თავებადაა დაყოფილი და არც მუხლებად.

ბიბლიის დამწერები ტექსტს არ ყოფდნენ თავებად და მუხლებად. ისინი უბრალოდ ყველაფერს წერდნენ, რასაც ღმერთი გადასცემდა, რათა მკითხველს ტექსტი ერთ მთლიანობად აღექვა და არა ცალკეულ აზრებად. განა თქვენც ასე არ იქცევით, როდესაც საყვარელი ადამიანისგან მნიშვნელოვან წერილს იღებთ? მთელ წერილს კითხულობთ და არა მხოლოდ მცირე ნაწილს ან ალაგ-ალაგ ამოკრეფილ წინადადებებს.

თუმცა ის, რომ „წმინდა წერილები“ დაყოფილი არ იყო თავებად და მუხლებად, გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. როდესაც პავლეს ებრაული წერილებიდან ციტატები მოჰყავდა, ერთადერთი რის გაკეთებაც შეეძლო, ის იყო, რომ ეთქვა: „როგორც დაწერილია“ ან „როგორც ესაიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი“ (რომაელები 3:10; 9:29). უდავოა, ძალიან გაგიჭირდებოდათ მათი პოვნა, თუ „წმინდა წერილებში“ კარგად არ იქნებოდით გარკვეული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც თავად სახელწოდება „წმინდა წერილები“ მიანიშნებს, ეს არ ყოფილა მცირე მოცულობის ერთი წერილი. ახ. წ. პირველი საუკუნის ბოლოსთვის „წმინდა წერილები“ 66 წიგნისგან შედგებოდა. რა მადლიერია დღეს ღვთის სიტყვის ბევრი მკითხველი, რომ ბიბლია თავებად და მუხლებადაა დაყოფილი, რაც მათ კონკრეტული ადგილის მოძებნას უადვილებს, თუნდაც იმ ციტატების, რომლებსაც პავლეს წერილებში ვხვდებით.

ალბათ, გაინტერესებთ, ვინ დაყო ბიბლია თავებად და მუხლებად?

ვინ დაყო თავებად?

ბიბლია თავებად ინგლისელმა სასულიერო პირმა, სტივენ ლენგტონმა, დაყო, რომელიც მოგვიანებით კენტერბერის არქიეპისკოპოსი გახდა. ეს იყო ახ. წ. მე-13 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ის პარიზის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

ლენგტონამდე სწავლულებმა სხვადასხვა გზა მოსინჯეს ბიბლიის პატარ-პატარა მონაკვეთებად თუ თავებად დასაყოფად, როგორც ჩანს, უმთავრესად იმ მიზნით, რომ ესა თუ ის ადგილი ადვილი მისათითებელი და მოსაძებნი ყოფილიყო. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა იოლი იქნებოდა სასურველი ადგილის მოძებნა მხოლოდ ერთ თავში და არა მთელ წიგნში, მაგალითად, ესაიას წიგნში, რომელიც 66 თავისგან შედგება.

თუმცა ამან სხვა პრობლემა შექმნა. სწავლულებმა ბიბლიის თავებად დაყოფის განსხვავებული და ერთმანეთთან შეუთავსებელი სხვადასხვა სისტემა შეიმუშავეს. მაგალითად, მარკოზის სახარება თითქმის 50 თავად იყო დაყოფილი და არა 16 თავად, როგორც დღეს არის. ლენგტონის დროს პარიზის უნივერსიტეტში სხვადასხვა ქვეყნიდან სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს თან საკუთარი ბიბლიები მიჰქონდათ. მაგრამ, როდესაც ლექტორები რომელიმე ბიბლიურ მონაკვეთს მოიხსენიებდნენ, სტუდენტებს უჭირდათ მათი მოძებნა თავიანთ ბიბლიებში. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ ბიბლიებში ტექსტი თავებად სხვადასხვა მეთოდით იყო დაყოფილი.

ამიტომ ლენგტონმა ბიბლიის თავებად დაყოფის ახალი სისტემა შეიმუშავა. მისმა მეთოდმა „მკითხველების და გადამწერების დიდი მოწონება დაიმსახურა და სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში“, — აღნიშნულია წიგნში „ბიბლიის ისტორია“. დღეს არსებული ბიბლიების უმეტესობა მის მიერ შემუშავებული მეთოდითაა თავებად დაყოფილი.

ვინ დაყო მუხლებად?

დაახლოებით 300 წლის შემდეგ, მე-16 საუკუნის შუა პერიოდში, სახელგანთქმულმა ფრანგმა მეცნიერმა და ტიპოგრაფმა, რობერ ესტიენმა, საქმე უფრო გააიოლა. მისი მიზანი იყო, რომ ხალხი უკეთ გაცნობოდა ბიბლიას. მან დაინახა, რამდენად დამხმარე იქნებოდა მკითხველისთვის, თუ ბიბლია თავებად და მუხლებად ერთი და იმავე მეთოდით იქნებოდა დაყოფილი.

ბიბლიის მუხლებად დაყოფა ესტიენის იდეა არ ყოფილა. მაგალითად, საუკუნეებით ადრე ებრაელმა გადამწერებმა მთლიანი ებრაული წერილები, ანუ ბიბლიის ის ნაწილი, რომელსაც „ძველი აღთქმის“ სახელით ვიცნობთ, დაყვეს მუხლებად, მაგრამ არა თავებად. თუმცა, როგორც თავებად დაყოფის შემთხვევაში, აქაც არ არსებობდა ერთიანი სისტემა.

ესტიენმა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ანუ „ახალი აღთქმის“ სახელით ცნობილი წერილები, მუხლებად ახალი მეთოდით დაყო. მან ეს ახალი სისტემა შეუთავსა უკვე არსებულ ებრაული წერილების მუხლებად დაყოფის სისტემას და ამგვარად შექმნა მთლიანი ბიბლიის თავებად და მუხლებად დაყოფის ერთიანი სისტემა. 1553 წელს მან გამოაქვეყნა პირველი სრული ბიბლია ფრანგულ ენაზე. დღემდე ბიბლიების უმეტესობა სწორედ ამ მეთოდითაა დაყოფილი თავებად და მუხლებად. ზოგმა გააკრიტიკა ესტიენი ამის გამო და თქვა, რომ ბიბლიის მუხლებად დაყოფამ ტექსტი დაანაწევრა და ცალკეულ აზრებად დაყო. თუმცა მისმა მეთოდმა მალე დაიმსახურა სხვა გამომცემლების მოწონება.

ბიბლიის შემსწავლელებისთვის ადვილი გამოსაყენებელი

შეიძლება დღეს განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ ბიბლია თავებად და მუხლებადაა დაყოფილი, თუმცა სწორედ ამის გამოა, რომ ბიბლიაში თითოეულ მუხლს თავისი „მისამართი“ აქვს, რომელიც შეიძლება საფოსტო ინდექსს შევადაროთ. ცხადია, ბიბლიის თავებად და მუხლებად დაყოფა ღვთის შთაგონებით არ მომხდარა და ზოგჯერ ტექსტი ისეთ ადგილას წყდება, რომ აზრი არ არის დასრულებული. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მუხლებად და თავებად დაყოფილი ბიბლია გვიადვილებს ციტირებული თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მუხლების პოვნას, მათ მონიშვნას და სხვებისთვის გაზიარებას. ეს დაახლოებით იმის მსგავსია, წიგნში ან დოკუმენტში რომ მოვნიშნავთ ხოლმე იმ მნიშვნელოვან წინადადებებსა თუ გამონათქვამებს, რომელთა დამახსოვრებაც განსაკუთრებით გვსურს.

მართალია, ძალიან მოსახერხებელია თავებად და მუხლებად დაყოფილი ბიბლიის გამოყენება, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია, კითხვის დროს მთლიანი სურათი დაინახოთ, ანუ ჩასწვდეთ, რისი თქმა სურს თქვენთვის ღმერთს. ჩვევად გაიხადეთ, რომ მხოლოდ ცალკეული მუხლები კი არ იკითხოთ, არამედ მათ კონტექსტსაც გაეცნოთ. ბიბლიის ამგვარად კითხვა დაგეხმარებათ, უფრო და უფრო უკეთ ჩასწვდეთ მთელ „წმინდა წერილებს, რომლებსაც . . . შეუძლია [თქვენი] დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15).