არჩეულ მასალაზე გადასვლა

უცვლელად მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე?

უცვლელად მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე?

 უძველესი ხელნაწერები ადასტურებს, რომ ბიბლიის ტექსტმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ტექსტების გადაწერა საუკუნეების განმავლობაში მალფუჭებად მასალაზე ხდებოდა.

ნიშნავს ეს იმას, რომ გადამწერები შეცდომებს არ უშვებდნენ?

 აღმოჩენილ იქნა ბიბლიის ათასობით უძველესი ხელნაწერი. ზოგიერთ ტექსტში მცირე სხვაობები შეინიშნებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადამწერები უშვებდნენ შეცდომებს. თუმცა მათი უმეტესობა უმნიშვნელო იყო და ტექსტის შინაარსს არ ცვლიდა. აგრეთვე აღმოჩენილ იქნა შეცდომები, რომლებიც გადამწერს განზრახ ჰქონდა დაშვებული, რათა ბიბლიის ტექსტი დაემახინჯებინა. განვიხილოთ ორი მაგალითი.

  1.   ბიბლიის ზოგიერთ ძველ თარგმანში 1 იოანეს 5:7-ში წერია: „რადგან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“. თუმცა სანდო ხელნაწერები ადასტურებს, რომ დედნისეულ ტექსტში მსგავსი რამ არ ეწერა. ისინი მოგვიანებით იქნა ჩამატებული. a ამიტომაც ბიბლიის ბევრი თანამედროვე თარგმანიდან ეს სიტყვები ამოღებულია.

  2.   ღვთის სახელი ბიბლიის ათასობით უძველეს ხელნაწერში გვხვდება. თუმცა ბიბლიის ბევრ თარგმანში ის შეცვალეს წოდებებით „ღმერთი“ და „უფალი“.

რა გვარწმუნებს, რომ ბიბლიაში სხვა შეცდომებსაც არ აღმოაჩენენ?

 დღეს უამრავ ხელნაწერზე მიგვიწვდება ხელი, რაც საგრძნობლად გვიადვილებს შეცდომების აღმოჩენას. b რა დასკვნამდე მივყავართ აღმოჩენილი ხელნაწერების ერთმანეთთან შედარებას ბიბლიის სიზუსტესთან დაკავშირებით?

  •   ებრაული წერილების („ძველი აღთქმა“) შესახებ ბიბლეისტი უილიამ გრინი ასეთ რამეს ამბობს: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არც ერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა“.

  •   ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევარი ფრედერიკ ბრუსი აღნიშნავს: „ახალი აღთქმის ხელნაწერების უტყუარობის დამადასტურებელი უფრო მეტი ფაქტი არსებობს, ვიდრე კლასიკოსთა ნაშრომების, რომელთა უტყუარობაში ვერავინ ბედავს ეჭვის შეტანას“.

  •   ბიბლიის ხელნაწერთა ცნობილმა მკვლევარმა ფრედერიკ კენიონმა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შესახებ დაწერა: „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თამამად თქვას, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას ძირითადად უცვლელი სახით გადაეცა“.

კიდევ რა მოწმობს იმაზე, რომ ბიბლიამ უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე?

  •   როგორც ებრაელი, ისე ქრისტიანი გადამწერები არ ერიდებოდნენ ისეთი ბიბლიური მონაკვეთების ზედმიწევნით გადაწერას, რომლებიც ღვთის ხალხის შეცდომებს ააშკარავებდა c (რიცხვები 20:12; 2 სამუელი 11:2—4; გალატელები 2:11—14). მსგავსად, ისინი არც იმ ბიბლიურ მონაკვეთებს უვლიდნენ გვერდს, რომლებიც ებრაელი ერის ურჩობასა და ადამიანთა მოძღვრებებს ამხელდა (ოსია 4:2; მალაქია 2:8, 9; მათე 23:8, 9; 1 იოანე 5:21). ეს მოწმობს, რომ ბიბლიის გადამწერები ღვთის სიტყვის მიმართ მოწიწებითა და პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული.

  •   ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ღმერთი, რომელმაც ადამიანებს თავისი სიტყვები დააწერინა, იმაზეც იზრუნებდა, რომ ბიბლიას ჩვენამდე უცვლელი სახით მოეღწია d (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:24, 25). მას ხომ განზრახული ჰქონდა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით დღეს მცხოვრებ ადამიანებსაც ეხელმძღვანელათ?! (1 კორინთელები 10:11). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი.“ (რომაელები 15:4).

  •   იესო და მისი მოწაფეები ებრაული ხელნაწერების ასლებიდან ციტირებდნენ და ეჭვქვეშ არ აყენებდნენ ამ უძველესი ხელნაწერების სიზუსტესა და უტყუარობას (ლუკა 4:16—21; საქმეები 17:1—3).

a ეს სიტყვები არ გვხვდება სინურ კოდექსში, ალექსანდრიის კოდექსში, ვატიკანურ ხელნაწერში (№1209), ორიგინალ ლათინურ ვულგატაში, ფილოქსენესა და ჰარკელის სირიულ თარგმანსა და სირიულ ფეშიტაში.

b მაგალითად აღმოჩენილ იქნა ბერძნულ ენაზე შესრულებული „ახალი აღთქმის“, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, 5 000-ზე მეტი ხელნაწერი.

c ბიბლია არ ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის წარმომადგენლებად მსახურობდნენ, შეცდომებს არ უშვებდნენ. მასში ნათქვამია: „არ არსებობს უცოდველი კაცი“ (1 მეფეები 8:46).

d ღმერთი სიტყვასიტყვით კი არ კარნახობდა, არამედ სასწაულებრივად შთააგონებდა ბიბლიის დამწერებს თავის აზრებს (2 ტიმოთე 3:16, 17; 2 პეტრე 1:21).