არჩეულ მასალაზე გადასვლა

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

 იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გამოსაკვლევად სხვადასხვა თარგმანით სარგებლობენ. თუმცა, თუ მათ ენაზე ხელმისაწვდომია, უპირატესობას ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ანიჭებენ. ეს თარგმანი იმით გამოირჩევა, რომ მასში გამოყენებულია ღვთის სახელი, ზუსტი და ადვილი გასაგებია.

  •   ღვთის სახელი. ბიბლიის ზოგმა გამომცემელმა არაფრად ჩააგდო ამ წიგნის ავტორი. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებული იყო 70-ზე მეტი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებმაც წიგნის გამოცემაში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ამავე ბიბლიაში ერთხელაც არ არის ნახსენები წიგნის ავტორის — იეჰოვა ღმერთის — სახელი.

     ამის საპირისპიროდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ათასობით ადგილას აღადგინეს ღვთის სახელი, ისე როგორც ეს დედნისეულ ტექსტში იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი, რომელმაც ეს თარგმანი გამოსცა, ანონიმური რჩება.

  •   სიზუსტე. სამწუხაროდ, ყველა მთარგმნელი ზუსტად არ გადმოსცემს აზრს, რომელიც დედნისეულ ტექსტში იყო ჩადებული. მაგალითად, ერთი თარგმანი მათეს 7:13-ს ასე თარგმნის: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს, და ადვილია მასზე სიარული.“ მაგრამ დედნისეულ ტექსტში სიტყვა „ჯოჯოხეთი“ კი არა, „დაღუპვაა“ გამოყენებული. როგორც ჩანს, მთარგმნელებმა იმიტომ გამოიყენეს სიტყვა „ჯოჯოხეთი“, რომ მათი აზრით, ბოროტები სამუდამოდ უნდა დატანჯულიყვნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში. მაგრამ მსგავს აზრს ბიბლიაში ვერსად შევხვდებით. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ აზრი ზუსტადაა გადმოცემული: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით“.

  •   გასაგები. კარგი თარგმანი არა მხოლოდ ზუსტი უნდა იყოს, არამედ ადვილი გასაგებიც. მაგალითად, რომაელების 12:11-ში ქრისტიანი მოციქული პავლე იყენებს გამოთქმას, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულით მდუღარენი“. ვინაიდან ეს გამოთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე ბევრს არაფერს ეუბნება მკითხველს, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ სიტყვებს ისე გადმოსცემს, რომ გაცილებით ადვილი გასაგებია. ბიბლიის ამ თარგმანში წერია, რომ ქრისტიანები „სულით უნდა აენთონ“.

 გარდა იმისა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ გამოყენებულია ღვთის სახელი, ადვილად გასაგები და ზუსტია, მისი მიღება სრულიად უსასყიდლოდაც შეიძლება. ამის წყალობით ბიბლიის წაკითხვა მშობლიურ ენაზე მილიონებს შეუძლიათ, მათ შორის მათაც, რომელთა ენაზეც არასდროს გამოცემულა ღვთის სიტყვა.