არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებისთვის

როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სირთულეებს ქორწინების პირველ წელს?

როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სირთულეებს ქორწინების პირველ წელს?

ქმარი ამბობს: „ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო იმის აღმოჩენა, რომ მე და ჩემი მეუღლე ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან! მაგალითად, მე დილით ადრე მიყვარს ადგომა, მას კი გვიანობამდე უყვარს ძილი. მისი ხასიათის ცვალებადობაც საგონებელში მაგდებს. გარდა ამისა, როცა საჭმელს ვაკეთებ, სულ მაკრიტიკებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხელებს ჭურჭლის ტილოთი ვიწმენდ“.

ცოლი ამბობს: „ჩემი ქმარი სიტყვაძუნწი კაცია. ჩემს ოჯახში კი ბევრს ვსაუბრობდით, განსაკუთრებით ჭამის დროს. საჭმლის მომზადებისას ჩემი ქმარი რომელი ტილოთიც ამშრალებს ჭურჭელს, იმავეთი იწმენდს ხელებს. ეს ძალიან მაღიზიანებს! რატომ არის ასე რთული, გაუგო კაცებს? როგორ ახერხებს ზოგი ცოლ-ქმარი, რომ ბედნიერები იყვნენ?“

თუ ახალი დაქორწინებული ხართ, თქვენც ხომ არა გაქვთ მსგავსი პრობლემები? დაქორწინების შემდეგ ხომ არ აღმოაჩინეთ ერთმანეთის ის ნაკლოვანებები და სისუსტეები, რომელსაც ვერ ამჩნევდით მაშინ, როცა ერთმანეთს ხვდებოდით? როგორ შეგიძლიათ შეამციროთ „ხორციელი გასაჭირი“, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას სდევს თან (1 კორინთელები 7:28).

პირველი, არ იფიქროთ, რომ მას შემდეგ, რაც საქორწინო აღთქმა დადეთ, ოჯახური ცხოვრების ექსპერტები გახდით. ალბათ, ადრევე გქონდათ ადამიანებთან ურთიერთობის კარგი მანერები. თუმცა, ალბათ, ისინი უფრო დახვეწეთ, როცა თქვენს მომავალ მეუღლეს ხვდებოდით. მაგრამ დაქორწინების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ უფრო მეტის სწავლაა საჭირო და, შესაძლოა, მიხვდით, რომ უფრო უნდა დაიხვეწოთ. დაუშვებთ შეცდომებს? რა თქმა უნდა. შეძლებთ საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას? დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ.

თუ გსურთ, გაუმჯობესდეთ ამა თუ იმ საქმეში, რჩევა-დარიგებისთვის ამ საქმის ექსპერტს უნდა მიმართოთ და შემდეგ მისი რჩევები გაითვალისწინოთ. ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხების საუკეთესო ექსპერტი იეჰოვა ღმერთია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან ჩადო ჩვენში დაქორწინების სურვილი (დაბადება 2:22—24). ყურადღება მიაქციეთ, როგორ შეუძლია მის სიტყვას, ბიბლიას, დაგეხმაროთ სირთულეების გადალახვაში და იმ უნარ-ჩვევების შეძენაში, რომელიც ასე აუცილებელია ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის.

რჩევა 1. ისწავლეთ ერთად თათბირი

პრობლემა.

კეიჯის, * რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, ზოგჯერ ავიწყდება, რომ მისი გადაწყვეტილებები მის ცოლზეც ახდენს გავლენას. „ზოგჯერ მიპატიჟებაზე ვთანხმდებოდი ისე, რომ ჩემს მეუღლეს არც კი ვეკითხებოდი, ეცალა თუ არა, — ამბობს ის. — მოგვიანებით კი ვიგებდი, რომ მას იმ დროს არ ეცალა“. ავსტრალიაში მცხოვრები ალენი ამბობს: „ვფიქრობდი, რომ კაცური საქციელი არ იყო, თუ რაიმეზე ცოლს ვკითხავდი რჩევას“. ის ასე იყო აღზრდილი და ამიტომაც ფიქრობდა ამგვარად. მსგავსი პრობლემა ჰქონდა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ დაიანასაც. ის იხსენებს: „რჩევის საკითხავად წამდაუწუმ ჩემი ოჯახის წევრებთან გავრბოდი. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევას ქმარს კი არა, მათ ვეკითხებოდი“.

გამოსავალი.

გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ღმერთის თვალში ცოლ-ქმარი „ერთი ხორცია“ (მათე 19:3—6). ღვთისთვის ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან მათი ურთიერთობა. მეუღლეებს შორის აზრების გაცვლა-გამოცვლა აუცილებელია კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

ცოლ-ქმარს ბევრის სწავლა შეუძლია ბიბლიის იმ მონაკვეთიდან, რომელშიც აღწერილია იეჰოვა ღმერთისა და აბრაამის საუბარი. შეგიძლიათ წაიკითხოთ დაბადების 18:17—33. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გამოავლინა ღმერთმა აბრაამის მიმართ პატივისცემა: 1) იეჰოვამ გაუმხილა, თუ რის გაკეთებას აპირებდა; 2) მოუსმინა აბრაამს, როცა ის თავის აზრს გამოთქვამდა; 3) იეჰოვამ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინა აბრაამის თხოვნა. შეგიძლიათ თქვენც მსგავსად მოიქცეთ, როცა თქვენს მეუღლესთან თათბირობთ?

ეცადეთ ასე მოიქცეთ: მეუღლესთან იმ საკითხებზე მსჯელობისას, რომლებიც მასაც ეხება, 1) ნაცვლად იმისა, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილება გააცნოთ, აუხსენით, როგორ გინდათ ამ საკითხის მოგვარება; 2) სთხოვეთ, გამოთქვას თავისი აზრი და გახსოვდეთ, მას აქვს უფლება, ჰქონდეს განსხვავებული თვალსაზრისი; 3) „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“, როცა თქვენი მეუღლის აზრს ითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად (ფილიპელები 4:5).

რჩევა 2. ისწავლეთ ტაქტიანობა

პრობლემა.

შესაძლოა, თქვენს აზრს მკვახედ ან კატეგორიულად გამოთქვამთ, რაც შეიძლება იმ გარემომ განაპირობა, რომელშიც გაიზარდეთ. მაგალითად, ლიამი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, ამბობს: „იქ, სადაც მე გავიზარდე, ადამიანები ტაქტიანობით არ გამოირჩევიან. ჩემი უხეში საუბრით ხშირად ცოლს გულს ვტკენდი. მომიწია, მესწავლა უფრო ტაქტიანი საუბარი“.

გამოსავალი.

ნუ მოელით, რომ თქვენი მეუღლისთვის მისაღები იქნება საუბრის ისეთი მანერა, როგორიც თქვენთვის ჩვეულებრივია (ფილიპელები 2:3, 4). რჩევა, რომელიც პავლე მოციქულმა ერთ მისიონერს მისცა, ახალდაქორწინებულთათვისაც სასარგებლოა. მან თქვა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“. ბერძნულ ორიგინალში მოცემული სიტყვა „თავაზინი“ შეიძლება ასევე ითარგმნოს, როგორც „ტაქტიანი“ (2 ტიმოთე 2:24). ტაქტიანმა ადამიანმა იცის, როდის არის საჭირო სიფრთხილე და, როგორ უნდა მოაგვაროს საკითხი ისე, რომ გული არავის ატკინოს.

ეცადეთ ასე მოიქცეთ: როდესაც მეუღლე გაღიზიანებთ, წარმოიდგინეთ, რომ მის მაგივრად ახლო მეგობარს ან დამსაქმებელს ელაპარაკებით. იმავე ტონითა და სიტყვებით დაელაპარაკებოდით მათაც? შემდეგ დაფიქრდით იმ მიზეზებზე, თუ რატომ იმსახურებს თქვენი მეუღლე მეგობარზე ან დამსაქმებელზე უფრო მეტ პატივისცემას და ტაქტიან მოპყრობას (კოლოსელები 4:6).

რჩევა 3. შეეგუეთ თქვენს ახალ როლს

პრობლემა.

შესაძლოა, ქმარმა, როგორც მეთაურმა, თავიდან საკუთარი ძალაუფლება ისე გამოიყენოს, რომ თავისდაუნებურად ცოლს გული ატკინოს ან ცოლმა გაუთვითცნობიერებლად უტაქტო შენიშვნები მისცეს ქმარს. მაგალითად, ანტონიო, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ამბობს: „მამაჩემი ოჯახურ საკითხებს თითქმის არასოდეს ათანხმებდა დედაჩემთან. ამიტომ თავიდან ოჯახს მონარქივით ვმართავდი“. კანადაში მცხოვრები დები კი იხსენებს: „ქმრისგან მოვითხოვდი, რომ მოწესრიგებული ყოფილიყო. მაგრამ ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო ის უფრო ჯიუტობდა“.

მითითება ქმრებს.

ზოგიერთი ქმარი ერთმანეთში ურევს იმას, რასაც ბიბლია ამბობს ქმრისადმი ცოლის მორჩილებასა და მშობლისადმი შვილის მორჩილებაზე (კოლოსელები 3:20; 1 პეტრე 3:1). ბიბლია ამბობს, რომ ქმარი „მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. მაგრამ იმავეს არ ამბობს მშობელსა და შვილზე (მათე 19:5). იეჰოვამ ცოლს ქმრის შემავსებელი უწოდა (დაბადება 2:18). ის არასოდეს მოიხსენიებს შვილს მშობლის შემავსებლად. თქვენი აზრით, ავლენს ქმარი ქორწინებისადმი პატივისცემას, თუკი ცოლს ისე ექცევა, როგორც შვილს?

ღვთის სიტყვა ქმრებს მოუწოდებს, ცოლებს ისე მოექცნენ, როგორც იესო ექცევა ქრისტიანულ კრებას. ცოლს გაუადვილებთ თქვენი მეთაურობისადმი მორჩილებას, თუ 1) არ მოითხოვთ დაუყოვნებლივ და უსიტყვო მორჩილებას და 2) თუ ის ისევე გეყვარებათ, როგორც საკუთარი სხეული მაშინაც კი, როცა თქვენს შორის უთანხმოებები წარმოიშობა (ეფესოელები 5:25—29).

მითითება ცოლებს.

გაითავისეთ, რომ ახლა უკვე თქვენი მეუღლე ღვთისგან დანიშნული თქვენი მეთაურია (1 კორინთელები 11:3). თუ პატივს სცემთ ქმარს, პატივს სცემთ ღმერთს. თუ მის მეთაურობას უარყოფთ, ამაში მხოლოდ ქმრისადმი თქვენი დამოკიდებულება კი არა, ღვთისადმი და მისი მოთხოვნებისადმი თქვენი დამოკიდებულებაც ჩანს (კოლოსელები 3:18).

პრობლემებზე საუბრისას თავად პრობლემას შეუტიეთ და არა ქმარს. მაგალითად, დედოფალ ესთერს უნდოდა, რომ მის მეუღლეს, მეფე ახაშვეროშს, უსამართლობა აღმოეფხვრა. მან არ შეუტია მეფეს. ის ტაქტიანად მიუდგა მას. მისმა მეუღლემ გაითვალისწინა მისი თხოვნა და საბოლოოდ სწორად მოიქცა (ესთერი 7:1—4; 8:3—8). თქვენს მეუღლეს, ალბათ, უფრო შეუყვარდებით, თუ 1) დროს მისცემთ, გაითავისოს, როგორც ოჯახის მეთაურმა, თავისი ახალი როლი და 2) თუ პატივისცემით მოექცევით მას მაშინაც კი, როცა შეცდომებს უშვებს (ეფესოელები 5:33).

ეცადეთ ასე მოიქცეთ: ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ, რა აქვს თქვენს მეუღლეს შესაცვლელი, იმაზე იფიქრეთ, თავად თქვენ რა გაქვთ შესაცვლელი. ქმრებო: როდესაც გულს სტკენთ თქვენს მეუღლეს იმით, რომ არ ასრულებთ ოჯახისთავის მოვალეობას ან არასწორად იყენებთ ძალაუფლებას, ჰკითხეთ მეუღლეს, როგორ გაუმჯობესდეთ და ჩაიწერეთ, რასაც გეტყვით. ცოლებო: როდესაც თქვენი მეუღლე ფიქრობს, რომ არ აფასებთ, ჰკითხეთ, რა შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენც ჩაიწერეთ.

ნუ მოელით ზედმეტს

მეუღლესთან კარგი და გაწონასწორებული ურთიერთობის სწავლა ჰგავს ველოსიპედის ტარების სწავლას. სანამ კარგად ისწავლი ველოსიპედის ტარებას, არაერთხელ დაეცემი. მსგავსად, სანამ ოჯახურ ცხოვრებაში გამოცდილებას შეიძენთ, არაერთ შეცდომას დაუშვებთ.

შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა. თქვენი მეუღლის წუხილი გულთან ახლოს მიიტანეთ, მაგრამ ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე გაცინებაც. ეძებეთ იმის შესაძლებლობები, რომ გაახაროთ თქვენი მეუღლე ქორწინების პირველ წელს (კანონი 24:5). გარდა ამისა, ნება მიეცით ღვთის სიტყვას, უხელმძღვანელოს თქვენს ურთიერთობას. თუ ასე მოიქცევით, თქვენი ქორწინება უფრო განმტკიცდება წლიდან წლამდე.

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • მივიჩნევ ჩემს მეუღლეს ყველაზე ახლო მეგობრად, თუ რჩევებისთვის სხვასთან გავრბივარ?

  • რა გავაკეთე ამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისეთი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიყვარს ჩემი მეუღლე და ვაფასებ მას?