არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ფიჭა

ფიჭა

მეთაფლია ფუტკრები (Apis mellifera) ფიჭას ცვილით აშენებენ, რომელსაც მუცლის სეგმენტებზე არსებული ცვილის ჯირკვლებიდან გამოყოფენ. ფიჭა მიიჩნევა საინჟინრო საოცრებად. რატომ?

დაფიქრდით: საუკუნეების მანძილზე მათემატიკოსები თვლიდნენ, რომ ექვსკუთხა ფიგურა ბევრად უკეთესი იყო ტოლგვერდა სამკუთხედზე, კვადრატზე ან ნებისმიერი სხვა ფორმის ფიგურაზე, ვინაიდან მინიმალური საშენი მასალის გამოყენებით სივრცის მაქსიმალურად ათვისება იყო შესაძლებელი. თუმცა ამის მიზეზს ბოლომდე ვერ ხსნიდნენ. 1999 წელს პროფესორმა ტომას ჰეილსმა წარმოადგინა მათემატიკური მტკიცებულება იმის ასახსნელად, თუ რატომ იყო ეს კონსტრუქცია საუკეთესო. მან თავის მოსაზრებას „ფიჭური ჰიპოთეზა“ უწოდა და ახსნა, რომ სივრცის ექვსკუთხედებად დაყოფა საუკეთესო საშუალებაა მისი თანაბარ ნაწილებად დასაყოფად მინიმალური სამშენებლო მასალის გამოყენებით.

ექვსკუთხა უჯრედების წყალობით ფუტკრები მაქსიმალურად ითვისებენ არსებულ სივრცეს და აშენებენ მსუბუქ მაგრამ ამავე დროს გამძლე ფიჭას ცვილის მინიმალური დანახარჯით. ეს კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფუტკრებმა ფიჭის უჯრედებში მაქსიმალური რაოდენობის თაფლი მოაგროვონ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, თუ რატომ უწოდეს ფიჭას „არქიტექტურული შედევრი“.

დღეს მეცნიერებს ფიჭაზე დაკვირვებით სურთ შექმნან გამძლე კონსტრუქციები, რომლებიც სივრცის მაქსიმალურად ათვისების საშუალებას იძლევა. მაგალითად, საავიაციო ინჟინრები იყენებენ ფიჭისმაგვარ პანელებს, რათა ააგონ ძლიერი და მსუბუქი თვითმფრინავები, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარენ.

რას ფიქრობთ? ფიჭის ასეთი საოცარი სტრუქტურა ევოლუციის გზით გაჩნდა, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?