არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ლურჯი ბრილიანტივით მოელვარე კენკრა

ლურჯი ბრილიანტივით მოელვარე კენკრა

ერთ-ერთი სახეობის კენკრა (Pollia condensata), რომელიც აფრიკის ტყეებში ხარობს, მცენარეებს შორის ყველაზე მკვეთრი ლურჯი შეფერილობით გამოირჩევა. თუმცა საინტერესოა, რომ მას ლურჯი პიგმენტი საერთოდ არ გააჩნია. მაშ, რა განაპირობებს მის ასეთ თვალისმომჭრელ შეფერილობას?

დაფიქრდით: ამ კენკრის კანის უჯრედის კედლებზე განლაგებული პაწაწინა ბოჭკოები ერთმანეთის გვერდიგვერდ ასანთის ღერებივითაა ჩამწკრივებული. ეს ბოჭკოები ქმნიან ფენებს, რომლებიც ერთმანეთზე ისეა დალაგებული, რომ თითოეული ფენა ქვედა ფენასთან მიმართებით პატარა კუთხეს ქმნის. ისინი სპირალისებურად არიან განლაგებული. საინტერესოა, რომ თავად ბოჭკოები ლურჯი ფერის არ არის. კენკრის ასეთ შეფერილობას ბოჭკოების განლაგება განაპირობებს. ასე რომ, ამ მცენარეს მეტალურ ელფერსა და ნაირფერადობას არა პიგმენტი, არამედ კანის უჯრედის აგებულება აძლევს. უჯრედების უმეტესობა ლურჯი ჩანს, მაგრამ თუ სხვადასხვა კუთხიდან შევხედავთ, შეიძლება მწვანედ, ვარდისფრად ან ყვითლად აღვიქვათ და ეს იმიტომ, რომ ზოგი ბოჭკოვანი ფენა ოდნავ განსხვავებული სტრუქტურისაა. მეტიც, როცა მეცნიერები მის ზედაპირს მიკროსკოპით დააკვირდნენ, პიქსელების მსგავსი დანაყოფები შენიშნეს ისევე, როგორც კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულების გადიდებისას ვხედავთ.

ვინაიდან ამ მცენარის ნაყოფს პიგმენტი არა აქვს, ის ჩამოცვენის შემდეგაც ფერს დიდხანს ინარჩუნებს. მაგალითად, 100 წელზე მეტი ხნის წინ დაკრეფილ ამ კენკრის ზოგ ნაყოფს დღემდე ცოცხალივით ხასხასა ფერი აქვს. მართალია, ამ მრავალთესლიან მცენარეს არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ფრინველებს თავისი სიკაშკაშით იზიდავს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ საოცარი შეფერილობის კენკრაზე დაკვირვებით, რომელსაც პიგმენტი არა აქვს, შექმნიან, მაგალითად გაუხუნებელ საღებავს და ისეთ ქაღალდს, რომელსაც ვერავინ გააყალბებს.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად აქვს ამ კენკრას ასეთი თვალისმომჭრელი შეფერილობა თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?