არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები პაემანზე სიარულს?

როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები პაემანზე სიარულს?

 იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები და მითითებები ადამიანებს ეხმარება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ღმერთს გულს უხარებს და სიკეთე მოაქვს მათთვის (ესაია 48:17, 18). ეს პრინციპები და მითითებები ჩვენი დადგენილი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, მათ თანახმად ვიცხოვროთ. განვიხილოთ, როგორ უკავშირდება ზოგი მათგანი პაემანთან დაკავშირებულ საკითხს. a

  •   ქორწინება მუდმივი კავშირია (მათე 19:6). იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან პაემანზე სიარულს, რადგან ის ქორწინებამდე მიმყვანი ნაბიჯია.

  •   ქალ-ვაჟმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს შეხვედრა, როცა ქორწინებისთვის შესაფერის ასაკს მიაღწევენ და „ახალგაზრდული ვნებები“ დაუცხრებათ, ანუ აღარ ექნებათ მოზღვავებული სექსუალური სურვილები (1 კორინთელები 7:36).

  •   ვინც პაემანზე დადის, უნდა ჰქონდეს დაქორწინების უფლება. ზოგი შეიძლება კანონიერად იყოს განქორწინებული, მაგრამ ღვთის თვალსაზრისით არ ჰქონდეს ხელახლა დაქორწინების უფლება, რადგან ბიბლიაში წერია, რომ გაყრის და ხელახლა დაქორწინების ერთადერთი საფუძვლიანი მიზეზი სიძვაა (მათე 19:9).

  •   ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ მხოლოდ თანამორწმუნეზე დაქორწინდნენ (1 კორინთელები 7:39). იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ამ ბიბლიური პრინციპის თანახმად, ქრისტიანი ისეთ ადამიანზე კი არ უნდა დაქორწინდეს, ვინც უბრალოდ პატივს სცემს მის მრწამს, არამედ მასზე, ვინც იზიარებს — იეჰოვას მოწმეზე (2 კორინთელები 6:14). ღმერთს ყოველთვის სურდა, რომ მისი მსახურები იმ ადამიანებზე დაქორწინებულიყვნენ, ვინც მათ მსგავსად იეჰოვას სცემდა თაყვანს (დაბადება 24:3; მალაქია 2:11). როგორც თანამედროვე მკვლევრები იუწყებიან, ეს მითითება ჩვენს დღეებშიც პრაქტიკულია. b

  •   შვილები მშობლებს უნდა დაემორჩილონ (იგავები 1:8; კოლოსელები 3:20). ამ ბიბლიური პრინციპიდან გამომდინარე, შვილები, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, პაემანთან დაკავშირებით მათ მითითებებს უნდა დაემორჩილონ. ეს მითითებები შეიძლება ეხებოდეს იმას, თუ რა ასაკში დართავენ მშობლები შვილს ნებას, პაემანზე იარონ, და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს.

  •   თითოეული იეჰოვას მოწმე ბიბლიური პრინციპების შესაბამისად თავად წყვეტს, ვისთან დაიწყოს პაემანზე სიარული და საერთოდ დაიწყოს თუ არა. ეს ეთანხმება გალატელების 6:5-ში ჩაწერილ პრინციპს: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“. თუმცა ზოგი, სანამ პაემანზე სიარულს დაიწყებს, ცდილობს, იმ მოწიფული ქრისტიანებისგან მიიღოს რჩევები, რომლებსაც კარგი სურთ მათთვის (იგავები 1:5).

  •   პაემანის დროს ბევრი სერიოზულ ცოდვებს სჩადის. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ უზნეობას. ეს მოიცავს არა მხოლოდ სქესობრივ კავშირს, არამედ სხვა უწმინდურ ქმედებებსაც დაუქორწინებლებს შორის; მაგალითად, სასქესო ორგანოებზე შეხებას ან ორალურ თუ ანალურ სექსს (1 კორინთელები 6:9—11). დაუქორწინებლებს შორის ვნებიანი ხვევნა-კოცნაც კი, რომელსაც სქესობრივ ურთიერთობამდე აღარაფერი აკლია, „უწმინდურებაა“. ღმერთი არ იწონებს ასეთ საქციელს (გალატელები 5:19—21). ღმერთისთვის ქალ-ვაჟს შორის „უწმაწური სიტყვებით“ ლაპარაკიც მიუღებელია (კოლოსელები 3:8).

  •   კაცის გული ანუ შინაგანი ადამიანი ვერაგია (იერემია 17:9). გულმა შეიძლება ვინმეს ისეთი რამის გაკეთებისკენ უბიძგოს, რაც იცის, რომ არასწორია. ასე რომ არ მოხდეს, წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, უნდა მოერიდონ განმარტოებას, რომლის დროსაც შეიძლება ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ. გონივრულობის მაჩვენებელი იქნება, თუ ისინი მეგობრების წრეში იქნებიან ან ვინმე ახლდებათ თან (იგავები 28:26). დაუქორწინებელ ქრისტიანს, რომელიც გულის სწორს ეძებს, ესმის, რამდენად სახიფათოა ინტერნეტით დაახლოება ისეთ ადამიანთან, რომლის შესახებაც ცოტა რამ იცის (ფსალმუნი 26:4).

a პაემანზე სიარული ყველა კულტურაში არ არის მიღებული. ბიბლია არ ამბობს, რომ პაემანზე სიარული აუცილებელია ან, რომ ის გარდაუვალი წინაპირობაა ქორწინებისთვის.

b მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალში, რომელიც ქორწინებასა და ოჯახს ეხება, ასეთი რამ ეწერა: „სამი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იქნება თუ არა ქორწინება ხანგრძლივი, უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა წყვილი ერთი და იმავე რელიგიის მიმდევარი და აქვს თუ არა ორივეს ძლიერი რწმენა“ (Marriage & Family Review, ტომი 38, გამოცემა 1, გვერდი 88).