არჩეულ მასალაზე გადასვლა

აიძულებენ იეჰოვას მოწმეები ხალხს რელიგიის შეცვლას?

აიძულებენ იეჰოვას მოწმეები ხალხს რელიგიის შეცვლას?

 რა თქმა უნდა, არა. ჩვენს ძირითად ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ერთხელ ასეთი რამ აღინიშნა: „არ შეიძლება იძულებით შეაცვლევინო ვინმეს რელიგია“. a ჩვენ ადამიანებს არ ვაიძულებთ რელიგიის შეცვლას, რაც კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილი მსჯელობიდან.

  •   იესო არასდროს აიძულებდა ხალხს, ერწმუნათ მისი სიტყვები. მან იცოდა, რომ ძალიან ცოტა გამოეხმაურებოდა მის ცნობას (მათე 7:13, 14). როცა ზოგიერთი მოწაფე დაბრკოლდა იესოს სიტყვებზე, მან არ აიძულა ისინი, მასთან დარჩენილიყვნენ (იოანე 6:60—62, 66—68).

  •   იესო თავის მიმდევრებსაც ასწავლიდა, რომ ძალდატანებით არ მოექციათ ხალხი თავიანთ რწმენაზე. მათ არ უნდა ეიძულებინათ ხალხი, საკუთარი ნების წინააღმდეგ წასულიყვნენ და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მიეღოთ, არამედ ისეთი ადამიანები უნდა მოეძებნათ, რომლებიც განწყობილნი იქნებოდნენ ამ ცნობის მოსასმენად (მათე 10:7, 11—14).

  •   ვინმეს ძალდატანებით სარწმუნოებაზე მოქცევა აზრს მოკლებულია, რადგან ღმერთი მხოლოდ მათ იწონებს, ვინც მთელი გულით სცემს თაყვანს (კანონი 6:4, 5; მათე 22:37, 38).

პროზელიტიზმს ეწევიან იეჰოვას მოწმეები?

 ბიბლიური მითითებისამებრ, ჩვენ ვავრცელებთ სასიხარულო ცნობას „დედამიწის კიდით კიდემდე“ და ხალხს „სახალხოდ და კარდაკარ“ ვასწავლით (საქმეები 1:8; 10:42; 20:20). როგორც პირველ ქრისტიანებს, ისე ჩვენც ზოგჯერ უსამართლოდ გვდებენ ბრალს პროზელიტიზმში (საქმეები 18:12, 13). თუმცა ეს არასწორი ბრალდებაა. ჩვენ არავის ვაიძულებთ, შეიცვალონ რელიგია. პირიქით, ვთვლით, რომ თითოეულს უნდა მიეცეს ცოდნის მიღების საშუალება, რათა გააზრებულად გააკეთოს არჩევანი.

 ჩვენ არც რელიგიის შეცვლას ვაიძულებთ ადამიანებს, არც პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევით რელიგიას ამოფარებულნი და არც იმ დაპირებებით ვცდილობთ ხალხის მოზიდვას, რომ მათი მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეს სრულიად განსხვავდება მათი საქციელისგან, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, მაგრამ მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფს ქრისტეს. b

აქვს ადამიანს რელიგიის შეცვლის უფლება?

აბრაამი არ გაჰყვა თავისი წინაპრების რელიგიას

 რასაკვირველია. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ყველას აქვს რელიგიის შეცვლის უფლება. ღვთის სიტყვაში ბევრი ისეთი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა სუფთა გულის ადამიანებმა უარი თქვეს, მიჰყოლოდნენ თავიანთი ნათესავების რელიგიას და საკუთარი ნებით გადაწყვიტეს, ცოცხალი ღმერთისთვის ეცათ თაყვანი. ასეთები იყვნენ, მაგალითად აბრაამი, რუთი, ზოგიერთი ათენელი და მოციქული პავლე; და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია (იესო ნავეს ძე 24:2; რუთი 1:14—16; საქმეები 17:22, 30—34; გალატელები 1:14, 23). ბიბლიის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება მაშინაც კი, თუ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და უარს ამბობს ღვთისთვის მისაღებ თაყვანისცემაზე (1 იოანე 2:19).

 ნებისმიერ ადამიანს რომ აქვს რელიგიის შეცვლის უფლება, ამას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაც უჭერს მხარს, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძველს“ უწოდებს. ამ დეკლარაციის მიხედვით, ყველას აქვს „რელიგიის ან მრწამსის შეცვლის თავისუფლების უფლება“ და „აგრეთვე იმის უფლება, რომ ეძიოს, მიიღოს და გაუზიაროს სხვებს სხვადასხვა ინფორმაცია თუ შეხედულება“, მათ შორის რელიგიური შინაარსის მოსაზრება. c თავის მხრივ, ეს უფლებები, ადამიანს ავალდებულებს, პატივი სცეს სხვის უფლებას, არ შეიცვალოს მრწამსი და არ გაიზიაროს ის მოსაზრებები, რასაც არ ეთანხმება.

ნიშნავს სარწმუნოების შეცვლა ოჯახური ტრადიციების თუ ადათ-წესების უპატივცემულობას?

 რა თქმა უნდა, არა. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყველას პატივი ვცეთ განურჩევლად მრწამსისა (1 პეტრე 2:17). გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიურ მითითებას და პატივს სცემენ თავიანთ მშობლებს მაშინაც, თუ მათ განსხვავებული მრწამსი აქვთ (ეფესოელები 6:2, 3).

 მაგრამ ყველა არ იზიარებს ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისს. ზამბიაში გაზრდილი ერთი ქალი ჰყვება: „იქ, სადაც გავიზარდე, რელიგიის შეცვლა ორგულობად და ოჯახისა თუ საზოგადოების ღალატად ითვლებოდა“. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ის არჩევნის წინაშე დადგა; მაშინ ჯერ კიდევ მოზარდი იყო. მან ძალიან მალე გადაწყვიტა, შეეცვალა მამაპაპისეული რელიგია. ის გვიყვება: „მშობლები დღედაღამ იმას მიმეორებდნენ, რომ ჩემი არჩევნით ძალიან გავანაწყენე და იმედი გავუცრუე. ეს ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი, რადგან ძალიან მინდა, მათი საამაყო შვილი ვიყო ... რელიგიური ტრადიციების ერთგულებას იეჰოვას ერთგულება ვარჩიე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახს ვუღალატე“. d

a იხილეთ 2002 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 12, აბზაცი 15.

b დაახლოებით ახ. წ. 785 წელს იმპერატორმა კარლოს დიდმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ყველა, ვინც საქსონიაში უარს იტყოდა ქრისტიანობის მიღებაზე, სიკვდილით უნდა დასჯილიყო. საუკუნეების შემდეგ, ახ. წ. 1555 წელს, დაპირისპირებულმა მხარეებმა „წმინდა რომის იმპერიაში“ აუგსბურგის რელიგიური ზავი დადეს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ტერიტორიული ერთეულის მმართველი ან რომაელი კათოლიკე უნდა ყოფილიყო ან ლუთერანი; თითოეული მმართველი ვალდებული იყო, თავის მრწამსზე მოექცია ქვეშევრდომები. ის, ვინც უარს იტყოდა ამაზე, სხვა მხარეში უნდა გადახვეწილიყო.

c მსგავს უფლებებს ითვალისწინებს „ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია“, „ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია“, „ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია (2004)“, „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა შესახებ“, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ და „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“. მაგრამ ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს ამ უფლებებს ანიჭებენ, ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცვას.

d ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელია იეჰოვა.