არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„კითხვები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე პასუხები“

„კითხვები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე პასუხები“
  • დაბადების წელი: 1976

  • ქვეყანა: ჰონდურასი

  • წარსულში: ეკლესიის მოძღვარი

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე ჰონდურასის ქალაქ ლა-სეიბაში. ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი ვიყავი, ერთადერთი ბიჭი. ოჯახში მარტო მე ვიყავი ყრუ-მუნჯი. ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა; საშიშ უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც მამა სამსახურში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი.

 დედა ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, რაც შეეძლო, მაგრამ ყოველთვის არ გვქონდა იმდენი ფული, რომ ტანსაცმელი გვეყიდა. წვიმიან ამინდებში ხშირად ვცივდებოდი, რადგან თბილი ტანსაცმელი არ მქონდა.

 როცა წამოვიზარდე, ვისწავლე ჰონდურასული ჟესტური ენა და შევძელი სხვა ყრუ-მუნჯებთან ურთიერთობა. მაგრამ არც დედაჩემმა და არც ჩემმა დებმა არ იცოდნენ ჟესტური ენა. ისინი, ძირითადად, თავიანთი გამოგონილი ჟესტებით მელაპარაკებოდნენ. დედას ძალიან ვუყვარდი და იმ რამდენიმე ჟესტის დახმარებით, რაც იცოდა, მარიგებდა ხოლმე, რომ მოვრიდებოდი ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა სიგარეტის მოწევა და დალევა. უზომოდ მადლიერი ვარ დედაჩემის, რომ მისი დარიგების წყალობით ცხოვრებაში არასდროს დავმონებივარ ასეთ მავნე ჩვევებს.

 ბავშვობაში დედას კათოლიკურ ეკლესიაში დავყავდი, მაგრამ არაფერი მესმოდა, რადგან არავინ მითარგმნიდა ჩემს ენაზე. ამიტომ მომბეზრდა ეს ყველაფერი და ათი წლის ასაკში შევწყვიტე ეკლესიაში სიარული; თუმცა მაინც მინდოდა, მეტი გამეგო ღმერთზე.

 1999 წელს, 23 წლის ასაკში გავიცანი ერთი ქალბატონი შეერთებული შტატებიდან, რომელიც ევანგელისტური ეკლესიის მსახური იყო. ის ბიბლიურ გაკვეთილებს მიტარებდა და, ამავდროულად, ამერიკულ ჟესტურ ენასაც მასწავლიდა. იმდენად მომწონდა, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, რომ გადავწყვიტე, მოძღვარი გავმხდარიყავი. ამ მიზნით გადავედი პუერტო-რიკოში, რათა სპეციალური მომზადების კურსი გამევლო ჟესტურ ენაზე ერთ-ერთ ქრისტიანულ-საგანმანათლებლო ცენტრში. 2002 წელს ლა-სეიბაში დავბრუნდი და მეგობრების დახმარებით ეკლესია გავხსენი ყრუ-მუნჯებისთვის. ამ მეგობრებიდან ერთ-ერთი, პატრიცია, მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა.

 ეკლესიაში ქადაგებებს ჟესტურ ენაზე ვატარებდი, მრევლს ბიბლიური სცენების ამსახველ სურათებს ვაჩვენებდი და ბიბლიურ სცენებს ვდგამდი, რათა ყრუ-მუნჯებისთვის ღვთის სიტყვა უფრო ადვილი გასაგები გამხდარიყო. გარდა ამისა, ახლომახლო ქალაქებში ხალხთან სახლებში მივდიოდი, ვამხნევებდი მათ და რჩევებს ვაძლევდი, როგორ მოეგვარებინათ პრობლემები. მისიონერული მოგზაურობაც კი წამოვიწყე შეერთებულ შტატებსა და ზამბიაში. მაგრამ სინამდვილეში მე თვითონ არ ვიცოდი კარგად ბიბლია. მრევლს იმას ვეუბნებოდი, რაც სხვებისგან მქონდა მოსმენილი და რასაც სურათებიდან ვიგებდი. სიმართლე რომ ვთქვა, კითხვები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე პასუხები.

 ერთ დღესაც გავიგე, რომ ჩემი მრევლიდან ზოგმა ჭორები დამიყარა, თითქოს ლოთი ვიყავი და ცოლს ვღალატობდი. ძალიან გავბრაზდი და ყველაფერზე გული ამიცრუვდა. ცოტა ხანში მე და პატრიცია ეკლესიიდან წამოვედით.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 ადრე იეჰოვას მოწმეები ხშირად გვაკითხავდნენ სახლში, მაგრამ არასოდეს მოგვისმენია მათთვის. თუმცა ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ პატრიციამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმართან. მათ თომასი და ლისი ერქვათ. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ყრუ-მუნჯები არ იყვნენ, მაგრამ მათ ჟესტური ენა იცოდნენ. ამიტომ ცოტა ხანში მეც დავიწყე ბიბლიის შესწავლა პატრიციასთან ერთად.

 ბიბლიას რამდენიმე თვე ვსწავლობდით; შესწავლის დროს ამერიკულ ჟესტურ ენაზე მომზადებულ ვიდეოებს ვიყენებდით. მაგრამ იმ პერიოდში ჩვენმა ორმა მეგობარმა გვითხრა, რომ იეჰოვას მოწმეები ადამიანის მიმდევრები არიანო და ჩვენც მაშინვე შევწყვიტეთ შესწავლა. მართალია, თომასმა ბევრი არგუმენტი მოგვიყვანა იმის დასანახვებლად, რომ ეს მტკნარი სიცრუე იყო, მაგრამ მე მაინც არ დავუჯერე.

 რამდენიმე თვის შემდეგ პატრიცია ღრმა დეპრესიაში ჩავარდა; ის ღმერთს სთხოვდა, რომ იეჰოვას მოწმეები კვლავ მოსულიყვნენ ჩვენთან. ცოტა ხანში ჩვენმა მეზობელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, პატრიციას მოაკითხა და საუბრის დროს უთხრა, გინდა ლისი ისევ მოვიდესო შენთან. მოკლედ, ლისი ნამდვილი მეგობარი აღმოჩნდა ჩვენთვის, რომელიც ყოველკვირა მოდიოდა პატრიციასთან, ამხნევებდა მას და ბიბლიას ასწავლიდა. თუმცა მე მაინც ეჭვები მღრღნიდა.

 2012 წელს იეჰოვას მოწმეებმა სპეციალური კამპანია წამოიწყეს და ხალხს ჰონდურასულ ჟესტურ ენაზე აჩვენებდნენ ვიდეორგოლს „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“. ლისიმ ჩვენც გვაჩვენა ეს ვიდეო. ძალიან გავოცდი, როცა გავიგე, რომ თურმე ბევრი რამ, რასაც ადრე ვასწავლიდი, მაგალითად ჯოჯოხეთისა და სულის უკვდავების შესახებ, არაბიბლიური სწავლებები ყოფილა.

 მომდევნო კვირას იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში წავედი თომასის სანახავად; ვუთხარი, რომ მინდოდა, ყრუ-მუნჯებისთვის ჭეშმარიტება მესწავლებინა ბიბლიიდან, ოღონდ არა როგორც იეჰოვას მოწმეს. გეგმაში მქონდა, რომ ყრუ-მუნჯებისთვის ახალი და ყველასგან დამოუკიდებელი ეკლესია გამეხსნა. თომასს გაეხარდა, ისევ რომ დაინახა ჩემში ენთუზიაზმი და შემაქო. მაგრამ მან ეფესოელების 4:5 წამიკითხა და დამანახვა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული კრების ერთობას.

 თომასმა აგრეთვე ამერიკულ ჟესტურ ენაზე ნათარგმნი ვიდეოფილმი მომცა „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი 1: სიბნელიდან გამოსულნი“. ამ ვიდეოში ნაჩვენები იყო, თუ როგორ გულდასმით იკვლევდა რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი ბიბლიას, რათა ძირითადი ბიბლიური სწავლებები გაეგოთ. ვიდეოს ყურების შემდეგ მივხვდი, რას გრძნობდნენ ეს მამაკაცები. მათ მსგავსად მეც ჭეშმარიტების ძიებაში ვიყავი. ამ ვიდეომ დამარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ, ვინაიდან მათი მრწამსი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. ამიტომ ბიბლიის შესწავლა განვაახლე და 2014 წელს მე და პატრიცია მოვინათლეთ.

კურთხევები

 ღვთის თაყვანისმცემლები საუბარში და საქციელში წმინდები არიან, კარგი ურთიერთობებით გამოირჩევიან, ყოველთვის ამხნევებენ ერთმანეთს და არ არიან დაქსაქსულები; რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ და რომელ ენაზეც არ უნდა საუბრობდნენ, ყველა ერთსა და იმავე ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლის.

 ბიბლიიდან ნასწავლი დიდ სიხარულს მანიჭებს. მახარებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთი და მთელი დედამიწის უზენაესი მმართველია, რომ ის მიუკერძოებელია და ყრუ-მუნჯებიც ძალიან უყვარს. ეს სიყვარული ჩემთვის შეუფასებელი განძია. ისიც გავიგე ბიბლიიდან, რომ დედამიწა მალე სამოთხედ გადაიქცევა, ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება და მარადიულად ვიცხოვრებთ. ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი ღვთის ამ კურთხევებს საკუთარ თავზე!

 მე და პატრიციას ძალიან გვსიამოვნებს ყრუ-მუნჯებთან ბიბლიაზე საუბარი. ამჟამად ჩემი ყოფილი მრევლიდან რამდენიმე ადამიანს ვასწავლით ბიბლიას. ადრე, როცა მოძღვარი ვიყავი, ბოლომდე თავადაც არ მესმოდა ის, რასაც სხვებს ვასწავლიდი. ახლა კი, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის წყალობით, როგორც იქნა, ჩემს კითხვებს პასუხები გაეცა.