არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის სული?

რა არის სული?

ბიბლია გვპასუხობს

 ბიბლიაში „სულად“ არის ნათარგმნი ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ და ბერძნული სიტყვა „ფსიქე“. ებრაული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქმნილებას, რომელიც სუნთქავს“, ხოლო ბერძნული სიტყვა — „ცოცხალ არსებას“. a აქედან გამომდინარე, სული არის თავად ქმნილება, და არა რაღაც ძალა, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. ახლა ვნახოთ, როგორ ამტკიცებს ბიბლია, რომ თავად ადამიანია სული:

ღმერთმა ადამს სული კი არ ჩაუდგა, არამედ ის ცოცხალ სულად ანუ ადამიანად შექმნა

  •   როდესაც იეჰოვა ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი, ადამი, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ის „ცოცხალ სულად იქცა“ (დაბადება 2:7). ღმერთმა ადამს სული კი არ ჩაუდგა, არამედ ის ცოცხალ სულად ანუ ადამიანად შექმნა.

  •   ბიბლიაში სულზე ნათქვამია, რომ შეუძლია იმუშაოს, ჭამოს, კანონებს დაემორჩილოს და გვამს შეეხოს (ლევიანები 5:2; 7:20; 23:30; კანონი 12:20, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა, ბსგ; რომაელები 13:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, სსგ). ამ ყველაფრის კეთება მხოლოდ ცოცხალ ადამიანს შეუძლია.

უკვდავია სული?

 არა, რადგან სული კვდება. ბიბლიის არაერთ მუხლშია ნათქვამი, რომ სული კვდება. აი, ზოგიერთი მათგანი:

  •   „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4, 20, სსგ).

  •   ძველ ისრაელში თუ ვინმე სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენდა, „ის სული“ უნდა მოკვეთილი თავისი ხალხიდან (გამოსვლა 12:15, 19, ბსგ; ლევიანები 7:20, 21, 27; 19:8). ასეთი ადამიანი „უნდა მომკვდარიყო“ (გამოსვლა 31:14, სსგ).

  •   ზოგ ბიბლიურ მუხლში მიცვალებული „მკვდარ სულად“ არის მოხსენიებული (ლევიანები 21:11, სქოლიო; რიცხვები 6:6, სქოლიო). მართალია, ბიბლიის ბევრ თარგმანში გამოყენებულია ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „მკვდარი სხეული“ ან „მკვდარი ადამიანი“, მაგრამ დედნისეულ ებრაულ ტექსტში გამოყენებულია „ნეფეშ“ ანუ „სული“.

„სული“ ნიშნავს „სიცოცხლეს“

 ბიბლია „სულს“ „სიცოცხლის“ სინონიმადაც იყენებს. მაგალითად, იობის 33:22-ში „სულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა („ნეფეშ“) სიცოცხლის სინონიმად არის გამოყენებული. მსგავსადვე, ბიბლიიდან ჩანს, რომ ადამიანის სიცოცხლეს ანუ სულს შეიძლება საფრთხე დაემუქროს ან მოკვდეს (გამოსვლა 4:19, ბსგ; მსაჯულები 9:17, ბსგ; ფილიპელები 2:30).

ეს მუხლები გვეხმარება იმ მუხლების გაგებაში, სადაც ნათქვამია: „სული ამოხდებოდა“ (დაბადება 35:18, ბსგ). ეს ხატოვანი გამონათქვამი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე. ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს გამოთქმა ასეა გადმოტანილი: „უკანასკნელად ამოისუნთქა“ (Good News Translation).

საიდან იღებს სათავეს სულის უკვდავების შესახებ სწავლება?

 ქრისტიანულმა სამყარომ სწავლება სულის უკვდავების შესახებ ბიბლიიდან კი არ აიღო, არამედ ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: «ბიბლიური ნაშრომების თანახმად, სიტყვა „სული“ გაიგივებულია სუნთქვასთან და არანაირ განსხვავება არ კეთდება უსხეულო სულსა და ხორციელ სხეულს შორის. სწავლებას იმის შესახებ, რომ სული სხეულის გარეშეც არსებობს, ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი».

ღვთისთვის მიუღებელია მისი სწავლებებისა და ადამიანური ფილოსოფიის ერთმანეთში აღრევა; ეს ეხება სულის უკვდავების შესახებ სწავლებასაც. ბიბლია გვაფრთხილებს: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (კოლოსელები 2:8).

a იხილეთ The New Brown, Driver, and Briggs Hebrew and English Lexicon of the Old Testament, გვერდი 659, და Lexicon in Veteris Testamenti Libros, გვერდი 627. ბიბლიის ბევრი თარგმანი სიტყვებს „ნეფეშ“ და „ფსიქე“ კონტექსტის გათვალისწინებით სხვადასხვანაირად თარგმნის; მაგალითად, ზოგან ეს სიტყვა გადმოტანილია როგორც „სული“, „სიცოცხლე“, „ადამიანი“, „ქმნილება“ ან „სხეული“.