არჩეულ მასალაზე გადასვლა

სასიხარულო ცნობას მეზღვაურებიც ისმენენ

სასიხარულო ცნობას მეზღვაურებიც ისმენენ

ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში მილიონ-ნახევარი მეზღვაურია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ხშირად უწევთ ერთი ნავსადგურიდან მეორეში გადასვლა, საინტერესოა, როგორ ახერხებენ იეჰოვას მოწმეები მათთან ქადაგებას. როცა გემი ნავსადგურში შემოდის, იეჰოვას მოწმეები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს, გემზე ასვლის ნებართვას ითხოვენ, შემდეგ კი ეკიპაჟის წევრებსა და გემის კაპიტანს ბიბლიის უფასო შესწავლასა და ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობენ მათთვის სასურველ ენაზე.

რა გამოხმაურება მოჰყვა ამ წამოწყებას? კანადელი იეჰოვას მოწმე სტეფანო, რომელიც ვანკუვერის ნავსადგურში ქადაგებს, გვიყვება: „ზოგს ჰგონია, რომ ყველა მეზღვაური უხეში და აგრესიულია. ზოგ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ უმეტესობა, ვისაც ჩვენ ვხვდებით, თავმდაბალია, თბილად გვიღებს და სიამოვნებით გვისმენს. ბევრ მათგანს სწამს ღმერთი და სურს, რომ ღვთისგან მფარველობა მიიღოს, ამიტომ ისინი დიდი სიამოვნებით გვთანხმდებიან საუბარზე“. 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ ვანკუვერში იეჰოვას მოწმეებმა 1 600-ზე მეტჯერ მოახერხეს გემზე ქადაგება. მათ ათასობით პუბლიკაცია გაავრცელეს სხვადასხვა ენაზე და 1 100-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

როგორ აგრძელებენ იეჰოვას მოწმეები მეზღვაურებთან ბიბლიურ თემებზე საუბარს?

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ნავსადგურში ქადაგებენ, ამიტომ მეზღვაურებს, რომლებსაც ბიბლიურ თემებზე საუბრის გაგრძელება სურთ, შეუძლიათ მოითხოვონ მოწმეებთან შეხვედრა შემდეგ ნავსადგურში. მაგალითად, 2016 წლის მაისში იეჰოვას მოწმეებმა ვანკუვერის ნავსადგურში გაიცნეს უარლიტო, რომელიც სატვირთო გემზე შეფ-მზარეულად მუშაობდა. მოწმეებმა უარლიტოს აჩვენეს ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს ბროშურით „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“. უარლიტოს ძალიან მოეწონა მოწმეებთან საუბარი და ბიბლიის შესწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. მაგრამ როგორ შეძლებდა ის ბიბლიის შესწავლის გაგრძელებას, როცა მისი გემი ბრაზილიისკენ აიღებდა გეზს?

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უარლიტოს გემი ბრაზილიაში, პარანაგუის ნავსადგურში ჩამოდგა. იგი თვალებს ვერ უჯერებდა, როცა მის გემს ორი ბრაზილიელი იეჰოვას მოწმე მიუახლოვდა და უარლიტო იკითხა. მოწმეებმა მას უთხრეს, რომ ვანკუვერში მცხოვრები თანამორწმუნეებისგან შეიტყვეს ერთი მეზღვაურის, უარლიტოს შესახებ, რომელსაც ბიბლიის შესწავლის გაგრძელება სურდა. უარლიტო ძალიან გაახარა ბრაზილიელ მოწმეებთან შეხვედრამ. იგი მადლიერი იყო იმისთვის, რომ მოწმეებმა მისი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვეს და სიხარულით გააგრძელა მათთან ბიბლიის შესწავლა.