არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტორონტოში მოწყობილ წიგნების გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნენ ვებ-გვერდს JW.ORG

ტორონტოში მოწყობილ წიგნების გამოფენაზე დამთვალიერებლები გაეცნენ ვებ-გვერდს JW.ORG

2014 წლის 13—16 ნოემბერს ტორონტოში ერთ-ერთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოეწყო წიგნების საერთაშორისო გამოფენა, სადაც ლიტერატურა წარმოდგენილი იყო როგორც ბეჭდური, ისე ციფრული სახით. ამ გამოფენას ოთხი დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

გამოფენაში მონაწილეობა იეჰოვას მოწმეებმაც მიიღეს, რომელთაც კარგად განათებული ინტერაქტიული საინფორმაციო ტერმინალი ჰქონდათ. ისინი პლანშეტური მოწყობილობების მეშვეობით დამთვალიერებლებს უჩვენებდნენ, როგორ შეეძლოთ ესარგებლათ ჩვენი ვებ-გვერდით jw.org.

ამ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ასეთი რამ თქვა: „თქვენი ვებ-გვერდი ფეხს უწყობს თანამედროვეობას. ჩემი აზრით, ამ გამოფენის სხვა მონაწილეებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ თქვენგან“. დამთვალიერებლებმა აღნიშნეს, რომ ჩვენს ვებ-გვერდს პროფესიონალების ხელი ეტყობა, რადგან ის ძალიან დახვეწილია. მათი თქმით, ამ ვებ-გვერდის გამოყენება ადვილია და მისი მეშვეობით მნიშვნელოვან კითხვებს ეცემა პასუხები. მათთვის შთამბეჭდავი იყო ისიც, რომ ვებ-გვერდი jw.org ადამიანებს ეხმარება თავიანთ პრობლემებთან და საწუხართან გამკლავებაში.

მოწმეებმა, რომლებიც თავიანთ კუთხესთან მისულ დამთვალიერებლებს ესაუბრებოდნენ, შენიშნეს, რომ მათგან უმეტესობას მანამდე არასდროს სმენოდა jw.org-ის შესახებ. თითქმის ყველა დამთვალიერებელმა აიღო საკონტაქტო ბარათი ან ბუკლეტი „პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე?“. ბევრს, როგორც თავად აღნიშნეს, სურვილი გაუჩნდა, კიდევ ერთხელ ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს; ზოგმა იეჰოვას მოწმეებს სთხოვა, რომ სახლში მიეკითხებინათ მათთვის.

პარასკევ დღეს გამოფენა ბავშვებს მიეძღვნა. ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა დამთვალიერებლებს ვებ-გვერდზე განთავსებული გრაფიკული ანიმაციები უჩვენეს. სკოლის მოსწავლეები თავიანთ მასწავლებლებთან ერთად ჩვენს კუთხესთან ჩერდებოდნენ და სიამოვნებით უყურებდნენ ამ ანიმაციებს.

ერთმა ჩიკაგოელმა მამაკაცმა, რომელიც იმ კომპანიაში მუშაობს, სადაც ბიბლიებს ბეჭდავენ, აღნიშნა, რომ „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და სურვილი გამოთქვა, დაკავშირებოდა მათ, ვინც უშუალო მონაწილეობა მიიღო მის დაბეჭდვაში. ბოლოს მან მოწმეებისგან საკონტაქტო ბარათი აიღო.

ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ინფორმაცია 700-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამ გამოფენაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ, 16 ენაზე ენახათ სასურველი მასალა; ეს ენები იყო: ამჰარული, ბენგალური, ბერძნული, გუჯარათული, ესპანური, ვიეტნამური, ინგლისური, ინდური, კორეული, პორტუგალიური, ტამილური, ტიგრაი, ურდუ, ფრანგული, შვედური და ჩინური.

ერთმა მოწმემ, რომელიც გამოფენაში მონაწილეობდა, შენიშნა, რომ ერთია, როცა ხალხს უხსნი ჩვენი ვებ-გვერდის, jw.org-ის შესახებ და სულ სხვაა, როცა ისინი საკუთარი თვალით ხედავენ ამ ვებ-გვერდს. მან აღნიშნა: „რა კარგია, რომ ხალხისთვის ჩვენი ვებ-გვერდის გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა!“.