არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

ესაიას 41:10 — „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“

ესაიას 41:10 — „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“

 „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია 41:10, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი“ (ესაია 41:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ესაიას 41:10-ის ახსნა

 იეჰოვა a ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს არწმუნებს, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს დაიცავს მათ.

 „შენთანა ვარ“ — იეჰოვა უხსნის თავის თაყვანისმცემლებს, თუ რატომ არ უნდა ეშინოდეთ: ისინი მარტონი არ არიან. ის ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს. ღმერთი იმდენად კარგად ხედავს მათ გასაჭირს და მას იმდენად კარგად ესმის მათი, რომ თითქოს იმ დროს სწორედ იქ იყოს, მათ გვერდით (ფსალმუნი 34:15; 1 პეტრე 3:12).

 „შენი ღმერთი ვარ“ — იეჰოვა შეახსენებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ ის კვლავაც მათი ღმერთია და მათ კვლავ თავის მსახურებად მიიჩნევს. მათ შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერაფერი შეუშლის ხელს ღმერთს, იმოქმედოს თავისი მსახურების დასახმარებლად (ფსალმუნი 118:6; რომაელები 8:32; ებრაელები 13:6).

 „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ — ერთი აზრის გადმოსაცემად იეჰოვა სამ ფრაზას იყენებს, რითაც ხაზს უსვამს, რომ ის ნამდვილად დაეხმარება თავის თაყვანისმცემლებს. ღმერთი მხატვრულად აღწერს, თუ რას აკეთებს, როცა თავის ხალხს დახმარება სჭირდება. თუ რომელიმე მათგანი დაეცემა, ის თავის მარჯვენას უწვდის და აყენებს მას (ესაია 41:13).

 ძირითადი საშუალება, რითაც იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს აძლიერებს და ეხმარება, არის მისი სიტყვა, ბიბლია (იესო ნავეს ძე 1:8; ებრაელები 4:12). მაგალითად, ბიბლიაში პრაქტიკული რჩევებია ჩაწერილი მათთვის, ვინც ხვდება ისეთ განსაცდელებს, როგორიცაა: სიღარიბე, ავადმყოფობა ან საყვარელი ადამიანის დაკარგვა (იგავები 2:6, 7). გარდა ამისა, ღმერთი წმინდა სულს ანუ ძალას აძლევს თავის მსახურებს, რომ განსაცდელების პირისპირ საღად იაზროვნონ და ემოციური წონასწორობა შეინარჩუნონ (ესაია 40:29; ლუკა 11:13).

ესაიას 41:10-ის კონტექსტი

 ეს სიტყვები ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ერთგულ იუდეველებს დიდ შვებას მოჰგვრიდა. ესაიას მეშვეობით იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ტყვეობაში ყოფნის მიწურულს იუდეველები მნიშვნელოვან ცნობას შეიტყობდნენ: გამოჩნდებოდა დამპყრობელი, რომელიც გარშემომყოფ ერებს მიწასთან გაასწორებდა და ბაბილონსაც საფრთხეს შეუქმნიდა (ესაია 41:2—4; 44:1—4). ამის გაგონებაზე ბაბილონს და გარშემომყოფ ერებს შიში შეიპყრობდა, მაგრამ იუდეველებს შიშის მიზეზი არ ექნებოდათ, რადგან ისინი იეჰოვას მფარველობის ქვეშ იქნებოდნენ. იეჰოვამ მათ სამჯერ გაუმეორა დამაიმედებელი სიტყვები: „ნუ გეშინია“ (ესაია 41:5, 6, 10, 13, 14).

 მართალია, თავდაპირველად ამ სიტყვებით იეჰოვამ ბაბილონში გადასახლებული ერთგული იუდეველები გაამხნევა, მაგრამ ესაიას 41:10-ში ჩაწერილი სიტყვებით იეჰოვა დღესაც ანუგეშებს თავის მსახურებს (ესაია 40:8; რომაელები 15:4). იეჰოვა ახლაც ისევე ზრუნავს თავის მსახურებზე, როგორც წარსულში.

წაიკითხეთ ესაიას 41-ე თავი სქოლიოებისა და მარგინალური მუხლების გამოყენებით.

a იეჰოვა არის ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).