არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეუძლია რამეს „ჩამოგვაშოროს ღვთის სიყვარულს“?

შეუძლია რამეს „ჩამოგვაშოროს ღვთის სიყვარულს“?

დაუახლოვდით ღმერთს

შეუძლია რამეს „ჩამოგვაშოროს ღვთის სიყვარულს“?

რომაელები 8:38, 39

რომელ ჩვენგანს არ უნდა, რომ სხვებს უყვარდეს? ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხრიდან სიყვარულს ვგრძნობთ. სამწუხაროდ, ადამიანთა ურთიერთობები შეიძლება ძალიან მყიფე და ცვალებადი იყოს. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა გული გვატკინოს, მიგვატოვოს ან სამუდამოდაც კი დაგვივიწყოს. მაგრამ არსებობს ის, ვისი სიყვარულიც ჩვენდამი უცვლელია. ასეთი სიყვარული აქვს იეჰოვა ღმერთს თავისი თაყვანისმცემლების მიმართ, რაც კარგად არის აღწერილი რომაელების 8:38, 39-ში.

„დარწმუნებული ვარ“, ამბობს პავლე მოციქული. რაშია ის დარწმუნებული? იმაში, რომ ვერაფერი „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“. პავლე ამას მხოლოდ საკუთარ თავზე არ ამბობს. ის იყენებს მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელ სიტყვას „ჩამოგვაშორებს“, რომელშიც ღვთის ყველა ერთგულ მსახურს გულისხმობს. ამ აზრის ხაზგასასმელად პავლე მოიხსენიებს სხვადასხვა რამეს, რაც ხელს ვერ შეუშლის იეჰოვას, რომ თავისი მსახურების მიმართ სიყვარული გამოავლინოს.

„ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე“. როცა იეჰოვას რომელიმე თაყვანისმცემელი კვდება, მისადმი ღვთის სიყვარული არ წყდება. იეჰოვა მათდამი სიყვარულს იმით ამტკიცებს, რომ ისინი თავის მეხსიერებაში ჰყავს და მათ მომავალ ახალ ქვეყნიერებაში აღადგენს (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:3, 4). ღვთის სიყვარული თავისი ერთგული მსახურებისადმი მარადიულად რჩება იმის მიუხედავად, რასაც არ უნდა შეხვდნენ ისინი ამ ქვეყნიერებაში.

„ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები“. ადამიანი შეიძლება ადვილად მოექცეს ძლევამოსილი ადამიანებისა თუ უფლებამოსილი პირების გავლენის ქვეშ. მათგან განსხვავებით იეჰოვა არავის გავლენის ქვეშ არ ექცევა. ისეთ ძლიერ სულიერ ქმნილებას, ანგელოზს, რომელიც სატანა გახდა, არ შეუშლია ღმერთს ხელი შეუშალოს იმაში, რომ მან თავისი თაყვანისმცემლების მიმართ სიყვარული გამოავლინოს (გამოცხადება 12:10). არც მთავრობებს, რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეწინააღმდეგებიან, არ ძალუძთ, თვალსაზრისი შეაცვლევინონ ღმერთს თავის მსახურებზე (1 კორინთელები 4:13).

„ვერც აწმყო, ვერც მომავალი“. ღვთის სიყვარულს დრო ვერ შეასუსტებს. რაც არ უნდა შეემთხვათ ღვთის მსახურებს დღეს თუ მომავალში, ვერაფერი შეაფერხებს ღმერთს, რომ უყვარდეს ისინი.

„ვერც ძალები“. პავლემ მოიხსენია ზეციური და ადამიანური სიძლიერის გამომხატველი სიტყვები — „ანგელოზები“ და „მთავრობები“. მაგრამ, შემდეგ ის ამბობს: „ვერც ძალები“. ამ მუხლში ძალებად ნათარგმნ ბერძნულ სიტყვას ფართო მნიშვნელობა აქვს. რა მნიშვნელობითაც არ უნდა გამოიყენებოდეს ეს სიტყვა, ერთი რამ ცხადია — ვერავითარი ძალა, ცაში თუ დედამიწაზე, ვერ დააბრკოლებს იეჰოვას, რომ უყვარდეს თავისი ხალხი.

„ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე“. იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ისინი.

„ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება“. ამ სიტყვებში პავლემ ყველა ქმნილება იგულისხმა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ვერაფერი ვერ ჩამოაშორებს ღვთის ხალხს იეჰოვას სიყვარულს.

ადამიანური სიყვარულისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ან განელდეს, ღვთის სიყვარული უცვლელი და მარადიულია მათ მიმართ, ვინც მისადმი რწმენას ავლენს. ამის ცოდნა აღგვძრავს, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი საქმეებით ცხადვყოთ, რომ მთელი გულით გვიყვარს ღმერთი.