არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა ენაზე ლაპარაკობდა იესო?

მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმის შესახებ, თუ რა ენაზე ლაპარაკობდა იესო. დედამიწაზე ყოფნისას იესო, როგორც ჩანს, საუბრობდა ებრაულად და შესაძლოა მან არამეულის ერთ-ერთი დიალექტიც იცოდა. როცა იესო გალილეის ნაზარეთში სინაგოგაში შევიდა, მან წაიკითხა ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც, შესაძლოა, ებრაულად იყო დაწერილი. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ იესომ ეს მონაკვეთი არამეულ ენაზე გადათარგმნა (ლუკა 4:16—21).

პალესტინაში იესოს დროს გავრცელებული ენების შესახებ პროფესორი ერნესტ რაიტი ამბობს: „უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ხალხი ძირითადად ბერძნულად და არამეულად ლაპარაკობდა . . . რომაელი ჯარისკაცები და რომის ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ჩანს, ერთმანეთში ლათინურად საუბრობდნენ, ხოლო ორთოდოქსი იუდეველები — იმ ებრაულზე, რომელიც პირველ საუკუნეში იყო გავრცელებული“. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ გააკეთა პილატემ იესოს წამების ბოძზე წარწერა სამ ენაზე — ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად (იოანე 19:20).

პროფესორი ალან მილარდი თავის წიგნში წერს: „ყოველდღიური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს რომაელი მმართველები, უდავოდ, ბერძნულად ლაპარაკობდნენ. იესოც ალბათ ბერძნულად პასუხობდა პილატეს მიერ დასმულ შეკითხვებს“ („Discoveries From the Time of Jesus“). მართალია, ბიბლიიდან არ ჩანს, ნამდვილად ასე იყო ეს თუ არა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ წმინდა წერილებში არც ისაა ნახსენები, რომ იქ იმ დროს თარჯიმანი იყო (იოანე 18:28—40).

როგორც პროფესორი რაიტი აღნიშნავს, „ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ლაპარაკობდა თუ არა იესო ბერძნულად ან ლათინურად, მაგრამ სწავლების დროს ის ყოველთვის იყენებდა არამეულს ან იმდროინდელ ებრაულს, რომელზეც არამეულის გავლენა საგრძნობლად შეიმჩნეოდა“ („ბიბლიური არქეოლოგია“, 1962, გვერდი 243 [ინგლ.]).

რამდენად დიდი ზომის იყო იერუსალიმის ტაძრის ქვები?

ტაძრის შესახებ საუბრის დროს მოწაფეებმა იესოს უთხრეს: „მოძღვარო, ნახე, რა ქვები და რა შენობებია!“ (მარკოზი 13:1). საინტერესოა, რამდენად დიდი ზომის იყო ტაძრის ზოგიერთი ქვა.

დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს ტაძრის მთის ტერიტორია მეფე ჰეროდეს საგრძნობლად ჰქონდა გაფართოებული. ჰეროდეს დროინდელი ტაძრის მთა სიდიდით ორჯერ აღემატებოდა სოლომონის დროინდელს. ძველ დროში ეს იყო ადამიანის ხელით აგებული ყველაზე დიდი ბაქანი. სიგრძეში ის 480 მეტრს აღწევდა, სიგანეში კი — 280-ს. როგორც ცნობილია, ზოგი თლილი ქვა, რომელიც ამ ბაქნის ასაგებად იყო გამოყენებული, სიგრძით 11 მეტრს შეადგენდა, სიმაღლით — 5 მეტრს, ხოლო სიგანით — 3 მეტრს. ზოგი ასეთი ქვა 50 ტონაზე მეტს იწონიდა. ერთი ქვა წონით თითქმის 400 ტონას აღწევდა. როგორც ერთმა მეცნიერმა თქვა, „იმ დროში ვერსად ნახავდით ასეთი სიდიდის ქვას“.

მოწაფეებს იესომ შემდეგი სიტყვები უთხრა: ‘ხომ ხედავთ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა’ (მარკოზი 13:2). ახლაც შეიძლება ამ უშველებელი ქვებიდან ბევრის ნახვა იქ, სადაც რომაელმა ჯარისკაცებმა ახ. წ. 70 წელს ტაძარი დაანგრიეს.

[სურათი 26 გვერდზე]

ტაძრიდან ჩამონგრეული ქვების ნახვა ტაძრის მთის გარეთაა შესაძლებელი (იერუსალიმი)