არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ჭრილობის შეხორცების უნარი

ჭრილობის შეხორცების უნარი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უამრავ მექანიზმებთან ერთად ადამიანის სხეულს გააჩნია ჭრილობის შეხორცებისა და დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციის უნარი. ეს პროცესი მაშინვე იწყება, როგორც კი კანის მთლიანობა დაირღვევა.

დაფიქრდით: ჭრილობის შეხორცების პროცესი უჯრედის ურთულესი ფუნქციების დამსახურებაა, რომლებიც სხეულის დაზიანების შემთხვევაში უმალვე ერთვებიან საქმეში.

  • თრომბოციტები ეწებებიან დაზიანებულ ქსოვილებს და წარმოქმნიან თრომბს, ანუ შედედებული სისხლის გუნდას, რომელიც სისხლძარღვებს ზევიდან ეცობა.

  • იწყება ანთებითი პროცესი, რაც ებრძვის ჭრილობაში შეჭრილ ინფექციას და მასში მოხვედრილ ნებისმიერ სიბინძურეს.

  • რამდენიმე დღეში იწყება მკვდარი ქსოვილის ახლით ჩანაცვლება, ნაჭრილობევი ადგილის შემცირება და დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენა.

  • ბოლოს, დაზიანებულ უბანზე ხდება ქსოვილის ფორმირება და ნაიარევი ადგილი ძლიერდება.

სისხლის შედედების საოცარი პროცესებით მოხიბლული მკვლევრები ქმნიან პლასტიკურ მასას, რომელსაც ექნება თვითაღდგენის უნარი. მათ მიერ შექმნილი მატერია აღჭურვილია ერთმანეთის პარალელურად განლაგებული პაწაწინა მილებით, რომლებშიც მოთავსებულია ორი სახის ქიმიური ნივთიერება. დაზიანების შემთხვევაში ეს ნივთიერებები სისხლივით ჟონავს. ამ ორი სახის ქიმიური ნივთიერების შერწყმის შედეგად დაზიანებულ ადგილას წარმოიქმნება გელისებური მასა, რომელიც ავსებს გაჩენილ ბზარებსა თუ ხვრელებს. ეს მასა ცოტა ხანში მყარ ნივთიერებად იქცევა, რაც მატერიას თავდაპირველ სიმტკიცეს უბრუნებს. ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ სინთეტიკური მატერიის თვითაღდგენის პროცესი, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა, ბუნებაში უკვე არსებულის ანალოგია.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა სხეულს თვითაღდგენის უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?