არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა

სამი რამ, რასაც ფულით ვერ იყიდით

სამი რამ, რასაც ფულით ვერ იყიდით

პარადოქსია, რომ ბევრი სამსახურის, სახლის ან თუნდაც პენსიის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება, მაგრამ მაინც ყიდვის მანიითაა შეპყრობილი.

ასეთი ადამიანები ადვილად ხდებიან მარკეტოლოგების სამიზნეები. მათი მაცდუნებელი რეკლამები გამუდმებით ჩაგვჩიჩინებს, რომ უნდა გვქონდეს უფრო დიდი სახლი, უკეთესი მანქანა და ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი. თუ ფული არა გაქვთ, პრობლემა არ არის, კრედიტით შეიძინეთ. ბევრი ვალებშია ჩაფლული, მაგრამ მაინც იმისკენ ისწრაფვის, რომ მდიდრულად გამოიყურებოდეს.

ადრე თუ გვიან მათ მაინც მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება. „ძვირადღირებული ნივთების კრედიტით შეძენა იმ მიზნით, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, ჰგავს გუნება-განწყობის ამაღლების მიზნით კოკაინის მიღებას. თავიდან არც ერთი მათგანი არ გიჯდებათ ძვირი, თანაც კარგ ხასიათზე გაყენებთ, თუმცა მცირე ხნით. შედეგი კი ორივე შემთხვევაში უფულობა და ხანგრძლივი დეპრესიაა“, — ნათქვამია წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“.

ბიბლია „ქონებით ტრაბახს“ უგუნურებას უწოდებს (1 იოანე 2:16). სინამდვილეში მომხვეჭელობის სენი გვავიწყებს ყველაზე მნიშვნელოვანს ცხოვრებაში — იმას, რასაც ფულით ვერ ვიყიდით. ვიმსჯელოთ სამ რამეზე, რასაც ფულით ვერ ვიყიდით.

 1. ოჯახური ბედნიერება

შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდა ბრაიანი * ფიქრობს, რომ მამამისი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამსახურს და ფულს. „ჩვენ ყველაფერი გვაქვს, იმაზე მეტიც, ვიდრე გვჭირდება, მაგრამ მამა არასდროს არის სახლში, ის სულ მოგზაურობს. მესმის, რომ ამას სამსახური მოითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, ის ოჯახზეც არის პასუხისმგებელი“, — ამბობს ბრაიანი.

დაფიქრდით. რა შეიძლება გაუხდეს სანანებელი ბრაიანის მამას დროთა განმავლობაში? როგორ იმოქმედებს ქალიშვილთან მის ურთიერთობაზე მატერიალურზე ყურადღების მეტისმეტად გადატანა? რა სჭირდება ოჯახს ფულზე მეტად?

გასათვალისწინებელი ბიბლიური პრინციპები:

  • „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთებმა, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს . . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10).

  • „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავები 15:17).

დასკვნა: ოჯახურ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდით. ეს მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახის წევრები დროს ერთად ატარებენ და ერთმანეთისადმი ყურადღებასა და სიყვარულს ავლენენ (კოლოსელები 3:18—21).

 2. ნამდვილი კეთილდღეობა

„დედა ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებს, რომ ფულიან კაცს გავყვე ცოლად და ისეთ ხელობას ან პროფესიას დავეუფლო, რომ გაჭირვების შემთხვევაში კარგი სამსახური ვიშოვო, — ამბობს 17 წლის სარა. — დედაჩემის ერთადერთი საფიქრალი ის არის, ფული როგორ იშოვოს“.

დაფიქრდით. როცა მომავალზე ფიქრობთ, რა არის თქვენი აუცილებელი საზრუნავი? როდის სცდება საზღვრებს აუცილებელი საზრუნავი და როდის ხდება ის ზედმეტი საწუხარი? როგორ შეუძლია სარას დედას იყოს უფრო მეტად გაწონასწორებული ფულთან მიმართებაში?

გასათვალისწინებელი ბიბლიური პრინციპები:

  • „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ“ (მათე 6:19).

  • „არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“ (იაკობი 4:14).

დასკვნა: ნამდვილი კეთილდღეობა ფულის დაგროვებაზე არ არის დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება ფული მოგპარონ?! ფულით ვერც ჯანმრთელობას იყიდით და ვერც სიკვდილისგან დაიხსნით თავს (ეკლესიასტე 7:12). ბიბლია გვასწავლის, რომ ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის გაცნობასა და მისი განზრახვების ცოდნას მოაქვს (იოანე 17:3).

 3. შინაგანი კმაყოფილება

„მშობლებმა უბრალო ცხოვრებას მიმაჩვიეს, — ამბობს 24 წლის ტანია. — მე და ჩემს ტყუპისცალ დას ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი გვებადა“.

დაფიქრდით. რატომ შეიძლება იყოს რთული, დასჯერდეთ მხოლოდ აუცილებელს? როცა საქმე ფულს ეხება, თქვენ რა მაგალითს აძლევთ ოჯახის წევრებს?

გასათვალისწინებელი ბიბლიური პრინციპები:

  • „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).

  • „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

დასკვნა: ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს ვიდრე ფული და ის, რასაც ფულით იყიდით. ბიბლიაშიც ხომ წერია: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). მართლაც, ცხოვრებაში ყველაზე დიდი კმაყოფილება მოაქვს ისეთ კითხვებზე პასუხების მიღებას, როგორიცაა:

  • რატომ ვარსებობთ?

  • რას მოგვიტანს მომავალი?

  • როგორ შემიძლია სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება?

ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები, სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიოთ ვებ-გვერდს jw.org.

^ აბზ. 8 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.