არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უნდა იცოდეთ ეპილეფსიაზე?

რა უნდა იცოდეთ ეპილეფსიაზე?

თქვენი ნაცნობი მოულოდნელად უგონოდ ეცემა ძირს. სხეული უშეშდება, თავსა და კიდურებს კი აქეთ-იქით აქნევს. თუ იცით, რომ ის ეპილეფსიით არის დაავადებული, თქვენც შეგიძლიათ საჭირო დახმარების აღმოჩენა. მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ცნობილი ამ დაავადების შესახებ.

რა არის ეპილეფსია? ეპილეფსია თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხანმოკლე შეტევებით, ეგრეთ წოდებული, გულყრებით. ჩვეულებრივ, ეპილეფსიური გულყრა ხუთ წუთზე ნაკლები გრძელდება. სიტუაცია, რომელიც სტატიის დასაწყისში იყო აღწერილი, არის დიდი ეპილეფსიური გულყრის ტიპური შემთხვევა.

რა იწვევს გულყრას? სპეციალისტების აზრით, გულყრა იწყება მაშინ, როცა თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში ხდება ანომალური და ძალიან მაღალი ელექტრონული აქტივობა. მაგრამ, ზუსტად რატომ ხდება ეს, დღესდღეობით უცნობია.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ ვიღაცას დიდი ეპილეფსიური გულყრა დაეწყო? ერთ სამედიცინო ენციკლოპედიაში ნათქვამია: „უნდა დაელოდოთ, სანამ ადამიანს შეტევა არ გაუვლის, ამავდროულად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის სუნთქავს და არანაირი საფრთხე არ ემუქრება“. იმავე წიგნში აღნიშნულია, რომ „სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა გამოუძახოთ იმ შემთხვევაში, თუ: შეტევა ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, პირველი შეტევიდან მალევე განმეორდა მეორე შეტევა ან ავადმყოფი გონს ვერ მოდის გულყრიდან რამდენიმე წუთში“ (The Encyclopedia of the Brain and Brain Disorders).

როგორ აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება ადამიანს ეპილეფსიური შეტევის დროს? თავქვეშ ბალიში ან რბილი საგანი ამოუდეთ, მოაცილეთ ბასრი საგნები, რომლებმაც შეიძლება ტრავმა მიაღებინოს. როცა კრუნჩხვები გადაუვლის, გვერდზე გადააბრუნეთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

რა უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც ავადმყოფს ცნობიერება დაუბრუნდება? უპირველესად, დაარწმუნეთ ის, რომ ყველაფერი კარგად არის. შემდეგ დაეხმარეთ წამოდგომაში და გაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც შეძლებს დასვენებას. შეტევის შემდეგ ბევრს არეული გამომეტყველება აქვს და ძილი უნდება; ზოგი კი სწრაფადვე გამოდის მდგომარეობიდან და ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

ყველა ეპილეფსიური შეტევა ხასიათდება კრუნჩხვებით? არა. ზოგი მცირე ხნით კარგავს ცნობიერებას, ისე რომ ძირს არ ეცემა. ამას ჰქვია მცირე ეპილეფსიური გულყრა ანუ აბსანსი. როგორც კი გულყრა გადაუვლის, ის თავს კარგად გრძნობს. მაგრამ ზოგიერთს  მცირე გულყრა რამდენიმე წუთი უგრძელდება. ასეთ დროს ადამიანი იწყებს ოთახში უაზროდ ბორიალს, ტანსაცმლის ქაჩვას, ან სხვა უცნაურ ქმედებებს. შეტევის შემდეგ, მას შეიძლება თავბრუს ხვევა დაეწყოს.

რას გრძნობენ ეპილეფსიით დაავადებულები? ეპილეფსიით დაავადებულ ბევრ ადამიანს სულ იმის შიში აქვს, თუ სად და როდის დაემართება მორიგი შეტევა. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ისინი გაურბიან ხალხმრავალ ადგილებს.

როგორ ამოვუდგეთ მხარში ეპილეფსიით დაავადებულს? უთხარით, რომ თავისუფლად გამოხატოს თავისი გრძნობები. ყურადღებით მოუსმინეთ. ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შეტევის დროს. ვინაიდან ეპილეფსიით დაავადებული ბევრი ადამიანი მანქანას ვერ ატარებს, შესთავაზეთ სადმე გასეირნება ან რაიმე სახის მომსახურება.

შესაძლებელია ეპილეფსიური შეტევების შემცირება ან თავიდან აცილება? რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად, სტრესი და არასაკმარისი ძილი ზრდის შეტევების რისკს. ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ ეპილეფსიით დაავადებულებს, რომ რეგულარულად ივარჯიშონ და საკმარისად დაისვენონ. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტების მიღებაც ძალიან ეფექტურია გულყრის თავიდან ასაცილებლად.