არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 139:16).

ესმის ღმერთს ჩვენი?

ესმის ღმერთს ჩვენი?

ᲠᲐᲖᲔ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲡ ᲘᲡ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲜᲘ

იშვიათად თუ აქვს ორ ადამიანს ისეთი სიახლოვე, როგორიც იდენტურ ტყუპებს ერთმანეთთან. ბევრ მათგანს „უსიტყვოდ ესმის ერთმანეთის“, — ამბობს ნენსი სიგალი, რომელიც თავადაც ტყუპისცალია. ის ხელმძღვანელობს კვლევით ცენტრს, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ტყუპებზე. ერთმა ქალმა თავის ტყუპისცალთან ურთიერთობა ასე აღწერა: „ჩვენ ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე“.

რა განაპირობებს იმას, რომ ტყუპებს შორის ასეთი ურთიერთგაგებაა? როგორც კვლევებიდან გამოჩნდა, გარკვეულწილად ამას გარემო და აღზრდა განაპირობებს, მაგრამ იდენტურ ტყუპებში გადამწყვეტ როლს გენეტიკური ფაქტორები თამაშობს.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: ეჭვგარეშეა, ამ გასაოცარი გენეტიკური მასალის შემქმნელი საუკეთესოდ გვიცნობს თითოეულ ჩვენგანს. ფსალმუნმომღერალი დავითი ამბობდა: „გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში. შენ ხედავდი ჩემს ძვლებს, როცა დაფარულში მქმნიდი. . . შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ჩემი სხეულის ნაწილები უნდა ჩამოყალიბებულიყო“ (ფსალმუნი 139:13, 15, 16). მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი ჩვენი გენეტიკის შესახებ. მეტიც, მისთვის ცნობილია ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა, ამიტომაც ბოლომდე ესმის, რატომ ჩამოვყალიბდით ასეთ პიროვნებებად. ისე კარგად არავინ გვიცნობს, როგორც ღმერთი. ამის ცოდნა გვარწმუნებს, რომ მას საუკეთესოდ ესმის ჩვენი.

ᲠᲐᲡ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲓᲐᲜ?

დავითი ლოცულობდა: „იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ. შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები. შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს. ჯერ სიტყვაც არ უთქვამს ჩემს ბაგეს, რომ შენ უკვე ყველაფერი იცი, იეჰოვა!“ (ფსალმუნი 139:1, 2, 4). იეჰოვამ ჩვენი გულისნადებიც იცის და მისგან „არცერთი ფიქრი თუ ზრახვა არ არის დაფარული“ (1 მატიანე 28:9; 1 სამუელი 16:6, 7). რას გვიმჟღავნებს ეს ბიბლიური მუხლები ღვთის შესახებ?

ჩვენი შემოქმედი არა მხოლოდ იმას ხედავს, რას ვაკეთებთ, არამედ იმასაც, რატომ ვიქცევით ასე მაშინაც კი, თუ ჩვენი ფიქრები და გრძნობები ბოლომდე არ გაგვიმხელია მისთვის. მეტიც, ის ხედავს, როცა რაღაც კარგის გაკეთება გვინდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოგვდის. ვინაიდან ღმერთმა სიყვარულის უნარი გვიბოძა, მას ძლიერ სურს, დაინახოს, რომ სიყვარული გვამოძრავებს (1 იოანე 4:7—10).

ღმერთს არაფერი რჩება მხედველობიდან. მან ზუსტად იცის, რა სატკივარი გვაქვს, მაშინ როცა სხვებს შეიძლება ბოლომდე არ ესმით, რას განვიცდით ან ამის შესახებ წარმოდგენაც არა აქვთ

ღვთის სიტყვა გვარწმუნებს:

  • „იეჰოვას თვალი მართლებისკენ აქვს მიპყრობილი და ყური — მათი ვედრებისკენ“ (1 ᲞᲔᲢᲠᲔ 3:12).

  • ღმერთი გვპირდება: „გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 32:8).

ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲓᲘᲓᲐᲓ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑᲘᲐ

დაგვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში იმის ცოდნა, რომ ღმერთს ესმის, რა მდგომარეობაში ვართ და რას ვგრძნობთ? დავფიქრდეთ ნიგერიაში მცხოვრები ანას შემთხვევაზე. ის ჰყვება: „ჩემი მდგომარეობის გამო სასოწარკვეთილი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს ცხოვრებას. მეუღლე დამეღუპა; ქალიშვილი საავადმყოფოში იწვა ჰიდროცეფალიის (თავის ტვინის წყალმანკი) დიაგნოზით; ამ დროს გავიგე, რომ მკერდის კიბო მქონდა. ჯერ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, შემდეგ კი ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის კურსი ჩამეტარებინა. ძალიან გამიჭირდა, ჩემი გოგონასთვისაც მიმეხედა და საკუთარ თავზეც მეზრუნა მაშინ, როცა ორივენი საავადმყოფოში ვიწექით“.

რა ეხმარებოდა ანას, ასეთ რთულ სიტუაციას გამკლავებოდა? «ისეთ ბიბლიურ მუხლებზე ვფიქრობდი, როგორიცაა ფილიპელების 4:6, 7, სადაც ნათქვამია, რომ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“. ყოველთვის, როცა ეს მუხლები მახსენდებოდა, იეჰოვასთან სიახლოვეს ვგრძნობდი; დარწმუნებული ვიყავი, რომ მას იმაზე უკეთ ესმოდა ჩემი, ვიდრე მე — საკუთარი თავის. ქრისტიანულ კრებაში ძვირფასი თანამორწმუნეებიც არ მაკლებდნენ სითბოს და ყურადღებას.

მართალია, დღემდე მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ახლა მე და ჩემს ქალიშვილს ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. გვჯერა, რომ იეჰოვა გვიდგას მხარში, ამიტომ სირთულეების დროს ყველანაირად ვცდილობთ, უარყოფითმა ფიქრებმა არ გვშთანთქას. იაკობის 5:11-ში დამაიმედებელი სიტყვები წერია: „ჩვენ ბედნიერებად ვთვლით მათ, ვინც მოითმინა. თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და იცით, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის, როგორი თანამგრძნობი და როგორი გულმოწყალეა იეჰოვა!“». იეჰოვას ბოლომდე ესმოდა, რა მდგომარეობაში იყო იობი, ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას კარგად ესმის ისიც, თუ ჩვენ რისი ატანა გვიწევს.