არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | შეუდარებელი ძღვენი ღვთისგან

რატომ არის ღვთის ძღვენი ფასდაუდებელი?

რატომ არის ღვთის ძღვენი ფასდაუდებელი?

რა ხდის საჩუქარს ნამდვილად ღირებულს? ალბათ, ოთხი რამ: 1) ვისგან მივიღეთ, 2) რა მოტივით გვაჩუქეს, 3) რა ფასად დაუჯდა და 4) იყო თუ არა ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა. მოდი, დავფიქრდეთ ამ ოთხ მხარეზე, რაც დაგვეხმარება, მადლიერება გავიღრმაოთ ღვთისგან ბოძებული ძღვნისთვის — გამოსასყიდისთვის.

ვისგან მივიღეთ

ზოგი საჩუქარი ჩვენთვის ძვირფასი იმიტომაა, რომ უფლებამოსილმა პირმა ან ისეთმა ადამიანმა გვაჩუქა, ვისაც დიდ პატივს ვცემთ; ზოგი კი იმიტომ, რომ ოჯახის წევრმა ან ახლო მეგობარმა გვაჩუქა, თუმცა ის შეიძლება სულაც არ იყოს ძვირადღირებული. ასე იყო ჯორდანის შემთხვევაშიც, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ. რის თქმა შეიძლება გამოსასყიდზე?

ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოანე 4:9). ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რატომაა გამოსასყიდი ასეთი ძვირფასი. არავის აქვს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ღმერთს. ერთმა ფსალმუნმომღერალმა მასზე თქვა: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18). ჩვენ საჩუქარი თვით სამყაროს უზენაესი მმართველისგან მივიღეთ!

გარდა ამისა, ბიბლია ღმერთს ჩვენს მამას უწოდებს, რადგან სიცოცხლე გვიბოძა (ესაია 63:16). მოსიყვარულე მამის მსგავსად, ის ერთგულია და სათუთად ზრუნავს ჩვენზე, თავის შვილებზე. ღმერთმა ისრაელის ერთ-ერთ ტომს, ეფრემს, ასეთი სიტყვებით მიმართა: „განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი? ! . შიგნეული შემეძრა მის გამო. უეჭველად შევიბრალებ მას“ (იერემია 31:20). ღმერთი დღესაც იმავეს გრძნობს თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. ის მხოლოდ ყოვლისშემძლე შემოქმედი კი არა, ჩვენი მამა და მეგობარიცაა. აქედან გამომდინარე, მისგან ნაბოძებ ნებისმიერ ძღვენს განსაკუთრებული ფასი უნდა ჰქონდეს ჩვენთვის!

რა მოტივით გვაჩუქეს

ზოგი საჩუქარი განსაკუთრებული იმიტომ არის, რომ სიყვარულითაა გაღებული და არა მოვალეობის გამო. დიახ, ის, ვინც უანგაროდ გასცემს, სანაცვლოს არ ელის.

ღმერთი სწორედ სიყვარულმა აღძრა, ჩვენთვის თავისი ძის სიცოცხლე გაეღო მსხვერპლად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა“. იქვე ნათქვამია, თუ რატომ გააკეთა ეს ღმერთმა: „რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე“ (1 იოანე 4:9). ვალდებული იყო ღმერთი, ასე მოქცეულიყო? სრულებითაც არა! „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდი“ ღვთის წყალობაზე მეტყველებს (რომაელები 3:24).

რატომ არის ეს ძღვენი ღვთის წყალობა? ბიბლია ამბობს: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8). სწორედ უანგარო სიყვარულმა აღძრა ღმერთი, რომ ცოდვილთა და უიმედო მდგომარეობაში მყოფთა სასიკეთოდ ემოქმედა. ჩვენ არ დაგვიმსახურებია ასეთი სიყვარული, ამიტომ ვერასდროს გადავუხდით ღმერთს სანაცვლოს. გამოსასყიდი უდიდესი სიყვარულის მაჩვენებელია, სიყვარულისა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არავის გამოუვლენია!

რა ფასად დაუჯდა

ზოგი საჩუქარი იმიტომაა ძვირფასი, რომ ამისთვის დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული. როცა ვინმე იმას გვიზიარებს, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია, ეს საჩუქარი ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ღმერთმა ადამიანებისთვის ყველაზე ძვირფასი, „თავისი მხოლოდშობილი ძე“, გაიღო მსხვერპლად (იოანე 3:16). როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, იესო, რომელიც „ყოველთვის განსაკუთრებით“ უყვარდა, მის გვერდით იყო (იგავები 8:30). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო ღვთის „საყვარელი ძე“ და „უხილავი ღვთის ანარეკლია“ (კოლოსელები 1:13—15). ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ ახლო ურთიერთობა აქვთ მამას და ძეს.

დიახ, ღმერთმა „საკუთარი ძე გაიმეტა“ (რომაელები 8:32). იეჰოვამ მსხვერპლად ყველაზე ძვირფასი გაიღო ჩვენთვის. ეს საჩუქარი მას ძალიან დიდ ფასად დაუჯდა!

იყო თუ არა ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა

ზოგი საჩუქარი იმიტომაა განსაკუთრებული, რომ ის ძალიან გვჭირდებოდა. ალბათ, უსაზღვროდ მადლიერი იქნებოდით იმ ადამიანის, ვინც საკუთარი ნებით დაფარავდა თქვენი გადარჩენისთვის აუცილებელი მკურნალობის ხარჯებს, რასაც თავად ვერასდროს გასწვდებოდით. ნუთუ ფასდაუდებელი არ იქნებოდა ასეთი საჩუქარი?!

„როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:22). როგორც ადამის შთამომავლები, ყველანი ვკვდებით და არ ძალგვიძს, თავი დავაღწიოთ ავადმყოფობისა და სიკვდილის მარწუხებს; ჩვენ არც იმის ძალა შეგვწევს, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა აღვადგინოთ და მართლები გავხდეთ მის თვალში. ჩვენ, უსუსური და უმწეო ადამიანები, ვერასდროს დავიხსნიდით სიკვდილისგან ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვას. ბიბლია ხაზგასმით ამბობს: „ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება)“ (ფსალმუნი 49:7, 8). აქედან გამომდინარე, უსათუოდ გვჭირდებოდა ღვთის დახმარება. ღმერთს ალალბედად რომ დავეტოვებინეთ, ნამდვილად უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით.

იეჰოვა ღმერთმა უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე სწორედ ის ფასი გადაიხადა, რაც ჩვენი გადარჩენისთვის იყო საჭირო. ასე რომ, იესოს მეშვეობით „გაცოცხლდება ყველა“. როგორ მოემსახურება გამოსასყიდი ადამიანთა ხსნას? „მისი ძის, იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“. თუ იესოს მსხვერპლისადმი რწმენას გამოვავლენთ, ცოდვები გვეპატიება და გზა გაგვეხსნება მარადიული სიცოცხლისკენ (1 იოანე 1:7; 5:13). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გამოსასყიდის საფუძველზე გარდაცვლილებისთვისაც არსებობს იმედი: „როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის [იესოს] მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც“ (1 კორინთელები 15:21). *

გამოსასყიდი მართლაც შეუდარებელი ძღვენია, რადგან ის თვით სამყაროს უზენაესმა მმართველმა გვიბოძა! არავის არასდროს გამოუვლენია ისეთი სიყვარული, როგორიც იეჰოვა ღმერთმა გამოავლინა, რადგან მან მსხვერპლად საკუთარი ძის სიცოცხლე გაიღო! არავის არასდროს გადაუხდია იმხელა ფასი, რამხელაც ღმერთმა გადაიხადა ჩვენ სახსნელად! არავის არასდროს გაუღია ისეთი მსხვერპლი, რომელიც ასე ესაჭიროებოდა ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებში მოქცეულ ადამიანებს! დიახ, ვერც ერთი საჩუქარი ვერ გაუტოლდება ღვთის მიერ გაღებულ ძღვენს — გამოსასყიდს!

 

^ აბზ. 19 თუ გსურთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ იმის თაობაზე, თუ რა იმედი არსებობს გარდაცვლილებისთვის, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-7 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.isa4310.com.