არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ ვიკითხოთ ბიბლია მეტი ინტერესით?

როგორ გავხადო ბიბლიის კითხვა საინტერესო?

როგორ გავხადო ბიბლიის კითხვა საინტერესო?

ბიბლიის კითხვა თქვენთვის საინტერესო იქნება თუ მოსაწყენი, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა მეთოდებს მიმართავთ მის წასაკითხად. მოდი, შევეხოთ რამდენიმე მხარეს, რაც დაგეხმარებათ, ბიბლიის კითხვა თქვენთვის უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს.

შეარჩიეთ თანამედროვე ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი. თუ ბიბლიის ისეთ თარგმანს კითხულობთ, სადაც ბევრი მოძველებული და ძნელად გასაგები სიტყვაა გამოყენებული, რა თქმა უნდა, მისი კითხვა თქვენთვის არცთუ ისე სასიამოვნო იქნება. ამიტომ შეარჩიეთ ისეთი თარგმანი, სადაც ადვილად გასაგები და გულში ჩამწვდომი სიტყვებია გამოყენებული. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული თარგმანი ზუსტი და სანდოა. *

ისარგებლეთ თანამედროვე ტექნოლოგიით. დღესდღეობით ხელმისაწვდომია ბიბლიის არა მხოლოდ ბეჭდვითი, არამედ ელექტრონული ვერსიაც. ბიბლიის ზოგიერთი თარგმანის წაკითხვა შესაძლებელია ონლაინში. ასევე მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერში, პლანშეტურ მოწყობილობასა თუ ტელეფონში. ზოგიერთ ელექტრონულ ვერსიას აქვს დამატებითი ფუნქციები, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ მოძებნოთ ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიბლიური მუხლი ან ერთმანეთს შეადაროთ ბიბლიის რამდენიმე თარგმანი. ზოგიერთ ენაზე აგრეთვე ხელმისაწვდომია ბიბლიის აუდიოჩანაწერებიც, ამიტომ თუ კითხვას მოსმენას ამჯობინებთ, შეგიძლიათ მისი აუდიოვერსია გამოიყენოთ. ბევრი სიამოვნებით უსმენს ბიბლიის აუდიოჩანაწერებს ისეთ დროს, როდესაც ხელი არ ეშლება, მაგალითად მგზავრობის ან თუნდაც სახლის საქმეების კეთების დროს. კარგი იქნება, თუ ზემოხსენებული საშუალებებიდან ერთ-ერთს შეარჩევთ.

გამოიყენეთ ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალებები. მათი გამოყენება დაგეხმარებათ, უფრო ნაყოფიერი გახადოთ ბიბლიის კითხვა. ამ დამხმარე საშუალებებში შედის რუკებიც, სადაც მოცემულია ბიბლიური ქვეყნების ადგილმდებარეობა. ეს საშუალებას მოგცემთ, წარმოდგენა შეიქმნათ ბიბლიაში მოხსენიებული ქვეყნებისა თუ ტერიტორიების შესახებ და ადვილად დააკავშიროთ ერთმანეთთან წაკითხული ისტორიები. მსგავსი სტატიები, რომლებიც დაბეჭდილია ამ ჟურნალში ან განთავსებულია ვებ-გვერდზე jw.org („ბიბლიური სწავლებები“), დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს.

ცვალეთ მეთოდები. თუ იმის გაფიქრებაც კი გაშინებთ, რომ ბიბლია თავიდან ბოლომდე უნდა წაიკითხოთ, უმჯობესი იქნება, მისი კითხვა იმ მონაკვეთიდან დაიწყოთ, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ. ან თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ბიბლიის ცნობილი პერსონაჟების შესახებ, შეგიძლიათ უშუალოდ ის მონაკვეთები წაიკითხოთ, სადაც მათი ისტორიებია მოთხრობილი. ბიბლიის კითხვის ასეთი მეთოდის ნიმუში მოცემულია თანდართულ ჩარჩოში „ უკეთ გაეცანით ბიბლიის პერსონაჟებს“. გარდა ამისა, შეგიძლიათ ბიბლია თემატურად ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განვითარებული მოვლენების მიხედვით იკითხოთ. კარგი იქნება, თუ ზემოხსენებული მეთოდებიდან ერთ-ერთს მაინც ცდით.

^ აბზ. 4 ბევრი დარწმუნდა, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ზუსტი და სანდოა. აგრეთვე მასში ადვილად გასაგები სიტყვებია გამოყენებული. ბიბლიის ეს თარგმანი გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. ვებ-გვერდიდან jw.org შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მისი ელექტრონული ვერსია ან აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა“. მაგრამ თუ ბიბლიის ბეჭდვით ვერსიას ამჯობინებთ, იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ სახლში მოგიტანონ.