არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?

რის გაკეთება შეუძლიათ მგლოვიარეებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

რის გაკეთება შეუძლიათ მგლოვიარეებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

თუ ახლობელი მოგიკვდათ და დახმარებას ეძებთ, ალბათ, უამრავ რჩევას მოისმენთ ან წაიკითხავთ, რომელთაგან ზოგი გამოგადგებათ, ზოგი კი — არა. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ყველა თავისებურად გლოვობს. ის, რაც ერთს ჰგვრის შვებას, მეორეს ვერ ანუგეშებს.

თუმცა არსებობს პრინციპები, რომლებიც ბევრს წაადგა. ხშირად სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ სპეციალისტები, რომლებიც მგლოვიარეებს რჩევებს აძლევენ. მათი რჩევები ეთანხმება ერთ-ერთ უძველეს წიგნში, ბიბლიაში მოყვანილ დროში ნაცად პრინციპებს.

1: ᲣᲐᲠᲡ ᲜᲣ ᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲖᲔ

  • ზოგი სპეციალისტის აზრით, სწორედ ეს თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს, რათა მგლოვიარე დარდმა არ შთანთქას. თუმცა ზოგჯერ შეიძლება განმარტოება გინდოდეთ. შეიძლება მათზეც კი გაღიზიანდეთ, ვინც დახმარებას გთავაზობთ, რაც სრულიად ბუნებრივია.

  • ნუ იფიქრებთ, რომ სულ სხვების გარემოცვაში უნდა იყოთ, მაგრამ ნურც გაერიყებით მათ. ბოლოს და ბოლოს, თქვენც ხომ შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში მათი დახმარება?! კარგი იქნება, თუ საქმის კურსში ჩააყენებთ და აუხსნით, მოცემულ მომენტში რა გჭირდებათ და რა არა.

  • თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრეთ, რამდენ ხანს იქნებით სხვების გარემოცვაში და რამდენ ხანს განმარტოვდებით.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან. . . თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს“ (ეკლესიასტე 4:9, 10).

2: სწორად იკვებეთ და დრო დაუთმეთ ვარჯიშს

  • გაწონასწორებული კვება ამცირებს სტრესს, რომელსაც ახლობლის სიკვდილი იწვევს. ეცადეთ, მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და ცილებით მდიდარი, მაგრამ არა მეტისმეტად ცხიმიანი საკვები.

  • დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, ნატურალური წვენები თუ სხვ.

  • თუ უმადობას უჩივით, ხშირ-ხშირად მიიღეთ საკვები პატარ-პატარა ულუფებად. შეგიძლიათ აგრეთვე ექიმს ჰკითხოთ, რომელი საკვები დანამატების მიღება იქნებოდა თქვენს შემთხვევაში კარგი. *

  • სწრაფი სიარული და სხვა სახის ვარჯიში სტრესს შეგიმცირებთ. ამ დროს შეგიძლიათ ან გააანალიზოთ მომხდარი, ან პირიქით, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29).

3: ᲡᲐᲙᲛᲐᲠᲘᲡᲐᲓ ᲘᲫᲘᲜᲔᲗ

  • ძილი ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ახლობელი დაეღუპა. ასეთ დროს ადამიანს ძალები ეცლება და იფიტება.

  • ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით კოფეინს და ალკოჰოლს, რადგან შეიძლება ძილი დაგერღვეთ.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).

4: ᲜᲣ ᲛᲝᲔᲥᲪᲔᲕᲘᲗ ᲩᲐᲠᲩᲝᲔᲑᲨᲘ

  • გახსოვდეთ, რომ ყველა თავისებურად გლოვობს. ამიტომ თავად უნდა განსაზღვროთ, რისი გაკეთება იქნება საუკეთესო თქვენთვის.

  • ბევრმა აღმოაჩინა, რომ ტკივილის დაამებაში მათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა ეხმარება, სხვები კი ამჯობინებენ, შეიკავონ ემოციები. სპეციალისტებს არა აქვთ ერთი აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგომარეობის შესამსუბუქებლად გრძნობების გამოხატვა. შეიძლება გინდათ, სანდო მეგობართან დაიცალოთ, მაგრამ რაღაცნაირად თავს იკავებთ. ამის გაკეთება გაგიადვილდებათ, თუ მას ერთბაშად კი არ ეტყვით სათქმელს, არამედ თანდათანობით გადაუშლით გულს.

  • ზოგს ტირილი ჰგვრის შვებას, ზოგი კი ამის გარეშეც ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მხოლოდ გულმა უწყის თავისი საწუხარი“ (იგავები 14:10).

5: ᲛᲝᲔᲠᲘᲓᲔᲗ ᲛᲐᲕᲜᲔ ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲡ

  • ზოგი მგლოვიარე ცდილობს, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა თუ წამლების მეშვეობით გაიყუჩოს ტკივილი. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, პირიქით, ამით უფრო მეტად ვნებენ საკუთარ თავს. და რომც იგრძნონ შვება, ეს ძალიან ხანმოკლეა; სინამდვილეში მათ უფრო უმძიმდებათ მდგომარეობა. ამიტომ ჯობს, დარდის გასაქარვებლად უვნებელ მეთოდებს მიმართოთ.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულს“ (2 კორინთელები 7:1).

6: ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚᲐᲓ ᲒᲐᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲗ ᲓᲠᲝ

  • ბევრს უადვილდება მდგომარეობასთან გამკლავება, როცა ისეთი საქმეებით კავდება, რაც ყურადღებას დროებით სხვა რამეზე გადაატანინებს.

  • გარკვეულწილად შეიძლება შვება მოგგვაროთ ახალი მეგობრების შეძენამ, ძველ მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცებამ, რაღაც ახლის სწავლამ ან რამით გართობამ.

  • დროთა განმავლობაში იმდენს აღარ იფიქრებთ მომხდარზე და უწინდებურად აღარ იგლოვებთ. ეს ჭრილობის მოშუშების ბუნებრივი ნაწილია.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . ტირილის დრო და სიცილის დრო; მოთქმის დრო და ცეკვის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4).

7: ᲛᲘᲰᲧᲔᲕᲘᲗ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲡ

  • შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ ჩვეულ განრიგს.

  • თუ ყველაფერს სათანადო დროს მიუჩენთ, იქნება ეს ძილი, სამუშაო თუ სხვა საქმეები, დიდი ალბათობით, თქვენი ცხოვრება კალაპოტში ჩადგება.

  • თუ სასარგებლო საქმეებით დაკავდებით, შეიძლება დაგიამდეთ ტკივილი.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „აღარ გაახსენდება მას წარსული, რადგან ღმერთი გულს სიხარულით უვსებს“ (ეკლესიასტე 5:20).

8: ᲜᲐᲩᲥᲐᲠᲔᲕᲐᲓ ᲜᲣ ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ

  • ზოგმა, ვინც ახლობლის სიკვდილის შემდეგ მალევე მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები, მოგვიანებით ინანა.

  • თუ შესაძლებელია, უმჯობესი იქნება, გარკვეული დრო გავიდეს, ვიდრე შეიცვლით საცხოვრებელს, სამუშაოს ან გარდაცვლილის ნივთებს გადაახარისხებთ.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება, მოჩქარე კი გაღარიბდება“ (იგავები 21:5).

9: ᲒᲐᲘᲮᲡᲔᲜᲔᲗ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ ᲐᲮᲚᲝᲑᲔᲚᲘ

  • ბევრის შემთხვევაში კარგი აღმოჩნდა ისეთი საქმეებით დაკავება, რაც დაეხმარა მათ, ყოველთვის ტკბილად მოეგონებინათ გარდაცვლილი ახლობელი.

  • შეიძლება თქვენთვის ერთგვარი თერაპია იყოს ისეთი სურათებისა თუ ნივთების მოგროვება ან ისეთი შემთხვევებისა თუ ამბების ფურცელზე დაწერა, რაც თქვენს ახლობელს უკავშირდება და გინდათ, რომ სასიამოვნო მოგონებებად დაგრჩეთ.

  • შეინახეთ ასეთი ნივთები და მოგვიანებით, როცა ემოციურად მზად იქნებით, თვალი შეავლეთ.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაიხსენეთ ძველი დრო“ (კანონი 32:7).

10: ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲔᲗ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ

  • აიღეთ შვებულება.

  • თუ დიდი ხნით ვერ წახვალთ შვებულებაში, იქნებ ერთი-ორი დღით წახვიდეთ სადმე სალაშქროდ, რომელიმე მუზეუმს ესტუმროთ ან სადმე მანქანით გაისეირნოთ.

  • ჩვეულ განრიგში პატარა ცვლილებების შეტანაც კი მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:31).

11: ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ

  • ნუ დაგავიწყდებათ, რომ, როცა სხვებს ეხმარებით, ეს თქვენთვისაც სასიკეთოა.

  • შეგიძლიათ დაიწყოთ მათგან, ვინც თქვენთან ერთად განიცდის თქვენი ახლობლის სიკვდილს. ესენი შეიძლება იყვნენ მეგობრები, ნათესავები თუ სხვები.

  • სხვების დახმარება და ნუგეშისცემა სიხარულს დაგიბრუნებთ და თქვენს ცხოვრებას აზრს შესძენს.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

12: ᲒᲐᲓᲐᲮᲔᲓᲔᲗ ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲔᲑᲡ

  • ახლობლის დაკარგვამ შეიძლება სხვა თვალით დაგანახვოთ, სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი.

  • გააანალიზეთ, რას ანიჭებთ უპირატესობას ცხოვრებაში.

  • მოახდინეთ საჭირო ცვლილებები.

ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია, რადგან ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია; ეს ცოცხალს კარგად უნდა ახსოვდეს“ (ეკლესიასტე 7:2).

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტკივილის ბოლომდე გაყუჩება შეუძლებელია. თუმცა ბევრი მგლოვიარე ირწმუნება, რომ ისეთი რჩევების გათვალისწინება, როგორიც ამ სტატიაშია მოხსენიებული, შვების მომგვრელია. ცხადია, ზემოთ არ არის მოყვანილი იმ რჩევების სრული ჩამონათვალი, რომლებიც დაგიამებთ ტკივილს. და მაინც, თუ ზოგიერთ რჩევას გაითვალისწინებთ, შეიძლება მდგომარეობა საგრძნობლად შეგიმსუბუქდეთ.

^ აბზ. 13 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.