არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა მარკ სანდერსონი აცხადებს კუანგალი, სეპულანა და ტსვანა ენებზე ბიბლიის გამოცემების შესახებ.

2021 წლის 10 მარტი
სამხრეთი აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში ბიბლია სამ ენაზე გამოიცა

სამხრეთ აფრიკაში ბიბლია სამ ენაზე გამოიცა

2021 წლის 7 მარტს სამხრეთ აფრიკაში განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს მაუწყებლებმა, რომლებიც კუანგალი, სეპულანა და ტსვანა ენებზე საუბრობენ. წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კუანგალი და სეპულანა ენებზე და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ტსვანა ენაზე. ამ სპეციალურ პროგრამას მაუწყებლები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს. მათთვის მალევე გახდა ხელმისაწვდომი ბიბლიები ელექტრონული ფორმატით.

კუანგალი

სამკაციანმა მთარგმნელობითმა ჯგუფმა ორ წელში თარგმნა ბერძნული წერილები. ამ ენაზე მოლაპარაკე 240-ზე მეტ მაუწყებელს ახლა უკვე აქვს ადვილად გასაგები ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომელსაც სიხარულით გამოიყენებენ მსახურებისა და პირადი შესწავლის დროს.

სეპულანა

ამ პროექტის დასრულებას ექვსმა მთარგმნელმა დაახლოებით წელიწად-ნახევარი მოანდომა. სამხრეთ აფრიკაში 374 მაუწყებელი საუბრობს სეპულანა ენაზე.

ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: „მსახურებაში ხშირად სეპედი ენაზე ნათარგმნ ბიბლიას ვიყენებდით. მუხლის წაკითხვის შემდეგ დაინტერესებულს ჯერ მასში მოცემული რომელიმე სიტყვის ან სიტყვების მნიშვნელობას ვუხსნიდით ან ვუთარგმნიდით და მერე ვუხსნიდით, რა აზრი იყო ჩადებული მუხლში. ამ თარგმანში კი მუხლის ერთხელ წაკითხვაც საკმარისია აზრის გასაგებად“.

ტსვანა

ამ გადამუშავებული თარგმანის დასრულებას დაახლოებით ოთხი წელი მოანდომა ექვსმა მთარგმნელმა. ტსვანა ენაზე სამხრეთ აფრიკაში 5 600 მაუწყებელზე მეტი საუბრობს.

ტსვანა ენაზე შესრულებულ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანთან“ დაკავშირებით ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ეს თარგმანი მაუწყებლებს დაეხმარება, დაიხვეწონ ქადაგებასა და სწავლების საქმეში და დრო აღარ დაკარგონ რთული სიტყვების ახსნაზე. ის შესწავლაში დამხმარე კარგი საშუალებაც იქნება თითოეული მაუწყებლისთვის. ცხრილები, რუკები, სურათები, ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი მაუწყებლებს დაეხმარება, გონებაში გააცოცხლონ ბიბლიური ეპიზოდები“.

ბიბლიის ეს გამოცემები ჩვენს და-ძმებს და სხვა უამრავ გულწრფელ ადამიანს დაეხმარება სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. ძალიან ვაფასებთ სულიერ საზრდოს, რომელიც ღვთის ხალხს ასე უხვად მოგვეწოდება (ესაია 65:13).