არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა გამოიარეს იეჰოვას მოწმეებმა ჰოლოკოსტის დროს?

რა გამოიარეს იეჰოვას მოწმეებმა ჰოლოკოსტის დროს?

 ჰოლოკოსტის დროს გერმანიაში და ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში 35 000 იეჰოვას მოწმიდან 1 500 მოწმე დაიღუპა. უმეტესი მათგანის სიკვდილის მიზეზები ცნობილია, თუმცა არა ყველასი. ფაქტების მოკვლევა დღემდე მიმდინარეობს და შესაძლოა გარკვეული დეტალები მოგვიანებით გახდეს ცნობილი.

 როგორ დაიღუპნენ?

  • ნაცისტები გილიოტინაზე სჯიდნენ პატიმრებს

      სიკვდილით დასჯის ადგილები: გერმანიაში და ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში 400-მდე იეჰოვას მოწმე დასაჯეს სიკვდილით. უმეტესი მათგანი გაასამართლეს, სიკვდილი მიუსაჯეს და თავი მოჰკვეთეს. სხვები ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს ან ჩამოახრჩვეს.

  •   უმძიმესი პირობები საპატიმროებში: 1 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დაიღუპა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებსა და საპატიმროებში არსებული საშინელი პირობების გამო. მათ უმძიმეს სამუშაოებს ავალებდნენ, რაც ზოგჯერ მათი სიკვდილის მიზეზი ხდებოდა; ისინი იღუპებოდნენ წამების, შიმშილის, სიცივის, ავადმყოფობისა და მწირი სამედიცინო დახმარების გამო. ზოგი კი გათავისუფლებიდან მალევე დაიღუპა.

  •   სხვა მიზეზები: ზოგი მოწმე გაზის კამერებში დაიღუპა, ზოგი — სამედიცინო ექსპერიმენტებს ემსხვერპლა, ზოგს კი მომაკვდინებელი ინექცია გაუკეთეს.

 რატომ დევნიდნენ?

 იეჰოვას მოწმეებს იმის გამო დევნიდნენ, რომ ისინი არ ღალატობდნენ ბიბლიურ პრინციპებს. მოწმეები არასოდეს მიდიოდნენ კომპრომისზე, როდესაც ნაცისტები მათ ისეთი რამის კეთებას აიძულებდნენ, რასაც ბიბლია კრძალავს. ისინი ღმერთს ემორჩილებოდნენ, როგორც მმართველს და არა ადამიანს (საქმეები 5:29). გავიხსენოთ ორი მხარე, რაშიც მათ ცალსახად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.

  1.   პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია. ნაცისტური რეჟიმის დროს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდნენ; ამ მხრივ დღესაც გამოირჩევიან იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში (იოანე 18:36). ისინი უარს აცხადებდნენ:

    •   ემსახურათ ჯარში ან მხარი დაეჭირათ საომარი მოქმედებებისთვის (ესაია 2:4; მათე 26:52).

    •   მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში ან შეერთებოდნენ ნაცისტურ ორგანიზაციებს (იოანე 17:16).

    •   მიეცათ სალამი სვასტიკისთვის ან ეთქვათ „ჰაილ ჰიტლერ!“ (მათე 23:10; 1 კორინთელები 10:14).

  2.   რწმენის თანახმად ცხოვრება. მართალია, იეჰოვას მოწმეებს აკრძალული ჰქონდათ რელიგიური მსახურების შესრულება, მაგრამ ისინი მაინც:

 პროფესორი რობერტ გერვორსი აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეები „ერთადერთი ჯგუფი იყო მესამე რაიხის რეჟიმის დროს, რომლის წევრებიც საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის გამო იდევნებოდნენ“. a საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი პატიმრები გაოცებულები იყვნენ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი სიმტკიცით. ერთმა ავსტრიელმა პატიმარმა მათზე ასეთი რამ თქვა: „ისინი არ მიდიან საომრად. მათ ურჩევნიათ სიკვდილზე წავიდნენ, ვიდრე სხვა მოკლან“.

 სად დაიღუპნენ?

  •   საკონცენტრაციო ბანაკებში: იეჰოვას მოწმეების უმეტესობა საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. მარტო ზაქსენჰაუზენის ბანაკში დაახლოებით 200 იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა.

  •   ციხეებში: ზოგი მოწმე წამებით მოკლეს ციხეში, ზოგის სიკვდილის მიზეზი კი დაკითხვებზე ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებები გახდა.

  •   სიკვდილით დასჯის ადგილები: უმთავრესად, იეჰოვას მოწმეები დახოცეს ბერლინის პლეტცენზეს ციხეში, ბრანდერბურგსა და ჰალეში არსებულ ციხეებში. დოკუმენტური მასალების მიხედვით, კიდევ სხვა 70 ადგილი არსებობდა, სადაც მოწმეები სიკვდილით დასაჯეს.

 ზოგიერთი სიკვდილით დასჯილი იეჰოვას მოწმე

  •  სახელი: ჰელენ გოტჰოლდი

     სიკვდილით დასჯის ადგილი: პლეტცენზე (ბერლინი)

     ჰელენი, რომელსაც ქმარი და ორი შვილი ჰყავდა, რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1937 წელს, ერთ-ერთი დაკითხვის დროს, ფეხმძიმე ჰელენი ისე სასტიკად სცემეს, რომ მუცელი მოეშალა. 1944 წლის 8 დეკემბერს მას პლეტცენზეს ციხეში გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.

  •  სახელი: გერჰარდ ლიბოლდი

     სიკვდილით დასჯის ადგილი: ბრანდენბურგი

     ოცი წლის გერჰარდს 1943 წლის 6 მაისს თავი მოჰკვეთეს. ზუსტად ორი წლის წინ მამამისსაც იმავე ციხეში მოჰკვეთეს თავი. გერჰარდმა გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა ოჯახის წევრებსა და საცოლეს. წერილში ის ასეთ რამეს ამბობდა: „უფლისგან მოცემული ძალის გარეშე, ვერ შევძლებდი ამ გზის გავლას“.

  •  სახელი: რუდოლფ აუშნერი

     სიკვდილით დასჯის ადგილი: ჰალე (ზაალე)

     რუდოლფი სულ რაღაც 17 წლისა იყო, როდესაც თავი მოჰკვეთეს. ეს 1944 წლის 22 სექტემბერს მოხდა. გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელიც მან დედას მისწერა, ასეთი რამ ეწერა: „ბევრმა ძმამ გაიარა ეს გზა და ამას მეც შევძლებ.“

a Hitler’s Hangman: The Life of Heydrich, გვერდი 105.