არჩეულ მასალაზე გადასვლა

სკოლა „გალაადი“ 70 წელს ითვლის!

სკოლა „გალაადი“ 70 წელს ითვლის!

1943 წლის 1 თებერვალს ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი განსაკუთრებული სკოლა გაიხსნა და პირველმა კლასმა დაიწყო სწავლა. ამ სკოლაში, რომელიც დღეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა 8 000-ზე მეტმა და-ძმამ გაიარა სპეციალური სწავლების კურსი.

ზემოთ: სკოლა „გალაადის“ შესასვლელი, საუთ-ლანსინგი, ნიუ-იორკი. ქვემოთ: სკოლა „გალაადის“ მასწავლებელი მიმართავს 31-ე კლასის სტუდენტებს ამფითეატრში

იონათანი, ერთ-ერთი ბოლო კურსდამთავრებული, ამბობს: „ბიბლიური განათლება, რომელიც ამ სკოლაში მივიღეთ, დაგვეხმარება, უფრო დახელოვნებულად ვიქადაგოთ ნებისმიერ ქვეყანაში თუ ნებისმიერი კულტურის ხალხთან. მისი მეუღლე, მარნი, დასძენს: „ახლა, ისე როგორც არასდროს, ხალხის დახმარების ძლიერი სურვილი გამიჩნდა; მინდა მათ გავუზიარო ის, რაც ჩვენს შემოქმედს ადამიანებისთვის აქვს განზრახული და დავანახვო, რომ ცხოვრებაში ამაზე უკეთეს ვერაფერს მოისმენენ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამიანებს იეჰოვას გაცნობაში დავეხმარები, მათი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდება“.

სკოლა „გალაადში“ სტუდენტები სრულიად უსასყიდლოდ გადიან ხუთთვიან სწავლების კურსს. ამ სკოლაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ბიბლიაზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სასიხარულო ცნობის ქადაგება. სასწავლო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა გაამხნეონ და განამტკიცონ ღვთის ხალხი; დაეხმარონ ყველა და-ძმას ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში, რაც მათ სხვადასხვა სირთულეებთან გამკლავებისას დასჭირდებათ. სწავლის დროს სტუდენტები მსჯელობენ ბიბლიურ პრინციპებზე, რომლებიც ეხმარებათ იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობის გაღრმავებაში.

ზემოთ: 1958 წელს ალბერტ შრედერი „გალაადის“ სტუდენტებს კარვის მაკეტის მეშვეობით ასწავლის. ქვემოთ: 1968 წელს ულისე გლასი „გალაადის“ 46-ე კლასის სტუდენტებთან გაკვეთილს ატარებს.

წყვილები, რომლებსაც სკოლა „გალაადში“ იწვევენ, მანამდეც მსახურობენ სრული დროით. როდესაც ისინი სკოლას ამთავრებენ, ან ისევ თავის ძველ ტერიტორიაზე ბრუნდებიან ან სხვა ქვეყანაში იგზავნებიან. ზოგი მათგანი იეჰოვას მოწმეთა 90 ფილიალიდან ერთ-ერთში ინიშნება. უმეტესობა იგზავნება მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც შეუძლიათ მთელი თავიანთი ყურადღება სამქადაგებლო მსახურებაზე გადაიტანონ.

სკოლა „გალაადი“ თავდაპირველად საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკის შტატი) საზოგადოების ფერმის ტერიტორიაზე ტარდებოდა. 1961 წლიდან სასწავლო კურსს მოსწავლეები ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, გადიოდნენ. საზოგადოების ფერმის ტერიტორიაზე სკოლა „გალაადი“ 1988 წლიდან 1995 წლამდე ტარდებოდა. 1995 წელს კი სკოლამ ადვილი შეიცვალა და გადავიდა პატერსონში, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში (ნიუ-იორკი). 2013 წლის მარტში სკოლა „გალაადმა“ 134-ე კლასი გამოუშვა.

ზემოთ: 2003 წელს სკოლა „გალაადის“ 116-ე კლასის სტუდენტები გაკვეთილზე. ქვემოთ: 2011 წელს „გალაადის“ სტუდენტები მეცადინეობენ სკოლის ბიბლიოთეკაში.

უკვე 70 წელია, რაც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები ერთგულად ამოწმებენ იეჰოვას შესახებ და შესანიშნავ მაგალითს აძლევენ სხვებს.