არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ბავშვები და სოციალური მედია | ასწავლეთ შვილებს სოციალური მედიით სარგებლობა (ნაწილი 2)

ბავშვები და სოციალური მედია | ასწავლეთ შვილებს სოციალური მედიით სარგებლობა (ნაწილი 2)

 იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც სოციალური მედიის გამოყენებას სდევს თან, ზოგი მშობელი ამჯობინებს, მათმა შვილებმა არ ისარგებლონ სოციალური ქსელებით. თუმცა, თუ თქვენ აძლევთ შვილს მისი გამოყენების უფლებას, კარგი იქნება, ასწავლოთ კიდეც მისით გონივრულად სარგებლობა. როგორ შეგიძლიათ, დაიცვათ თქვენი შვილი ცუდი შედეგებისგან და ასწავლოთ ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობა?

ამ სტატიაშია:

 პრიორიტეტები

 რა უნდა იცოდეთ: ადამიანები ძალიან მარტივად ხდებიან სოციალურ მედიაზე დამოკიდებული, ამიტომ შეიძლება თქვენს შვილს თქვენი დახმარება დასჭირდეს, რომ განსაზღვროს რამდენი დრო დაუთმოს მას.

 ბიბლიური პრინციპი: „[დაინახეთ], რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

 დაფიქრდით: ხომ არ უშლის ხელს ჩემს შვილს სოციალური ქსელები, რომ დროულად დაიძინოს, შეასრულოს სკოლის დავალებები და ოჯახთან ერთად გაატაროს დრო? სპეციალისტები ამბობენ, რომ მოზარდებს საშუალოდ 9 საათი უნდა ეძინოთ, თუმცა ისინი, ვინც სოციალურ ქსელებს დღეში რამდენიმე საათს უთმობენ, ღამით 7 საათზე ნაკლები სძინავთ.

 გამოსავალი: თქვენს შვილთან ერთად იმსჯელეთ, როგორ დაადგინოს პრიორიტეტები და რატომ იქნება გონივრული, თუ შეამცირებს სოციალური მედიისთვის დათმობილ დროს. გონიერების ფარგლებში დაადგინეთ წესები, მაგალითად, არ მისცეთ ღამით საძინებელში ტექნიკით სარგებლობის უფლება. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ თქვენმა მოზარდმა თვითკონტროლის უნარი განივითაროს. ეს უნარი მას მთელი ცხოვრება გამოადგება (1 კორინთელები 9:25).

 ემოციური მდგომარეობა

 რა უნდა იცოდეთ: თუ თქვენი შვილი ხშირად ათვალიერებს თავისი ონლაინმეგობრების კარგად დამუშავებულ სურათებს და მათ ვიდეოებს უყურებს, შეიძლება მარტოობის გრძნობა დაეუფლოს და დეპრესიაშიც კი ჩავარდეს.

 ბიბლიური პრინციპი: „მოიშორეთ ... შური“ (1 პეტრე 2:1).

 დაფიქრდით: ხომ არ ადარებს თქვენი შვილი საკუთარ თავს სხვებს, როცა სოციალურ ქსელებში მათ სურათებს ათვალიერებს? ხომ არ ფიქრობს, რომ ისინი გარეგნობით სჯობიან და ბევრად უფრო საინტერესო და ლამაზი ცხოვრება აქვთ?

 გამოსავალი: დაანახვეთ თქვენს შვილს, რატომ არის საშიში საკუთარი თავის სხვასთან შედარება. გახსოვდეთ, რომ გარეგნობას და სხვებთან ურთიერთობას ბიჭებზე მეტად გოგოები აქცევენ ყურადღებას. შეიძლება მას ისიც კი ურჩიოთ, რომ დროდადრო საერთოდ არ გამოიყენოს სოციალური ქსელები. ერთი ახალგაზრდა, ჯეიკობი, აღნიშნავს: „რაღაც პერიოდი საერთოდ წავშალე ტელეფონიდან სოციალური მედიის აპლიკაცია. ეს დამეხმარა, პრიორიტეტები გადამეფასებინა და საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის სხვა თვალით შემეხედა“.

 საქციელი

 რა უნდა იცოდეთ: სოციალური მედიით სარგებლობას სცენაზე დგომას ადარებენ ხოლმე, რადგან ადამიანი ამ დროს ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებს. იმის ალბათობაც დიდია, რომ ვინმე არასწორად გაიგებს რამეს და კონფლიქტი წარმოიშობა.

 ბიბლიური პრინციპი: „მოიშორეთ ყოველგვარი ბოღმა, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ... სიკეთე გაუკეთეთ [ერთმანეთს]“ (ეფესოელები 4:31, 32).

 დაფიქრდით: თქვენი შვილიც ხომ არ აჰყვა სხვებს ჭორაობაში, პრობლემები ხომ არ შეექმნა ვინმესთან ან მიუღებელი საუბარი ხომ არ დასჩემდა?

 გამოსავალი: დაანახვეთ თქვენს შვილს, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მანერების ქონა სოციალური ქსელებით სარგებლობის დროსაც. ერთ წიგნში ნათქვამია: „მშობლების ვალია, შვილებს ნათლად აუხსნან, რომ ადამიანების შეურაცხყოფა არცერთ შემთხვევაში არაა მისაღები, არც ონლაინ და არც რეალურ ცხოვრებაში“ (Digital Kids).

 გახსოვდეთ, რომ სოციალური ქსელებით სარგებლობა აუცილებლობას არ წარმოადგენს და ამიტომაც არ აძლევს ზოგიერთი მშობელი თავის შვილს მისით სარგებლობის უფლებას. თუმცა, თუ თქვენს შვილს ამის ნებას რთავთ, აუცილებელია, დარწმუნებული იყოთ, რომ ის შეძლებს დროის გონივრულად განაწილებასა და სხვებთან ჯანსაღი მეგობრობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ შეუფერებელ მასალას არ გაეკარება.