არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

რეგვენა წყალში ჩაშვების გასაოცარი უნარით

რეგვენა წყალში ჩაშვების გასაოცარი უნარით

 რეგვენები დიდი ზომის ზღვის ფრინველები არიან, რომლებიც ოკეანის ზედაპირზე დაშვებისას 190 კილომეტრს ავითარებენ საათში. როდესაც რეგვენა წყალს ეხეთქება, დარტყმის ძალა 20-ჯერ აღემატება მიზიდულობის ძალას. როგორ უძლებს ეს ფრინველი ასეთი სიძლიერის დარტყმას, თანაც არაერთს?

 დაფიქრდით: სანამ რეგვენა წყალში ჩაეშვება, ფრთებს უკან ჭიმავს და ისრის ფორმას იღებს. ამ დროს მას თვალებზე დამცავი აპკი ეკვრება და კისრისა და გულ-მკერდის არეში არსებული ორგანოები ებერება, რაც ერთგვარი დამცავი ბალიშის ფუნქციას ასრულებს, რომ დარტყმას გაუძლოს.

 ოკეანეში ჩაშვების მომენტში რეგვენა ნისკარტით, თავითა და კისრით კონუსის ფორმას ქმნის. ეს ფორმა მას საშუალებას აძლევს, დარტყმის ძალა თანაბრად გადაანაწილოს კისრის ძლიერ კუნთებზე. ამის შემდეგ რეგვენა მომენტალურად გადადის წყალქვეშა მხედველობის რეჟიმზე.

 რა სიღრმეზე ჩადის რეგვენა ოკეანეში? ინერციით ის თითქმის 11 მეტრზე ჩადის, თუმცა მას შეუძლია კიდევ განაგრძოს ცურვა სიღრმისკენ ნახევრად მოკეცილი ფრთებისა და აპკიანი ფეხების მეშვეობით. ფაქტობრივად, ამ ფრინველს 25 მეტრზე მეტ სიღრმემდე შეუძლია ჩასვლა ოკეანეში. ყვინთვის დასრულების შემდეგ რეგვენა ამოდის წყლის ზედაპირზე, რისთვისაც მას მინიმალური ენერგია სჭირდება და მზადაა კვლავ ასაფრენად.

 უყურეთ ვიდეოს

 რეგვენაზე დაკვირვებით მეცნიერებმა შექმნეს რობოტები სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ ეს რობოტებიც შეძლებდნენ ფრენას, წყალში ჩაშვებას და ხელახლა აფრენას. თუმცა მათი შემოწმებისას ერთი რობოტი წყალში ჩაშვების დროს ძლიერი დარტყმის შედეგად რამდენჯერმე დაიმტვრა. მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათ მიერ შექმნილი რეგვენას პროტოტიპი „ნამდვილი რეგვენასგან განსხვავებით, ვერ უძლებდა ძლიერ დარტყმას წყალში ჩაშვებისას“.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა რეგვენას წყალში ჩაშვების საოცარი უნარი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?