არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ლოქორის წებოვანი ლორწო

ლოქორის წებოვანი ლორწო

 ქირურგები დიდი ხნის განმავლობაში ხედავდნენ ქირურგიაში სამედიცინო წებოების არსებობის საჭიროებას ნებისმიერი დაზიანებული ქსოვილის შეხორცების მიზნით. დღეს არსებული წებოვანი ნივთიერებების უმეტესობა შინაგანი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. ისინი ტოქსიკურია და გაშრობის შემდეგ ელასტიურობას კარგავს; გარდა ამისა, არ ეწებება სველ ქსოვილებს. ლოქორის a ლორწოს შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს.

 დაფიქრდით: როცა ლოქორა საფრთხის მოახლოებას გრძნობს, ის გამოყოფს ლორწოს, რომელიც იმდენად წებოვანია, რომ სველ ფოთოლზე აწებებს ლოქორას. ეს დამცავი მექანიზმი ლოქორას სრულად არ უზღუდავს მოძრაობის საშუალებას.

 ლოქორის ლორწოზე დაკვირვებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამ ბიოწებოს ეფექტიანობის რამდენიმე მიზეზი, მაგალითად, ქიმიური ბმები და ელექტროსტატიკური მიზიდულობა. ლორწო ედება სხეულის ზედაპირს, რომელზეც ლოქორაა მიმაგრებული. ეს ეხმარება მას, მყარად მიკრული დარჩეს ზედაპირზე მაშინაც კი, როცა საფრთხის მოახლოების გამო შიშს განიცდის. მკვლევრებმა ლოქორის ლორწოზე დაკვირვებით შექმნეს წებო, რომელსაც სხვა თანამედროვე ქირურგიულ წებოებზე გაცილებით ძლიერი მიწებების უნარი აქვს და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ცოცხალ ორგანოებზეც. როგორც ამბობენ, ის „ისეთივე მყარად აწებებს ქსოვილებს ერთმანეთს, როგორც ხრტილებია ძვლებზე მიკრული“.

 ექსპერტებს სჯერათ, რომ ეს წებო ყველა ქირურგის განუყრელი „ინვენტარი“ გახდება, რაც თანდათანობით შეამცირებს ნაკერების დადების საჭიროებას. მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელი იქნება დაზიანებული ხრტილების აღსადგენად. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ექიმები შეძლებენ სხეულში იმპლანტების ზუსტ ადგილზე ჩასმას. ამ წებოს ეფექტიანობა უკვე დადასტურდა მას შემდეგ, რაც ის გამოიყენეს ღორის გულში და ვირთხების ღვიძლში წარმოქმნილი ხვრელების ამოსავსებად.

 მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად მეცნიერები ხშირად საუკეთესო გამოსავალს გარე სამყაროზე დაკვირვებით პოულობენ. „მთავარია იცოდე, საით გაიხედო და როცა რაიმე კარგ იდეას მიაგნებ, აღიარო“, — ამბობს დონალდ ინგბერი, სინთეზური წებოს შემუშავების ინსტიტუტის დირექტორი.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია ის, რომ ლოქორის ლორწო ასეთ საოცარ ბიოლოგიურ წებოს წარმოადგენს თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?

a მისი სამეცნიერო სახელწოდებაა „ბინდოვანი ლოქორა“ (Arion subfuscus).