არჩეულ მასალაზე გადასვლა

მაპატიებს ღმერთი?

მაპატიებს ღმერთი?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ, ღმერთი გაპატიებთ ცოდვებს, თუ ამისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი მზადაა პატიებისთვის და „მრავლის მიმტევებელია“ (ნეემია 9:17; ფსალმუნი 86:5; ესაია 55:7). როდესაც ის გვპატიობს, ამას მთელი გულით აკეთებს. მის თვალში ჩვენი ცოდვები, ასე ვთქვათ, იშლება (საქმეები 3:19). ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ ივიწყებს ჩვენს ცოდვებს, რადგან მის სიტყვაში ვკითხულობთ: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერემია 31:34). იგი არასდროს გაგვიხსენებს ცოდვებს იმ მიზნით, რომ კვლავ და კვლავ ბრალი დაგვდოს ან დაგვსაჯოს.

 თუმცა მისი მხრიდან პატიება ნამდვილად არ არის სისუსტის ნიშანი და ეს არც მის გულჩვილობაზე მეტყველებს. იგი არასდროს მიდის თავისი ნორმების წინააღმდეგ. მაგალითად, მან არ აპატია ზოგს ცოდვები (იესო ნავეს ძე 24:19, 20).

რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, ღმერთმა რომ გაპატიოთ

  1.   აღიარეთ, რომ როცა ცოდვა ჩაიდინეთ, ღვთის ნორმები დაარღვიეთ. მართალია, ამ დროს თქვენი საქციელით შეიძლება სხვებსაც მიაყენეთ ტკივილი, მაგრამ, პირველ რიგში, ის უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთს აწყენინეთ (ფსალმუნი 51:1, 4; საქმეები 24:16).

  2.   ლოცვაში აღიარეთ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვა (ფსალმუნი 32:5; 1 იოანე 1:9).

  3.   გულწრფელად მოინანიეთ ცოდვა. „ღვთისმოსაწონ დანაღვლიანებას“ ნამდვილ მონანიებამდე მიჰყავს ადამიანი ან გამოსწორებისკენ აღძრავს მას (2 კორინთელები 7:10). როცა ვინმე გულწრფელად ინანიებს, გადადგმულ ყველა არასწორ ნაბიჯს ნანობს, რამაც ცოდვის ჩადენამდე მიიყვანა (მათე 5:27, 28).

  4.   შეიცვალეთ და „მობრუნდით“ (საქმეები 3:19). ეს ნიშნავს, რომ აღარ გაიმეორებთ რაიმე არასწორ საქციელს ან შეიძლება სრულიად შეიცვლით აზროვნებასა და ქცევას (ეფესოელები 4:23, 24).

  5.   მონანიების ნიშნად გადადგით შესაბამისი ნაბიჯები, რათა გამოასწოროთ ჩადენილი შეცდომა (მათე 5:23, 24; 2 კორინთელები 7:11). ბოდიში მოუხადეთ მათ, ვისაც ტკივილი მიაყენეთ და ყველაფერი გააკეთეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად (ლუკა 19:7—10).

  6.   სთხოვეთ ღმერთს ლოცვაში პატიება იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე (ეფესოელები 1:7). თუ გინდათ, რომ ლოცვაზე პასუხი მიიღოთ, უნდა აპატიოთ მათ, ვინც თქვენ წინააღმდეგ შესცოდა (მათე 6:14, 15).

  7.   თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ, დაელაპარაკეთ მას, ვისაც შეუძლია საჭირო სულიერი დახმარება აღმოგიჩინოთ და ვინც ილოცებს თქვენთვის (იაკობი 5:14—16).

გავრცელებული არასწორი შეხედულება ღვთის შემწყნარებლობაზე

 „ჩემი დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ არ ვიმსახურებ პატიებას“.

ღმერთმა აპატია დავითს, რომელმაც მრუშობა და მკვლელობა ჩაიდინა

 თუ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებისამებრ ვიმოქმედებთ, გვეპატიება შეცოდება, რადგან ღვთის გულმოწყალება იმდენად განუზომელია, რომ  მას ნებისმიერი ცოდვის პატიება შეუძლია. მან შეიძლება გაპატიოთ სერიოზული ცოდვები და ისეთი ცოდვებიც კი, რომლებიც არაერთხელ ჩაგიდენიათ (ესაია 1:18).

 მაგალითად, ისრაელის მეფე დავითს ღმერთმა მრუშობა და მკვლელობა აპატია (2 სამუელი 12:7—13). ღვთისგან პატიება მოციქულმა პავლემაც მიიღო, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე ცოდვილ ადამიანად თვლიდა (1 ტიმოთე 1:15, 16). თქვენ წარმოიდგინეთ, მონანიების შემთხვევაში ის იუდეველებიც კი მიიღებდნენ ღვთისგან პატიებას, რომლებმაც იესოს, თავიანთი მხსნელის, სისხლში გაისვარეს ხელი (საქმეები 3:15, 19).

 „თუ მღვდელს აღსარებას ჩავაბარებ, ცოდვები მომეტევება“.

 დღეს დედამიწაზე არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, სხვებს ცოდვები აპატიოს. მართალია, ადამიანებს შეუძლიათ დაეხმარონ შემცოდველს გამოსწორებაში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვების პატიება (ეფესოელები 4:32; 1 იოანე 1:7, 9).

 თუ ასეა, მაშ, რას გულისხმობდა იესო, როცა მოციქულებს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც დაუტოვებთ, დარჩება“ (იოანე 20:23). ის საუბრობდა იმ განსაკუთრებულ უფლებამოსილებაზე, რასაც მოციქულები წმინდა სულით მიიღებდნენ (იოანე 20:22).

 დაპირებისამებრ, მოციქულებმა მართლაც მიიღეს ეს ძღვენი, როცა მათზე ახ. წ. 33 წელს წმინდა სული გადმოვიდა (საქმეები 2:1—4). პეტრე მოციქულმა ამ უფლებამოსილებით მაშინ ისარგებლა, როცა განსაჯა ანანია და საფირა. პეტრემ სასწაულებრივად გაიგო მათი მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ; მის მიერ გამოტანილი განაჩენიდან გამოჩნდა, რომ ანანიასა და საფირას მიერ ჩადენილი ცოდვა უპატიებელი იყო (საქმეები 5:1—11).

 ეს და სხვა წმინდა სულით მიღებული სასწაულებრივი ძღვენი, როგორიც იყო განკურნება და სხვადასხვა ენებზე საუბარი, მოციქულების სიკვდილის შემდეგ შეწყდა (1 კორინთელები 13:8—10). ასე რომ, დღეს არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, სხვა ადამიანს ცოდვები აპატიოს.