არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის ნათლობა?

რა არის ნათლობა?

ბიბლია გვპასუხობს:

 ნათლობა წყალში სრულ ჩაშვებას გულისხმობს. a ბიბლიაში ნათლობის არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი (საქმეები 2:41). ერთ-ერთია, მაგალითად, მდინარე იორდანეში იესოს ნათლობა, როდესაც წყალმა მისი სხეული მთლიანად დაფარა (მათე 3:13, 16). წლების შემდეგ ეთიოპი საჭურისიც გზად მიმავალი წყალში მოინათლა (საქმეები 8:36—40).

 იესოს სიტყვების თანახმად, ნათლობა მისი მიმდევრებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა (მათე 28:19, 20). ამ აზრს პეტრე მოციქულმაც გაუსვა ხაზი (1 პეტრე 3:21).

ამ სტატიაშია

 რას ნიშნავს ნათლობა?

 ნათლობას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ დროს ადამიანი საჯაროდ ადასტურებს, რომ მოინანია ცოდვები და ღმერთს უპირობოდ აღუთქვა, რომ მის ნებას შეასრულებს. ეს ნებისმიერ ვითარებაში ღვთისა და იესოს მორჩილებას გულისხმობს. გარდა ამისა, ნათლობით ადამიანს მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევა.

 წყლით სხეულის სრული დაფარვა იმის სიმბოლოა, რომ ადამიანი ცხოვრებას იცვლის. ბიბლიაში ნათლობა შედარებულია დამარხვასთან (რომაელები 6:4; კოლოსელები 2:12). წყალში ჩაძირვით ადამიანი, ასე ვთქვათ, კვდება წარსული ცხოვრებისთვის, ხოლო წყლიდან ამოსვლით ახალ ცხოვრებას იწყებს, როგორც ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანი.

 რას ამბობს ბიბლია ჩვილთა ნათლობაზე?

 ბიბლია არ ასწავლის იმას, რომ ჩვილები უნდა მოინათლონ. b

 ჩვილთა ნათლობა ბიბლიასთან წინააღმდეგობაში იმიტომ მოდის, რომ ნათლობის მსურველი კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, მან უნდა იცოდეს ბიბლიის ძირითადი მოძღვრებები და ცხოვრობდეს ღვთის სიტყვიდან ნასწავლის თანახმად. გარდა ამისა, მან უნდა მოინანიოს ცოდვები და ლოცვაში უთხრას ღმერთს, რომ მზად არის, თავისი ცხოვრება მას მიუძღვნას (საქმეები 2:38, 41; 8:12). ჩვილები ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ შეძლებენ.

 რას ნიშნავს ნათლობა მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით?

 იესომ თავის მიმდევრებს ასეთი მითითება მისცა: „ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ [ხალხი]; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათე 28:19, 20). ფრაზა „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელიც ინათლება, აღიარებს მათ როლს. მაგალითად, ერთხელ პეტრე მოციქულმა დაბადებიდან წელსქვემოთ მოწყვეტილ კაცს უთხრა: «ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით გეუბნები: იარე!“» (საქმეები 3:6). აშკარაა, პეტრე აღიარებდა ქრისტეს როლს და ესმოდა, რომ ეს მამაკაცი იესომ განკურნა სასწაულებრივად.

  •   მამა არის იეჰოვა c ღმერთი. როგორც შემოქმედი, სიცოცხლის მბოძებელი და ყოვლისშემძლე ღმერთი, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს (დაბადება 17:1; გამოცხადება 4:11).

  •   ძე არის იესო ქრისტე, რომელმაც სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის (რომაელები 6:23). ჩვენ ვერ მივიღებთ ხსნას, თუ არ ვაღიარებთ იესოს მთავარ როლს კაცობრიობასთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვაში (იოანე 14:6; 20:31; საქმეები 4:8—12).

  •   წმინდა სული არის ღვთის მოქმედი ძალა. d ღმერთმა ამ სულის დახმარებით შექმნა სამყარო, სიცოცხლეს მისცა დასაბამი, თავისი სიტყვა გადასცა წინასწარმეტყველებსა და სხვებს და ძალა მისცა მათ მსახურების შესასრულებლად (დაბადება 1:2; იობი 33:4; რომაელები 15:18, 19). ღმერთმა წმინდა სული იმისთვისაც გამოიყენა, რომ თავისი აზრები ბიბლიის დამწერებისთვის შთაეგონებინა (2 პეტრე 1:21).

 ცოდვაა ხელახლა ნათლობა?

 დღეს არცთუ ისე ცოტა ადამიანი იცვლის რელიგიას. ცოდვად ჩაეთვლება ადამიანს, თუ ის უკვე მონათლულია თავის ეკლესიაში და ხელახლა სურს მონათვლა? ზოგი ამ კითხვას დადებითად პასუხობს და არგუმენტად ეფესოელების 4:5 მოჰყავს, სადაც წერია: „ერთია უფალი, ერთია რწმენა, და ნათლობაც ერთია“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბიბლიური მუხლი არ გამორიცხავს ხელახლა ნათლობას. ვიმსჯელოთ, რატომ ვამბობთ ამას.

 კონტექსტი. როგორც ამ მუხლის კონტექსტიდან ვიგებთ, მოციქული პავლე იმაზე საუბრობს, რომ ნამდვილ ქრისტიანებს ერთი რწმენა უნდა აერთიანებდეთ (ეფესოელები 4:1—3, 16). ასეთი ერთიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ ადამიანები ერთსა და იმავე წინამძღოლს, იესო ქრისტეს, გაჰყვებიან და ექნებათ ერთი მრწამსი ანუ ბიბლიურ მოძღვრებებზე ერთნაირი შეხედულება. გარდა ამისა, ისინი უნდა იცავდნენ ნათლობისთვის დაწესებულ ბიბლიურ მოთხოვნებს.

 მოციქულმა პავლემ მათაც მოუწოდა ნათლობისკენ, ვინც უკვე იყო მონათლული. ამის მიზეზი ის იყო, რომ პირველად ნათლობის დროს მათ არ ესმოდათ ქრისტიანული მოძღვრებების მნიშვნელობა (საქმეები 19:1—5).

 ძირითადი მოთხოვნები ნათლობისთვის. ღვთისთვის ნათლობა მისაღები რომ იყოს, ადამიანმა უნდა იცოდეს ბიბლიური ჭეშმარიტება (1 ტიმოთე 2:3, 4). თუ ის ისეთი რელიგიური წესით არის მონათლული, რომელიც ბიბლიურ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ღმერთი მის ნათლობას არ აღიარებს (იოანე 4:23, 24). ზოგჯერ ადამიანს შეიძლება გულწრფელი მოტივი ამოძრავებდა ნათლობისას, მაგრამ „საფუძვლიანი ცოდნის გარეშე“ გადადგა ეს ნაბიჯი (რომაელები 10:2). ღვთის მოწონება რომ დაიმსახუროს ადამიანმა, უნდა ისწავლოს ბიბლიური ჭეშმარიტება, იცხოვროს ნასწავლის თანახმად, თავი მიუძღვნას ღმერთს და ხელახლა მოინათლოს. ამ შემთხვევაში ხელახლა ნათლობა ცოდვად არ ჩაითვლება. პირიქით, ეს ძალიან გონივრული ნაბიჯი იქნება.

 ბიბლიაში მოხსენიებული სხვა სახის ნათლობები

 ბიბლია სხვა არაერთ ნათლობასაც მოიხსენიებს, რომლებსაც განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

 იოანეს ნათლობა. e იოანეს მიერ ებრაელების და იუდეველი პროზელიტების ნათლობა იმას ასიმბოლოებდა, რომ მათ მოინანიეს მოსეს კანონის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები. ნათლობით იოანემ ხალხი იმისთვის მოამზადა, რომ ამოეცნოთ და ეღიარებინათ მესია, ნაზარეთელი იესო (ლუკა 1:13—17; 3:2, 3; საქმეები 19:4).

 იესოს ნათლობა. იოანეს მიერ იესოს მონათვლა გამორჩეული იყო, რადგან მან სრულყოფილი და უცოდველი ადამიანი მონათლა (1 პეტრე 2:21, 22). იესოს ნათლობა ცოდვების მონანიებას და „ღვთისთვის სუფთა სინდისის“ თხოვნას არ ემსახურებოდა (1 პეტრე 3:21). ნათლობით მან თავი წარუდგინა ღმერთს, რომ როგორც მესია, მის ნებას შეასრულებდა. ამაში ისიც მოიაზრებოდა, რომ სიცოცხლეს გაიღებდა ჩვენთვის (ებრაელები 10:7—10).

 წმინდა სულით ნათლობა. წმინდა სულით ნათლობაზე იოანეც და იესოც საუბრობდნენ (მათე 3:11; ლუკა 3:16; საქმეები 1:1—5). ეს ნათლობა განსხვავდება წმინდა სულის სახელით ნათლობისგან (მათე 28:19). რატომ ვამბობთ ამას?

 იესოს მიმდევრებიდან წმინდა სულით მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა ინათლება. ისინი წმინდა სულით არიან ცხებულები ანუ ღვთის მიერ არიან არჩეულნი, რათა ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ f (1 პეტრე 1:3, 4; გამოცხადება 5:9, 10). ისინი ზეციდან იმმართველებენ და უხელმძღვანელებენ მილიონობით ქრისტეს მიმდევარს, რომელთაც სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ (მათე 5:5; ლუკა 23:43).

 ქრისტე იესოში მონათლულნი და მისი სიკვდილის მოზიარენი. წმინდა სულით მონათლულნი ქრისტე იესოში მონათლულნიც არიან (რომაელები 6:3). ეს ნათლობა ეხება იესოს ცხებულ მიმდევრებს, რომლებიც ზეცაში იმმართველებენ მასთან ერთად. ქრისტე იესოში მონათვლით ისინი ხდებიან ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი იმ კრების წევრები, რომლის თავიც ქრისტეა და რომელსაც მისი სხეული განასახიერებს (1 კორინთელები 12:12, 13, 27; კოლოსელები 1:18).

 ცხებული ქრისტიანები იესოს „სიკვდილის მოზიარენიც“ ხდებიან (რომაელები 6:3, 4). ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თავგანწირვის სულს ავლენენ და უარს ამბობენ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრებაზე. იესოს სიკვდილის მოზიარენი ისინი მას შემდეგ ხდებიან, რაც დედამიწაზე სიცოცხლეს დაასრულებენ და ზეცაში აღდგებიან როგორც სულიერი ქმნილებები (რომაელები 6:5; 1 კორინთელები 15:42—44).

 ცეცხლით ნათლობა. იოანე ნათლისმცემელმა ერთხელ თავის მსმენელს ასეთი რამ უთხრა: „ის [იესო] წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ. მას ხელში უჭირავს ფიწალი და მთლიანად გაწმენდს თავის კალოს; ხორბალს ბეღელში მოაგროვებს, ბზეს კი ჩაუქრობელ ცეცხლში დაწვავს“ (მათე 3:11, 12). ამ ბიბლიური მუხლიდან აშკარად ჩანს, რომ ცეცხლით ნათლობა განსხვავდება წმინდა სულით ნათლობისგან. რას გულისხმობდა იოანე ნათლისმცემელი?

 ხორბალი განასახიერებს მათ, ვინც უსმენს იესოს და ემორჩილება მას. ასეთებს შესაძლებლობა ეძლევათ, წმინდა სულით მოინათლონ. ბზე მათ განასახიერებს, ვინც არ უსმენს იესოს. ისინი ცეცხლით მოინათლებიან ანუ სამუდამოდ განადგურდებიან (მათე 3:7—12; ლუკა 3:16, 17).

a ბერძნული სიტყვა, რომელიც „ნათლობად“ ითარგმნა, ნიშნავს როგორც „წყალში ჩაშვებას, ისე იქიდან ამოსვლას“ („Vine’s Complete Expository Dictionary of Old and New Testament Words“).

b ზოგიერთ ეკლესიაში იმართება ცერემონია, რომლის დროსაც ჩვილს ჯერ სახელს არქმევენ, შემდეგ კი წყლის მიპკურებით ან თავზე დასხმით ნათლავენ.

c იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.

d იხილეთ სტატია „რა არის სულიწმიდა?“.

f იხილეთ სტატია „ვინ მიდის ზეცაში?“.

g ბიბლიაში სიტყვა „ნათლობა“ ზოგჯერ განწმენდის რიტუალის, მაგალითად, ჭურჭლის გავლების აღსაწერად გამოიყენება (მარკოზი 7:4; ებრაელები 9:10). რა თქმა უნდა, ამ რიტუალს საერთო არაფერი აქვს იესოსა და მისი მიმდევრების წყალში ნათლობასთან.