არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ უნდა ვილოცოთ? ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?

რატომ უნდა ვილოცოთ? ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?

ბიბლია გვპასუხობს:

 რასაკვირველია. ბიბლიიდან და ღვთის მსახურთა ცხოვრებისეული შემთხვევებიდან ჩანს, რომ ღმერთი პასუხობს ლოცვებს. ბიბლიაში ნათქვამია: „თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 145:19). მაგრამ თუ გინდათ, რომ ღმერთმა მოგისმინოთ, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თქვენზე და იმაზე, თუ როგორ ლოცულობთ.

რას მოითხოვს ღმერთი მათგან, ვინც ლოცვით მიმართავს?

  •   ლოცვით მიმართონ ღმერთს და არა იესოს, მარიამს, წმინდანებს, ანგელოზებსა თუ გამოსახულებებს. მხოლოდ იეჰოვა ღმერთია „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2).

  •   ილოცონ ღვთის ნებისამებრ ანუ გაითვალისწინონ მისი მოთხოვნები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული (1 იოანე 5:14).

  •   ღმერთს მიმართონ იესოს სახელით და ამგვარად აღიარონ მისი უფლებამოსილება. „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“, — თქვა იესომ (იოანე 14:6).

  •   ილოცონ რწმენით, და საჭიროების შემთხვევაში ღმერთს რწმენის განმტკიცება სთხოვონ (მათე 21:22; ლუკა 17:5).

  •   იყვნენ თავმდაბალნი და გულწრფელნი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს“ (ფსალმუნი 138:6).

  •   დაჟინებით ითხოვონ. იესომ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (ლუკა 11:9).

რას არა აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა?

  •   თქვენს წარმომავლობას ან ეროვნებას. „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

  •   მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ვლოცულობთ. თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ დამჯდარმა, თავდახრილმა, დაჩოქილმა ან ფეხზე მდგომმა (1 მატიანე 17:16; ნეემია 8:6; დანიელი 6:10; მარკოზი 11:25).

  •   შეგიძლიათ ილოცოთ ხმამაღლა ან გულში. ღმერთი პასუხობს გულში წარმოთქმულ ლოცვებსაც, რომელთა შესახებაც სხვებმა არაფერი იციან (ნეემია 2:1—6).

  •   მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, უმნიშვნელო რამეზე ესაუბრებით თუ გულისტკივილს უზიარებთ. ღმერთი მოგვიწოდებს, „ყველა საწუხარი მას მივანდოთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე“ (1 პეტრე 5:7).