არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

იოანეს 1:1 — „დასაწყისში იყო სიტყვა“

იოანეს 1:1 — „დასაწყისში იყო სიტყვა“

 „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანე 1:1, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“ (იოანე 1:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

იოანეს 1:1-ის ახსნა

 ეს მუხლი გარკვეულ დეტალებს გვიმხელს იესო ქრისტეს ზეციერი ცხოვრების შესახებ, სანამ ის დედამიწას ადამიანის სახით მოევლინებოდა (იოანე 1:14—17). მე-14 მუხლში „სიტყვა“ (ანუ „ლოგოსი“, ბერძნულად „ჰო ლო გოს“) გამოყენებულია, როგორც წოდება. ეს წოდება, როგორ ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ იესო ღვთის მითითებებს და ბრძანებებს სხვებს გადასცემდა. ღვთის სიტყვას ანუ ცნობას იესო ადამიანებს თუ ანგელოზებს დედამიწაზე მსახურების დროსაც გადასცემდა და ზეცად ამაღლების შემდეგაც (იოანე 7:16; გამოცხადება 1:1).

 სიტყვა „დასაწყისში“ მიუთითებს იმ დროზე, როცა ღმერთმა შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო და შექმნა „სიტყვა“. ამის შემდეგ ღმერთმა „სიტყვასთან“ ერთად შექმნა ყველაფერი (იოანე 1:2, 3). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო არის „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი“ და, რომ „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი“ (კოლოსელები 1:15, 16).

 ფრაზა „სიტყვა იყო ღმერთი“ აღწერს იესოს ღვთიურ ბუნებას, ღვთაებრივ თვისებებს, რაც მას დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა. მას ღმერთი იმიტომ შეიძლება ეწოდოს, რომ ის არის ღვთის წარმომადგენელი; ამასთანავე, მას განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია, როგორც ღვთის პირმშოს, ვისთან ერთადაც ღმერთმა სხვა ყველაფერი შექმნა.

იოანეს 1:1-ის კონტექსტი

 ბიბლიის წიგნი „იოანე“ მოგვითხრობს იესოს დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების შესახებ. პირველი თავის დასაწყისში ყურადღება მახვილდება დედამიწაზე მოსვლამდე იესოს ზეციერ ცხოვრებაზე, ღმერთთან მის ახლო ურთიერთობაზე და ადამიანებსა და ღმერთს შორის მის განსაკუთრებულ როლზე (იოანე 1:1—18). ეს დეტალები გვეხმარება, ჩავწვდეთ დედამიწაზე მსახურების დროს იესოს სიტყვებისა და მოქმედებების მნიშვნელობას (იოანე 3:16; 6:38; 12:49, 50; 14:28; 17:5).

მცდარი შეხედულება იოანეს 1:1-ზე

 მცდარი შეხედულება: იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილი უნდა ითარგმნოს, როგორც „სიტყვა იყო ღმერთი“.

 სინამდვილე: მართალია, მრავალ ბიბლიაში ეს ადგილი ასეა ნათარგმნი, მაგრამ ზოგ მთარგმნელს განსხვავებული შეხედულება აქვს. დედნისეულ ტექსტში იოანეს 1:1-ში სიტყვა „ღმერთი“ (ბერძნულად „თე·ოს“) ორი განსხვავებული გრამატიკული ფორმითაა გამოყენებული. პირველ შემთხვევაში ამ სიტყვას წინ უძღვის ბერძნული განსაზღვრული არტიკლი, მეორე შემთხვევაში კი მას საერთოდ არ აქვს არტიკლი. ბევრი თეოლოგი მიიჩნევს, რომ მეორე შემთხვევაში „თე·ოს“-ის წინ განსაზღვრული არტიკლის არარსებობა ძალზედ საყურადღებოა. მაგალითად, ერთ-ერთ სახელმძღვანელოში a ამ სიტყვის უარტიკლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ნათქვამია: «ფაქტობრივად, უარტიკლოდ ხმარებისას ეს სიტყვა იძენს ზედსართავი სახელის ფუნქციას და ნიშნავს „ღვთაებრივს“. არაერთი სხვა სწავლული b და ბიბლიის მთარგმნელი უჭერს მხარს აღნიშნულ მოსაზრებას».

 მცდარი შეხედულება: ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ „სიტყვა“ და ყოვლისშემძლე ღმერთი ერთი და იგივე პიროვნებაა.

 სინამდვილე: წინადადება „სიტყვა იყო ღმერთთან“ იმაზე მიუთითებს, რომ მუხლში ორ სხვადასხვა პიროვნებაზეა საუბარი. შეუძლებელია „სიტყვა“ იყოს ღმერთთან და ამავდროულად, იყოს ყოვლისშემძლე ღმერთი. კონტექსტი ამტკიცებს, რომ „სიტყვა“ არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. იოანეს 1:18-ში ვკითხულობთ, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“. მაგრამ ადამიანებმა „სიტყვა“, ანუ იესო ნამდვილად იხილეს, ვინაიდან იოანეს 1:14-ში ნათქვამია, რომ „სიტყვა გახდა ხორცი და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ დიდება, რომელიც მხოლოდშობილ ძეს მამისგან ჰქონდა“.

 მცდარი შეხედულება: „სიტყვა“ ყოველთვის არსებობდა.

 სინამდვილე: ამ მუხლში მითითებული დროის გარემოება „დასაწყისში“ შეუძლებელია მიანიშნებდეს ღვთის არსებობის დასაწყისზე, რადგან ღმერთს დასაწყისი არ აქვს. იეჰოვა c ღმერთი მარადიულად არსებობს (ფსალმუნი 90:1, 2). რაც შეეხება „სიტყვას“, იესო ქრისტეს, ნამდვილად ჰქონდა დასაწყისი. ის არის „ღვთის ქმნილებათაგან პირველი“ (გამოცხადება 3:14).

 მცდარი შეხედულება: პოლითეიზმი (რელიგიური მოძღვრება, რომელიც მრავალღმერთიანობას აღიარებს) ასწავლის, რომ „სიტყვა“ ღმერთია.

 სინამდვილე: ბერძნული სიტყვა, „თე·ოს“, რომელიც ღმერთად ითარგმნება, ხშირად შეესაბამება ებრაულ სიტყვებს „ელ“ და „ელოჰიმ“, რომლებიც „ძველ აღთქმაში“ გვხვდება. როგორც მიიჩნევენ, ამ ებრაული სიტყვების ძირითადი მნიშვნელობა არის „ძლიერი“, „ძლევამოსილი“ და გამოიყენება ყოვლისშემძლე ღმერთთან, სხვა ღმერთებთან და ადამიანებთან მიმართებითაც კი (ფსალმუნი 82:6; იოანე 10:34). ღმერთმა „სიტყვასთან“ ერთად შექმნა ყველაფერი, ამიტომ მას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ძლევამოსილი ღმერთი (იოანე 1:3). „სიტყვას“ რომ შეიძლება ღმერთი ეწოდოს, ჩანს ესაიას 9:6-დანაც, რომელშიც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღვთის რჩეულს, მესიას, იგივე ქრისტეს, დაერქმეოდა „ძლიერი ღმერთი“ (ებრაულად „ელ გიბ-ბორ“) და არა „ყოვლისშემძლე ღმერთი“ („ელ-შადაი“, როგორც ეს მოხსენიებულია დაბადების 17:1-სა და 35:11-ში, გამოსვლის 6:3-სა და ეზეკიელის 10:5-ში).

 ბიბლია მხარს არ უჭერს პოლითეიზმის მოძღვრებას. იესო ქრისტემ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:10). ბიბლიაში ნათქვამია: «მიუხედავად იმისა, რომ არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე, რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“,  ჩვენ გვყავს ერთი ღმერთი, მამა, რომლისგანაცაა ყოველივე და ჩვენც მისთვის ვარსებობთ, და გვყავს ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვარსებობთ» (1 კორინთელები 8:5, 6).

იოანეს 1:1 ბიბლიის სხვა თარგმანებში

 „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა “ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

 „დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნები“).

a The Translator’s New Testament, გვერდი 451.

b რელიგიათმცოდნე ჯეისონ დეივიდ ბედუნი აღნიშნავს, რომ განსაზღვრული არტიკლის არგამოყენება სრულიად უცვლის სიტყვა „ღმერთს“ მნიშვნელობას. შემდეგ ბედუნი დასძენს: «იოანეს 1:1-ში „სიტყვა“ არ არის ერთადერთი ღმერთი, არამედ ღვთაებრივი პიროვნებაა» (Truth in Translation: Accuracy and Bias in English Translations of the New Testament, გვერდები 115, 122 და123).

c „იეჰოვა“ არის ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).